გვესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.
რა განცდაა სირცხვილი ბავშვისთვის, რა ასაკიდან იჩენს თავს და რა ზეგავლენას ახდენს სირცხვილის მძაფრი განცდა ბავშვებზე?
სირცხვილი ეს გახლავთ მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოცია, რომელიც 2 წლის ასაკიდან იჩენს თავს. სირცხვილის ემოცია მე-ს განცდის გამძაფრებას ახდენს და მისი ინტენსიური ზემოქმედება ბავშვის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას ზიანს აყენებს. როდესაც მცირეწლოვანი განიცდის უხერხულობას, მას საკუთარი ქცევისადმი უჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება და შესაბამისად დისტანცირდება სიტუაციისაგან. 18-24 თვის ასაკის ბავშვები სირცხვილისას თვალებზე ხელს იფარებენ, დედის კალთას ეფარებიან, თავს ხრიან თითქოს ცდილობენ გახდნენ უჩინარნი. როდის უნდა გაუჩნდეს მცირეწლოვანს სირცხვილის ემოცია ამას, როგორც წესი განაპირობებს კულტურა. მაგალითად: ადრეული ასაკიდან ჩვენ პატარებს ვეუბნებით ,,ნუ ყვირი, სირცხვილია’’ ,,ნუ ტირი სირცხვილია, დაგცინებენ’’ ,,აქ ასე არ იქცევიან, ეს სირცხვილია’’ და სხვა მრავალი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. კოლექტივისტურ ქვეყნებში სირცხვილზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, მუდამ უნდა გაითვალისწინო სხვა ადამიანები, კონტექსტი და ჩაახშო საკუთარი რეალური შეხედულებები, გადაწყვეტილება მიიღო სხვათა კომფორტის შესაბამისად.
როგორ პოზიციონირებს მორცხვი ბავშვი საზოგადოებაში?
მორცხვი ბავშვის ამოცნობა რთული ნამდვილად არაა. ისინი მორიდებულად გამოიყურებიან, მათი სხეული თითქოს დაძაბულია, თვალით კონტაქტს თავს არიდებენ, ცდილობენ ნაკლები ყურადღება მიიქციონ და შეუმჩნევლად დარჩნენ. მდგომარეობა განსაკუთრებით გამოხატულია, თუკი ბავშვი სრულიად უცხო გარემოში, უცნობ ადამიანთა წრეში ხვდება. ისინი ვერ ახერხებენ თვითგამოხატვას, საკუთარი უნარების რეალიზებას, არ არიან ინიციატორები და სხვათა მოთხოვნებს თავიანთ სურვილებს ვერ უპირისპირებენ. ასეთი მოცემულობა ნამდვილად დამთრგუნველია ბავშვისთვის, ეს პირდაპირ ახდენს გავლენას თვითშეფასებაზე.
როგორ აღიქვამს ის საკუთარ თავს ასეთ დროს?
ხშირად არ სჯერათ, რომ რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება შეუძლიათ, თითქოს მათთვის ამ რწმენის გამყარებას გარემოც უწყობს ხელს. ზოგიერთი მშობელი ღირსებად მიიჩნევს შვილის ასეთ მდგომარეობას, ან მოცემულობად, რომელიც გაივლის ასაკის მატებასთან ერთად. ადამიანს აქვს უნარი გაცნობიერების გზით დაძლიოს ესა თუ ის შინაგანი ბარიერი, თუმცა ყველა როდი ახერხებს ამას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ბავშვი იყოს საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, ინიციატორი და ასაკობრივი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიმღები.
მშობლები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ კონკრეტულ ქცევაზე და პიროვნულ ნაწილს არ აფასებენ ბავშვებს ეხმარებიან ცდისა და შეცდომის გზით განვითარდნენ, შეიძინონ ადაპტაციური უნარები და ჰქონდეთ რეალური მოლოდინი, როგორც გარემოსგან ასევე საკუთარი თავისაგან. თუკი წარუმატებელ ქცევას პიროვნულ ტერმინებში შევაფასებთ და ბავშვს შთავაგონებთ, რომ უუნაროა, უჭკუოა, ზარმაცია და ასე შემდეგ ჩვენ ნამდვილად დავარწმუნებთ ამ ყოველივეში და ქცევაც იქნება ისეთი, როგორი წარმოდგენაც ექნებათ საკუთარ თავზე. განერიდებიან რიგ სიტუაციებს, სადაც საკუთარი თავის რეალიზების აუცილებლობა იქნება, თანატოლებთან კომუნიკაციის დამყარება ასევე იქნება სირთულე, ექნებათ შფოთვა სიახლეებისადმი, მათკენ მომართული ყურადღებისადმი, მოჭარბებული მღელვარება მოსალოდნელი შედეგებისადმი. მორცხვი ბავშვები კრიტიკისადმი, წარუმატებლობისადმი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან. არ შეუძლიათ თავდაცვა, წინააღმდეგობის გაწევა, მუდმივად განიცდიან ფსიქოლოგიურ დისკომფორტს.
როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს?
დავანახოთ ბავშვს კეთილგანწყობა და მიმღებლობა;
ვესაუბროთ ჩვენს მაგალითებზე ან სხვათა გამოცდილებაზე, დავანახოთ, რომ ყველა ვუშვებთ შეცდომას და ეს ბუნებრივია, განვითარებისთვის აუცილებელიც კია;
ნაკლები აქცენტი გავაკეთოთ მის პასიურობაზე, ირიბი გზებით წავახალისოთ მასში გამბედაობა;
მივცეთ ინდივიდუალური დრო, ნუ ავაჩქარებთ, ნუ დავუწესებთ ისეთ მოთხოვნებს, რომლებსაც იმ კონკრეტულ ვითარებაში ვერ უპასუხებს;
როდესაც ახალ გარემოში დავაპირებთ წასვლას, წინასწარ მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა სიტუაცია იქნება იქ, რას გავაკეთებთ და ასე შემდეგ.