Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმასდედამ იცისესაუბრება ფსიქოკონსულტანტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი თათული ბაკურაძე.

მეტყველება კომუნიკაციის პირველადი, თუმცა, არა ერთადერთი, ფორმაა, რისი საშუალებითაც ადამიანები აწარმოებენ და ინარჩუნებენ სოციალურ ურთიერთობებს, გამოხატავენ საკუთარ აზრებს, სურვილებს და განცდებს. ბავშვის ენობრივი უნარები ვითარდება, უმჯობესდება და ასაკის მატებასთან ერთად უფრო დახვეწილი ხდება მათი მეტყველება ანუ წარმოთქმა და აღქმა-გაგების უნარიც. თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია  თანდაყოლილი ენობრივი უნარი, რაც ენის დაუფლებაში გვიწყობს ხელს. ბავშვები ამ უნარს ივითარებენ სხვასთან ყოველდღიური კომუნიკაციის პროცესში, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფროსები მათი ენის განვითარების როლური მოდელები არიან. თუმცა არსებობენ ბავშვები, რომლებიც ამ თანდაყოლილი ენობრივი უნარების განვითარებას ვერ ახერხებენ და სხვებთან კომუნიკაციაც მეტყველების საშუალებით არ შეუძლიათ, ამგვარი შემთხვევებისთვის არსებობს ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესში სპეციალისტის დროული ჩართვა დაეხმარებათ მათ განივითარონ ენობრივი უნარები, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული როგორც მეტყველების სახით, ასევე სხვა ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებით, როგორიცაა: ჟესტური ენა, სიმბოლოები, ბარათებით კომუნიკაცია და ა.შ. თანამედროვე კვლევები ადასტურებენ, რომ ალტერნატიული კომუნიკაციების საშუალების დროული ჩართვა ხელს უწყობს ბავშვების ემოციური სფეროს, კოგნიტური, კომუნიკაციური, ლინგვისტური თუ ქცევითი უნარების განვითარებას. 

იმისათვის, რომ დროულად ამოვიცნოთ ენობრივი უნარების დარღვევები, საჭიროა თვალყური ვადევნოთ ბავშვის ენობრივ განვითარებას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ასაკში რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვის ენის აღქმის და პროდუცირების უნარი.

ბავშვის ენობრივი განვითარება იწყება მისი დაბადებისთანავე (0-3 თვე), ის რეაგირებს ხმამაღალ ხმაურზე, ავლენს რეაქციებს, როდესაც ელაპარაკებიან, იცინის ან ტირის, ანელებს ან აძლიერებს წოვას ხმაურზე, გამოხატავს ემოციებს, გამოსცემს ბგერებს, რასაც ღუღუნს ვეძახით, აყოლებს თვალს სხვადასხვა მოძრავ საგანს, იხედება ხმაურის მიმართულებით (4-6 თვე), იწყებს ხმაურს თქვენი ყურადღების მისაქცევად, ასაკის მატებასთან ერთად მისი ღუღუნი ემსგავსება ტიტინს, ხოლო ტიტინი კი – სამეტყველო ბგერებს, იწყებს ხითხითს, ცნობს ძალიან ახლობელი ადამიანების ხმას, ნელ-ნელა იწყებს ხშირად გამეორებული სიტყვების მნიშვნელობის აღქმას (7-12 თვე),  ჭიტას თამაშს, მზერითი კონტაქტის საშუალებით ცდილობს კომუნიკაციის დამყარებას, ცნობს ყოველდღიურ საგნებს, იმატებს ჟესტების რაოდენობა კომუნიკაციის მიზნით (ხელების მაღლა აწევა – ხელში აყვანის მიზნით, თვალებზე ხელის აფარება – დამალვის მიზნით), აქვს ბგერების როგორც მოკლე, ისე გრძელი ჯგუფი,  შეუძლია ჟესტებით მარტივი ინსტრუქციების შესრულება (დაემშვიდობე – ხელის დაქნევა, დაუკარი ტაში, გამომიგზავნე კოცნა და. ა.შ.), აღიქვამს მარტივ, ხშირად გამოყენებულ, სიტყვებს (ნახვამდის, კი, არა). ერთი წლის ასაკში აქვს სიტყვების გარკვეული რაოდენობა მარაგში, თუმცა შესაძლოა ეს სიტყვები კარგად გარჩევადი არ იყოს. (12-24 თვე) ცნობს სხეულის ნაწილებს და მიუთითებს მათზე, ასრულებს და ესმის მარტივი შეკითხვები და მითითებები, მისი ლექსიკური მარაგი ნელ-ნელა მრავალფეროვანი ხდება და გასაგები ხდება ოჯახის წევრებისთვის, ინტერესდება ილუსტრირებული წიგნებით და უთითებს მასში არსებულ საგნებზე, ისმენს მოკლე მარტივ ზღაპრებს, მოსწონს საბავშვო ლექსები და სიმღერები, სვამს შეკითხვებს, ნელ-ნელა გადადის წინადადებებით საუბარზე. (24-36 თვე) ესმის საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები (დიდი-პატარა), შეუძლია შეასრულოს ორმოქმედებიანი მითითებები (აიღე და შეინახე), შეუძლია საგნის არჩევა მისი ფუნქციური დატვირთვის მიხედვით – რაზე გვძინავს? რით ვჭამთ?, შეუძლია ადგილის გარემოების აღმნიშვნელი სიტყვების აღქმა და გაგება (ქვეშ, ზე, წინ, უკან), არის ძალიან კომუნიკაბელური, მოსწონს ბავშვებთან თამაში, მისი საუბარი თითქმის ყოველთვის გასაგებია ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, იყენებს წინადადების წარმოებისთვის 2-ზე მეტ სიტყვას. აქვს 200-ზე მეტი სიტყვა ლექსიკურ მარაგში და საგნებს მისი დასახელებით ითხოვს. (3-4 წელი) ენას იყენებს არა მხოლოდ სხვებისთვის გაზიარების მიზნით, არამედ საუბრისთვის, ჰყვება, რა გადახდა თავს ბაღში ან ეზოში, სალაპარაკო ენას იყენებს სხვადასხვა ფუნქციისთვის: შეკითხვის დასმა, ინფორმაციის გაგება და გაცემა, აღწერა, ამბის თხრობა, პროტესტი და ა.შ. შეუძლია წარსულ და მომავალ დროში დასმული შეკითხვების გაგება (რა ჭამე ბარში?  რა გინდა, რომ მოგიტანო?), იყენებს მრავლობით რიცხვს, თუმცა მისი საუბარი გრამატიკულად ბოლომდე გამართული მაინც არ არის. (4-5 წელი) მისი საუბარი გასაგებია ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამიანებისთვისაც, მოსწონს როლური თამაშები, შეუძლია თვითონ აირჩიოს პარტნიორი, მოუსმინოს ისტორიას, მოჰყვეს ის და უპასუხოს ამ ისტორიის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს. მისი მეტყველება უფრო მეტად გამართულია, თუმცა შესაძლოა იყოს ზოგიერთი ბგერის მოუმწიფებლობა. შეუძლია გაიგოს ინსტრუქცია მოქმედების შეწყვეტის გარეშე.  5 წლის შემდეგ ბავშვი კონცენტრირდება ერთ რამეზე უფრო დიდხანს, აღიქვამს სარკაზმს, იგებს აბსტრაქტული ცნებების მნიშვნელობას, შეუძლია დასკვნების გაკეთება, ესმის იუმორი და ხატოვანი ენა, მას აქვს კარგად განვითარებული მეტყველება, მრავალფეროვანი ლექსიკა და საუბრობს კარგად ჩამოყალიბებული წინადადებებით. 

პრევენციის რა გზები არსებობს ენობრივი უნარების განვითარების დარღვევების თავიდან ასაცილებლად და როგორ დავეხმაროთ ბავშვს ენობრივი უნარების განვითარებაში

მაშინ, როდესაც მშობელი უკვე ინფორმირებულია ბავშვის ენობრივი განვითარების ასაკობრივ ნორმებთან დაკავშირებით, მისთვის უკვე მარტივია დროულად შეამჩნიოს სირთულე და იზრუნოს მის აღმოფხვრაზე, მიმართოს სპეციალისტს და თავადაც ჩაერთოს პროცესში, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები გავცემთ, რაც მდგომარეობს შემდეგში: მნიშვნელოვანია, რომ დრო, რომელსაც ბავშვთან ატარებთ, აქციოთ კომუნიკაციის საშუალებად, ეთამაშოთ მას და თამაშის დროს გამოხატოთ ემოციები, გაახმოვანოთ საგნები და მოქმედებები, რასაც ხედავთ ან ახორციელებთ, ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ხალისიანად გაატაროთ დღე მათთან ერთად, ერთად დაათვალიეროთ ილუსტრირებული წიგნები და შეეცადოთ თქვენი ინტერპრეტაციებით აღწეროთ ის, რასაც წიგნში ხედავთ; მოიფიქროთ ერთად სახალისო ისტორიები, ერთად უყუროთ განმავითარებელ თუ ზღაპრულ მულტიპლიკაციებს და პარალელურად აღწეროთ იქ მიმდინარე მოქმედებები, შეეცადეთ მისცეთ ბავშვს საშუალება დამოუკიდებლად აკეთოს მისთვის სასურველი და საინტერესო აქტივობები და ამავდროულად იზრუნოთ მის უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭირეთ მას და მოიპოვეთ მისი ნდობა, გამოხატეთ სითბო და სიყვარული, მიეცით საშუალება იყოს ინიციატორი და არ გააკრიტიკოთ დაშვებული შეცდომებისთვის, პირიქით დაეხმარეთ მოძებნოს გზა როგორ გამოასწოროს შეცდომა და მიაღწიოს სასურველ შედეგს. ბავშვთან ურთიერთობის დროს ნუ იქნებით მასწავლებლის როლში, იყავით მისი პარტნიორი და მეგობარი, რომელიც დაეხმარება უფრო სახალისო, მრავალფეროვანი, საინტერესო და განმავითარებელი იყოს მისი თამაში. ამგვარი ურთიერთობის სტილი დაეხმარება თქვენს შვილს გააუმჯობესოს საკუთარი ენობრივი უნარ-ჩვევები.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5