პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი მეგი საჯაია.
ეკრანზე დამოკიდებულება თანამედროვე მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. გვესაუბრეთ, რა შედეგებს იწვევს ეკრანის ხშირი მოხმარება ადრეულ ასაკში, როგორ ვებრძოლოთ ეკრანდამოკიდებულებას და როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ეკრანდამოკიდებულების გადალახვაში?
ეკრანდამოკიდებულება ნამდვილად დიდი პრობლემაა და ის შეიძლება დაიწყოს ჩვილობიდან, როდესაც თვეების ასაკის ბავშვებს ხშირად აყურებინებენ ეკრანს. თითქოს ეს ხდება იმისთვის, რომ დამშვიდდეს, უყუროს მულტფილმებს, ისწავლოს რაღაც. სამწუხაროდ, არასწორია ეკრანის ასე აღქმა. მოწოდებულია, რომ 18 თვემდე ასაკში, 0 წუთი უნდა იყოს ეკრანთან გატარებული დრო ბავშვისთვის. 18 თვის შემდეგ ორ წლამდე 10 წუთი და ორიდან 3-5 წლამდე მაქსიმუმ ერთი საათი დღის განმავლობაში. მცირე ასაკის ბავშვის გონება არ არის მზად იმისათვის, რომ ზუსტად ის ინფორმაცია გამოიტანოს ეკრანიდან, რასაც იმ კონკრეტულ მომენტში უყურებს, თუნდაც მულტფილმის შინაარსი. თვეების ბავშვის გონება ნამდვილად არ არის მზად ამისთვის.
რა შედეგებს იწვევს ეკრანდმოკიდებულება ბავშვებში?
ბავშვები, რომლებიც ბევრ დროს უთმობენ ეკრანს, იმის მაგივრად რომ გავიდნენ ეზოში, ითამაშონ ბავშვებთან, კომუნიკაცია ჰქონდეთ ადამიანებთან – ამ ყველაფერს ანაცვლებენ ეკრანით. ეკრანდამოკიდებულება სოციალურ უნარებს “აღარიბებს”, სოციალური უნარების განვითარებას უშლის ხელს. ასევე ხშირად, ეკრანდამოკიდებულების შედეგია მეტყველების განვითარების შეფერხება და მეტყველების სხვა პრობლემები. ხშირია ძილის არევა, მომატებული შფოთვა, ემოციური დისბალანსი, გართულებული კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან/თანატოლებთან, ილუზორული სამყაროს შექმნა, რომლებიც მიბმულია მთლიანად სოციალურ ქსელებზე/ინტერნეტ სივრცეზე.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ ეკრანდამოკიდებულებას?
სასურველია ახალბედა მშობლებმა არ გამოიყენონ ეკრანი, არ ჩაურთონ, არ ჩართონ ტელეფონი/ტელევიზორი არც კვების დროს ბავშვებთან, არც თამაშის დროს “ბექგრაუნდად”. თვითონაც ნუ იქნებიან როლმოდელები ბავშვისთვის ეკრანის გაჯეტების მოხმარების კუთხით. როცა ბავშვთან თამაშობს მშობელი, ის დრო მთლიანად უნდა ეკუთვნოდეს ბავშვს და სასურველია, ამ დროს მშობელმა არ უნდა გამოიყენოს გაჯეტები. თუ ბავშვი უკვე ეკრანდამოკიდებულია, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ამოვიღოთ ეკრანი ბავშვის ცხოვრებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ. პირველ რიგში ვიწყებთ დროის შემცირებას, პირდაპირ რომ შევზღუდოთ შეიძლება გამოვიწვიოთ სტრესი/შფოთვა, მძიმე აგრესიაც კი. ჩვენ შეგვიძლია გავაფრთხილოთ ბავშვი და ეკრანთან დაჯდომის უფლება მივცეთ შეზღუდულად, პარალელურად უნდა მოვიფიქროთ საინტერესო აქტივობები, რითაც ჩავანაცვლებთ დროს, რომელსაც ის ატარებდა გაჯეტებთან. ეს შეიძლება იყოს სახლის აქტივობები ბავშვის ასაკიდან გამომდინარე. ახლად ფეხადგმული ბავშვების შემთხვევაში – ლეგოები, ფაზლები, ხატვა და ძერწვა და ა.შ. ცოტა უფრო დიდი ბავშვებისთვის შეგვიძლია ისეთი აქტივობები მოვიფიქროთ, რომლებიც მათი ინტერესებიდან გამომდინარეობს. გარდა სახლის აქტივობებისა, მნიშვნელოვანია ეზოს თამაშები, ასაკთან შესაბამისი ფიზიკური დატვირთვა, ბურთით თამაში, საქანელა, სეირნობა და ა.შ. ნელ-ნელა უნდა გავზარდოთ დრო, რომელსაც ბავშვი გაატარებს ეკრანის გარეშე. ამ დროს მშობლებიც არ ვიყენებთ ტელეფონს, არ ვრთავთ ტელევიზორს. თუ ოთახის ცენტრში დგას ტელევიზორი ან კომპიუტერი, სასურველია თვალთახედვის არიდან მოვაცილოთ, რომ ხშირად არ მოხდეს მზერის და ყურადღების ფოკუსირება. შეგვიძლია ყოველი დღე დავგეგმოთ წინასწარ და შევათანხმოთ ბავშვთან, რა აქტივობებს შეასრულებთ იმ დღეს/მომდევნო დღეს, რას ვითამაშებთ, რა ესიამოვნება, რა მოეწონება და ასე ბავშვის ინტერესების/სურვილების გათვალისწინებით დავგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს. ხშირად მშობლები ამბობენ, რომ დრო არ აქვთ, სახლი დასალაგებელია, ჭურჭელი დასარეცხი და ა.შ . ბავშვი 1-2 საათით ეკრანთან რჩება, ზოგჯერ მეტიც. ის მშვიდად და ჩუმად არის. მაგრამ ეს მხოლოდ იმ მომენტში. ეკრანის უკონტროლოდ გამოყენება აუცილებლად მოგვიტანს ცუდ შედეგს. ამიტომ ჯობია, გადავდოთ ეს საქმე, ვინმეს ვთხოვოთ დახმარება, ან თუნდაც ჩავრთოთ ბავშვი სახლის დალაგებაში, საჭმლის მომზადებაში. ერთგვარ აქტივობად შესთავაზოთ მსგავსი საქმიანობა. შეიძლება რაღაცები კარგად ვერ გამოუვიდეს და არც გამოუვა, მაგრამ მისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო პროცესი, ვიდრე ცალკე იჯდეს და მთელი დღის განმავლობაში იყოს ეკრანთან.
რას სწავლობს ბავშვი ეკრანთან?
3-4 წლის ბავშვმა რომ ეკრანიდან ისწავლოს ინგლისური, რიცხვები და ფერები, ამაში სასიხარულო არაფერია. რა თქმა უნდა, მას ძალიან ადვილად შეუძლია სწავლა, რადგან ყველაფერი ესმის. უბრალოდ, ეს ხდება წარმოსახვითი უნარების, ანალიზის, აღქმის, ფიქრი, შეფერხების ხარჯზე. როდესაც ბავშვს ვასწავლით პირისპირ, პირობითად ვაჩვენებთ ყვითელ მანქანას, წითელ ვაშლს , მწვანე ფოთოლს და ა.შ. ამ დროს მიმდინარეობს რამდენიმე პროცესი, ვითარდება ბავშვის წარმოსახვა, ის ფიქრობს, თვითონ ეცნობა საგნებს, სამყაროს, ეხება მათ, გამოცდის სენსორულ შეგრძნებებს, ივითარებს ვიზუალურ მეხსიერებას, ეცნობა, ყნოსავს, იმახსოვრებს და ა.შ. ეკრანთან ყოფნისას არ უწევს ამაზე ფიქრი, არ უწევს გონებას ძალა დაატანოს, ნებისმიერი რამ ეძლევა როგორც უკვე არსებული მოცემულობა. შევთანხმდეთ, რომ არაფერი კარგი, მცირე ასაკში ეკრანიდან სწავლას არ მოაქვს.