Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე.

მეგობრული კავშირები და სოციალური ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, ასევე არიან ბავშვებიც. როგორ დავეხმაროთ მათ დაამყარონ მეგობრული კავშირები თავიანთ თანატოლებთან და გაიჩინონ უფრო მეტი მეგობრები?

ალბათ, არ არსებობს მშობელი, რომელსაც არ სურს მის შვილს მეგობრები ჰყავდეს და ყველასთან მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. თუმცა, არსებობენ ბავშვები, რომელთაც უჭირთ მეგობრების შეძენა. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, ჩაკეტილობა, აგრესიულობა, ლიდერობის გამძაფრებული მოთხოვნილება, არამეგობრული ოჯახური გარემო და ა. შ.

იმისთვის, რომ ბავშვს ხელი შევუწყოთ სოციალური უნარების განვითარებაში, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიყოთ ამის კარგი მაგალითი.  მშობელი, რომელსაც მეგობრები არ ჰყავს და უჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია, ვერ დაასწავლის შვილს, როგორ დაამყაროს სხვა ადამიანებთან კონტაქტი. შესაბამისად, პირველ რიგში საკუთარ მაგალითს უნდა დავაკვირდეთ და თუ რამეა გამოსასწორებელი, ამაზე ვიმუშაოთ.

ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვს განვუვითაროთ ემოციური ინტელექტი. ეს უკანასკნელი არის ის, რისი მეშვეობითაც ადამიანს აქვს უნარი შეძლოს ამოიცნოს საკუთარი ემოციები და ასევე შეძლოს, გაიაზროს სხვათა გრძნობები. კვლევებით დადასტურდა, რომ ადამიანის ბედნიერებაში და კარიერულ წარმატებაში IQ-ზე ბევრად მნიშვნელოვანია სწორედ EQ ანუ ემოციური ინტელექტი. ბავშვი, რომელსაც იგი კარგად აქვს განვითარებული, ადვილად ამყარებს სხვა ადამიანებთან კონტაქტს და რაც მთავარია, აქვს ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობები. 

სოციალური უნარების დაქვეითებაში დიდ როლს თამაშობს ეკრანზე დამოკიდებულებაც. ლოგიკურია, ბავშვი ვერ სწავლობს თანატოლებთან ცოცხალ, ნამდვილ ურთიერთობას. ამიტომ, ყოველდღიურად, საღამოობით ოჯახმა მოაწყვეთ საუბრის საათი, სადაც ერთმანეთს გამოჰკითხავთ იმ დღის ამბებს, გაცვლით აზრებს ერთმანეთში… ასევე კარგია სამაგიდო თამაშებიც.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5