როგორ დავეხმაროთ ბავშვებს კონფლიქტების გადაჭრაში ადრეული ასაკიდან? – ინტერვიუ სპეციალისტთან
პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი.
ბავშვთა ასაკს ახასიათებს კონფლიქტები, რომლის არშემჩნევა შესაძლოა მრავალი მიზეზის წინაპირობა გახდეს. როდიდან შეიძლება დავიწყოთ კონფლიქტების მართვაზე მუშაობა ბავშვებთან?
სამწუხაროდ, კონფლიქტები ადამიანის სოციალური ცხოვრების ყოველი ეტაპის თანმდევია, მათი მართვის უნარების დასწავლა კი უმჯობესია ადრეულ ასაკშივე დავიწყოთ, რაც დაეხმარება ბავშვს ჯანსაღი და ეფექტური სოციალური უნარების შემუშავებაში.
კონფლიქტის მართვაზე მუშაობის დაწყება 3-4 წლის ასაკში შეგიძლიათ. სამი წლისთვის ბავშვს ესმის ერთობლივი თამაშის მარტივი წესები და იწყებს საკუთარი ემოციების გაგებას, თუმცა, გაზიარების კონცეფცია მისთვის ჯერ კიდევ სირთულეს წარმოადგენს, რასაც შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, კონფლიქტი ბაღში სასურველი სათამაშოს გამო. სამი წლის ასაკი ასევე კრიზისული პერიოდია იმ გაგებითაც, რომ ბავშვს უჩნდება ავტონომიურობის, დამოუკიდებლობის სურვილი, რაც ხშირად იწვევს ქცევის ცვლილებას და უფრო მოწყვლადს ხდის ბავშვს კონფლიქტების მიმართ.
4 წლისთვის ბავშვს უკეთ შეუძლია კონსტრუქციული წესების მიყოლა (მაგ. რიგის და ჯერის დაცვა) და უფრო მოქნილია პრობლემის გადაჭრაში და თანატოლებთან კომუნიკაციაში, ამ დროისთვის ისინი თავადაც პოულობენ კონფლიქტის მოგვარების მარტივ გზებს ერთობლივი თამაშის გასაგრძელებლად.
როგორ დავეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში და რა მეთოდები გამოვიყენოთ?
პირველი ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, არის ბავშვის ემოციები და მისი უნარი, აღიქვას, დაასახელოს და გადაამუშაოს ისინი. ემოციურ რეგულაციაზე და სხვების ემოციების აღქმაზე/სწორ ინტერპრეტაციაზე ადრეული ასაკიდან მუშაობა ეხმარება ბავშვს კონფლიქტების მართვის სტრატეგიების დასწავლაში და მყარ საფუძველს ქმნის მომავალში ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
მშობელს ხშირად ეძლევა ემოციურ სფეროზე მუშაობის შესაძლებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში – შეგიძლიათ ზღაპრის კითხვისას/ანიმაციური ფილმის ყურებისას პერსონაჟების ემოციების გახმოვანება, ხშირად ჰკითხოთ ბავშვს როგორ გრძნობს თავს და დაეხმაროთ სწორი სიტყვების შერჩევაში, ესაუბროთ საკუთარ ემოციებზე კონკრეტულ სიტუაციებში.
სხვადასხვა აქტივობების და დამხმარე მასალის გამოყენება კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ დავეხმაროთ ბავშვებს ემოციების გაგებასა და მართვაში.
- ბავშვისთვის გამოსაჩენ ადგილას მოათავსეთ ემოციების ამსახველი ვიზუალური მასალა (მაგ. „სმაილების“ მაგნიტები მაცივარზე, თავისივე სურათები პატარა დაფაზე) და დღის მანძილზე სთხოვეთ აირჩიოს ემოცია, რომელიც საუკეთესოდ აღწერს მის მდგომარეობას.
- იმავე ფორმით შეგიძლიათ მოამზადოთ დამშვიდების გზების ამსახველი ვიზუალური მასალა (მაგ. მშვიდი სუნთქვა, ათამდე დათვლა). სასურველია, მაშინ როდესაც ბავშვს აქვს ნეგატიური ემოციები და უჭირს დამშვიდება, მიუთითოთ ვიზუალურ მასალაზე და შესთავაზოთ დახმარება. მაგალითად: „ვხედავ, გაბრაზდი და ტირი, გინდა ათამდე დავითვალოთ და დავმშვიდდეთ?“
ბავშვისთვის გამოსაჩენ ადგილას მოათავსეთ ემოციების ამსახველი ვიზუალური მასალა (მაგ. „სმაილების“ მაგნიტები მაცივარზე, თავისივე სურათები პატარა დაფაზე) და დღის მანძილზე თხოვეთ აირჩიოს ემოცია, რომელიც საუკეთესოდ აღწერს მის მდგომარეობას.
იმავე ფორმით შეგიძლიათ მოამზადოთ დამშვიდების გზების ამსახველი ვიზუალური მასალა (მაგ. მშვიდი სუნთქვა, ათამდე დათვლა). სასურველია, მაშინ როდესაც ბავშვს აქვს ნეგატიური ემოციები და უჭირს დამშვიდება, მიუთითოთ ვიზუალურ მასალაზე და შესთავაზოთ დახმარება. მაგალითად: „ვხედავ, გაბრაზდი და ტირი, გინდა ათამდე დავითვალოთ და დავმშვიდდეთ?“
ემოციური სფეროს რეგულაციის გარდა, იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს კონფლიქტის მართვა გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- დაგეგმეთ აქტივობები თანატოლებთან ერთად, კონტროლირებად გარემოში. თანატოლებთან თამაში ბავშვს შესაძლებლობას აძლევს გაივარჯიშოს სხვადასხვა სოციალური უნარები და დაისწავლოს პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზები. კონტროლირებადი გარემო გულისხმობს აქტივობების, რესურსების და სათამაშოების სწორად შერჩევას – მაგალითად, აქვთ ბავშვებს საკმარისი რესურსი, რომ შეძლონ მათი კონფლიქტის გარეშე გაზიარება? თამაშები, რომლებსაც სთავაზობენ მოითხოვს მათგან თანამშრომლობას, რიგის დაცვას, კომუნიკაციას?
- შესთავაზეთ ბავშვს არჩევანი. კონკრეტული ალტერნატივების შეთავაზება განსაკუთრებით ეფექტურია მცირე ასაკში, რადგანაც ბავშვს ჯერ ნაკლებად აქვს უნარები და გამოცდილება, გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციებს – მაგალითად, „იმის გამო, რომ ტირი სათამაშოს ვერ მოგცემ – შეგიძლია თითით მაჩვენო, ან მითხრა რა გინდა“; „მაღაზიაში ახლა ვერ შევალთ – შეგვიძლია სახლში გამოვაცხოთ ტკბილეული, ან დილით შევიაროთ“.
- შეცვალეთ მიდგომა ბავშვის ასაკისა და საჭიროების შესაბამისად. მაგალითად, ბავშვების ზრდასთან ერთად მითითებები ჩაანაცვლეთ კითხვებით, მეტი საშუალება მიეცით მათ, თავად შემოგთავაზოთ პრობლემის გადაჭრის გზები, მოუსმინეთ მათ აზრებს და არ უგულებელყოთ მათი ემოციები, მაშინაც კი, თუ ისინი მოცემული სიტუაციისთვის ეფექტური არ არის.
- მიეცით ბავშვს უკუკავშირი. ეცადეთ, ბავშვს მუდმივად ჰქონდეს უკუკავშირი თავისი ქცევისთვის – შეაქეთ, თუ შეძლებს კონფლიქტის გადაჭრას, თუნდაც დახმარებით. შენიშვნის შემთხვევაში, ყოველთვის გააკეთეთ კომენტარი ქცევაზე და არა პიროვნებაზე – მაგალითად, „ცუდი გოგო ხარ, რადგან მეგობარს სათამაშო წაართვი“ ცუდ კვალს ტოვებს ბავშვის თვითშეფასებაზე და შეიძლება შფოთვის წყაროდ იქცეს; „სათამაშოები საერთოა, ამიტომ ისინი უნდა გავინაწილოთ, გინდა მეგობარს შეუთანხმდე, შემდეგში ვინ დაიწყებს თამაშს?“ – ეცადეთ, ბავშვისთვის გასაგები იყოს რას მოითხოვენ მისგან, შესთავაზოთ სასურველი ქცევის ალტერნატივა და აუცილებლად შეაქეთ მცდელობებისთვისაც კი.
დაბოლოს, ყველაზე ეფექტური, რაც შეიძლება მშობელმა გააკეთოს არის საკუთარი ქცევით მაგალითის შექმნა – ბავშვები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ მიბაძვით, მოდელირებით, განსაკუთრებით, მათ უშუალო გარემოცვაში მყოფი ადამიანებისგან. ეცადეთ კონფლიქტურ სიტუაციებში, რომელთა მომსწრეც შეიძლება ბავშვი გახდეს შეინარჩუნოთ სიმშვიდე, აღუწეროთ და გაუხმოვანოთ ბავშვს თქვენი ემოციები და მისთვის გასაგები ლექსიკით აუხსნათ პრობლემა და გადაჭრის გზები.