პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.
შფოთვა სასწავლო პროცესში წარმატების აუცილებელ პირობასაც წარმოადგენს, მაგრამ მას ნეგატიური გავლენაც შეუძლია მოახდინოს მოსწავლის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. გვესაუბრეთ როგორი უნდა იყოს მხარდამჭერი გარემო მოსწავლისთვის, როდესაც სკოლაში სირთულეები იჩენს თავს?
იმისათვის, რომ ბავშვი წარმატებით ადაპტირდეს სკოლაში, გარემო უნდა იყოს მხარდამჭერი, ბავშვის შესაძლებლობებზე ორიენტირებული, შეცდომა თუ დავალების წარმატებით ვერ შესრულება მოსწავლისთვის არ უნდა აღიქმებოდეს როგორც განაჩენი. გარემოში, სადაც ჭარბობს კრიტიკა, დასჯის შიში, შედარებითი დამოკიდებულება, მოსწავლე ფსიქოლოგიურ წნეხში ექცევა და ეს აისახება კოგნიტურ, ემოციურ სფეროზეც. ოჯახსა და სკოლას ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ოჯახში, სადაც კიცხავენ მოზარდს, მის რესურსებს სათანადოდ არ აფასებენ და მოთხოვნები სცდება რეალურ შესაძლებლობებს, ბავშვი ემოციურად ითრგუნება. ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები, რომელიც გამოიხატება ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სიმპტომებით. ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს უმადობა, უმიზეზო თავის, მუცლისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე, მოთენთილობა, შესაძლოა იღლებოდეს სწრაფად, უჭირდეს ყურადღების ფოკუსირება კონკრეტულ საკითხზე და მასალის ათვისება. ასეთ მდგომარეობაში ხშირად იცვლება ბავშვის გუნება-განწყობა, აგრესიულობა და გაღიზიანებადობა იმატებს, მდგომარეობა შესაძლოა გამოხატული იყოს მორცხვობით, თანატოლებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობით, თავდაჯერებულობის ნაკლებობით, რომელიც იწვევს გადაჭარბებულ შფოთვას სასკოლო საკითხებზე, ურთიერთობებსა და აქტივობებზე, ასეთ დროს ბავშვები ხშირად სვამენ განმეორებით კითხვებს და აქვთ მოთხოვნილება პასუხების მიღებისა, რათა მათი თვითშეფასება ცოტათი მაინც გაიზარდოს. უკიდურეს შემთხვევაში ბავშვმა შესაძლოა უარი განაცხადოს სკოლაში სიარულზე და სკოლაში წასვლის წინ უვლინდებოდეს სომატური სიმპტომები.
რეკომენდაციები მშობლებისთვის:
- ჯანსაღ ფსიქოლოგიურ კლიმატზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია მშობლები ფოკუსირებულნი იყვნენ ბავშვის ემოციურ უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე. რაზეც ზრუნვა შეგვიძლია მაშინ, როდესაც ვინტერესდებით მათი ემოციებით, განცდებით, აქტუალური საკითხებით, შეხედულებებით;
- მშობელი უნდა იყოს ბავშვის მსმენელი. დროის სიმცირის გამო ხშირად მშობელი შემოიფარგლება ფორმალური საკითხებით, ამ დროს არის საფრთხე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები გამოგვრჩეს ბავშვის სასკოლო ცხოვრებიდან. გარდა იმისა, რომ სკოლაში ბავშვი უამრავ ახალ ინფორმაციას ეუფლება, ის ვითარდება სოციალური მიმართულებით, სწავლობს ურთიერთობების დამყარებას და ზოგისთვის ეს პროცესი სულაც არ არის მარტივი;
- მოსწავლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია სწორი დღის რეჟიმის დაცვა, რომელიც არ უნდა გამორიცხავდეს ბავშვისთვის თავისუფალი დროის არსებობას, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ცხადია, ამ საკითხზე მხოლოდ მშობელი ვერ იზრუნებს. აუცილებელია, სკოლამ გაითვალისწინოს ბავშვის ასაკობრივი შესაძლებლობები და ამის მიხედვით განსაზღვროს მიცემული საშინაო დავალებების რაოდენობა. ხშირად ბავშვის რესურსებს აღემატება სამეცადინო მასალა, შედეგად იგი იფიტება, იღლება და მოტივაცია უქვეითდება. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე;
- მიენდეთ თქვენს შვილს, დაეხმარეთ აღმოაჩინოს თუ რისი ინტერესი აქვს და რა საქმიანობა ანიჭებს სიხარულის ემოციას;
- გახსოვდეთ, წარმატებას უმეტესწილად განსაზღვრავს ემოციური სტაბილურობა.