პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება აკადემიური უნარების თერაპევტი, ბაღის, სკოლის, პროფესიული სასწავლებლის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და სპეციალური განათლების პედაგოგი თინანო დობორჯგინიძე.
პირველ კლასში შესვლა ყველა ბავშვისთვის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, შესაბამისად, ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგიური და აკადემიური მზაობა. როგორ დავეხმაროთ მას სირთულეების გადალახვაში?
ყველა პირველკლასელისთვის სკოლაში შესვლა დაკავშირებულია გარკვეულ სტრესთან, რომელიც ბუნებრივია და აუცილებლად უნდა განიცადოს. თუ ატყობთ, რომ ბავშვი განსაკუთრებით ნერვიულობს და შფოთავს სკოლაში წასვლის გამო, ამისთვის გამოყავით დრო, აჩვენეთ სკოლის შენობა, შეიყვანეთ საკლასო ოთახში, სადაც ის შეძლებს შეეხოს თავის მერხს, სკამს, დაფას, ცარცს და მიახლოებით განიცდის წინასწარ იმას, რაც დახვდება სკოლაში . შესაძლებელია, ამის შედეგადაც ჰქონდეს შფოთვა, ამიტომ აუცილებლად საჭიროა მშობლის მხარდაჭერა: “მესმის, რომ შენთვის რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ მე შენთან ვარ. შენ რომ საკლასო ოთახში შეხვალ, მე აქვე ეზოში ვიქნები და დაგელოდები, როდის გამიზიარებ შენს შთაბეჭდილებებს“ ან „მე მჯერა, რომ შენ ამას შეძლებ.“ ეცადეთ, რომ საუბარი იყოს მსგავსი მიმართულების და არა დაშინება ან მოქრთამვა. თუ თქვენ ბავშვს დაჰპირდებით საჩუქარს და ეტყვით: “თუ წახვალ სკოლაში, მე შენ სათამაშოს გიყიდი”, – ეს იქნება ბავშვის უპირობოდ მოქრთამვა, რის შედეგადაც ბავშვი ყოველ სკოლაში წასვლაზე მოითხოვს საჩუქარს და შემდგომ ეს გადაიზრდება რთულ ქცევაში, რომელზეც დამატებით მოგიწევთ მუშაობა.
ამიტომ ჯანსაღი კომუნიკაცია ბავშვთან თავიდანვე აუცილებელია. იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ საქმე რთულადაა, ბავშვი ძალიან შფოთავს, ტირის, არც სურს არაფრის გაგონება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს.
ახლა კი, როგორც აკადემიური თერაპევტი, გესაუბრებით აკადემიურ მზაობაზე:
აკადემიურ ანუ სასკოლო უნარებში შედის წერა, კითხვა, ანგარიში და ზეპირმეტყველება.
ამ უნარების წარმატებით ასათვისებლად საჭიროა შემდეგი პრეაკადემიური ანუ წინა სასკოლო უნარები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პირველკლასელი მოწმდებოდეს, თუ როგორი სასკოლო მზაობა აქვთ, რათა ვიცოდეთ როგორ დავეხმაროთ:
კითხვის ჩვევის დაუფლების ძირითად პირობას წარმოადგენს
- ზეპირი მეტყველების ფორმირება;
- ლექსიკური მარაგი;
- გრამატიკული სტრუქტურის ფორმირება;
- ფონემების მსგავსება /ბგერების წარმოთქმა, დიფერენციაცია;
- (სმენითი დისკრიმინაცია მთა-თმა, ბალი-ბარი)
- ფონემატური ანალიზი და სინთეზი;
- სივრცითი წარმოდგენების ფორმირება;
- მხედველობითი ანალიზი და სინთეზი;
- მხედველობითი მეხსიერება;
- ცოდნა იმისა, რომ ნაწერი (გაზეთი, წიგნი, ჟურნალი, ხელნაწერი) ინფორმაციის შემცველია.
წერის პრეაკადემიური უნარები
- ვიზუალურ -სივრცითი აღქმის უნარი;
- წვრილი მოტორიკა;
- თვალისა და ხელის კოორდინაცია;
- მოტორული დაგეგმარება;
- მხედველობითი მეხსიერება;
- მოტორული მეხსიერება (პრაქსისი);
- დასახელებული სიტყვის ბგერითი მხარის ანალიზი და სინთეზი;
- ორივე ხელის ურთიერთშეთანხმებული მოძრაობები;
- დეკოდირება.
ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ კითხვის და წერის უმთავრეს უნარზე – ფონოლოგიურ ცნობიერებაზე.
ფონოლოგიური უნარ-ჩვევები გულისხმობს მოცემულ სიტყვაში მარცვლების, ბგერების ამოცნობას; წინადადებაში სიტყვების ამოცნობას, რამდენ სიტყვიანია წინადადება და რომელია პირველი, მეორე თუ მესამე სიტყვა. ასევე, რომელ ასოზე იწყება მოცემული სიტყვა და რომელ ასოზე მთავრდება, არის თუ არა მოცემულ სიტყვაში დასახელებული ასო და მერამდენეა ის ასო. ეს არის ფონემატური ანალიზი.
დასახელებული ასოებით მაგ. დ ა ფ ა ბავშვმა უნდა გიპასუხოთ – დაფა.
ფონოლოგიური ცნობიერების განვითარება იწყება ფონემატური სმენის განვითარებიდან. ეს არის ბავშვის ზრდის თანმხლები პროცესი.
გთავაზობთ სახალისო სავარჯიშოებს, რომლებიც გამოადგებათ მშობლებსაც და სკოლის პედაგოგებსაც:
მოვასმენინოთ ბავშვს წყლის, მდინარის, ცხოველის, ფრინველის ხმები და ვთხოვოთ გაიმეოროს, რაც გაიგონა. დავუკვირდეთ, რამდენად ზუსტად გაიმეორებს.
თამაშობს 4 ადამიანი, ისინი, რომლებმაც იციან ერთმანეთის სახელები. მაგ. სანდრო, ელენე, თოკო, დემეტრე. მე ვიტყვი მხოლოდ პირველ ასოს ან მარცვალს, მაგ: “თო” ან “თ” ვისი სახელი ჩავიფიქრე? თოკო და ა. შ.
დავდოთ ბარათები, მაგ. ძაღლი, ბურთი, წიგნი, მზე. ბავშვს ვეკითხებით: რომელი სიტყვა იწყება ასო მ-ზე? როდესაც გვიპასუხებს, შეგვიძლია ცოტა გავართულოთ: კიდევ რომელი სიტყვა იწყება ასო მ-ზე?
კლასობანა ყველასთვის საყვარელი თამაშია. მოცემული თამაშის დროს ხდება ფონემის დაკავშირება გრაფემასთან. დავხაზოთ უჯრები, სადაც გაფანტულად დავწერთ ასოებს. მაგალითად, “დაფა”, სხვა ასოებთან ერთად ბავშვმა უნდა იპოვოს სიტყვა “დაფა”. დახატოს თანმიმდევრობით თითოეულ ასოზე ან მონიშნოს ცარცით. ამ შემთხვევაში იგი ახდენს სიტყვის ბგერებად დაშლას ანუ ფონემატურ ანალიზს.
შემდეგი თამაში: ვდგებით ბავშვის მოპირდაპირედ. შუაში დებთ ბურთს და ვამბობთ სიტყვას მაგ: “ჭიქა”, ბავშვმა ბურთამდე უნდა გადმოდგას იმდენი ნაბიჯი, რამდენი ასოცაა სიტყვაში და თან დაასახელოს ასოები თანმიმდევრობით.
თუ ბავშვს უჭირს ფონემის დაკავშირება გრაფემასთან, გამოვიყენოთ მულტისენსორული მიდგომა – გამოვაძერწვინოთ ასოები, ჩავყაროთ მოცულობითი ფორმის ასოები ტომარაში, თვალებდახუჭული ბავშვი ხელის შეხებით უნდა მიხვდეს რა ასოა, აგრეთვე დავდოთ რამდენიმე მოცულობითი ფორმის მისთვის ნაცნობი ასო და თვალებდახუჭულმა უნდა იპოვოს დასახელებული ასო.
თუ თქვენ სწავლების შემდგომ ფიქრობთ, რომ ბავშვს მაინც უჭირს სიტყვის გამთლიანება, აუცილებლად მიმართეთ ნეიროფსიქოლოგს.
პ.ს. ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო, არ დაგავიწყდეთ რომ კლასში სხვადასხვა განვითარების ბავშვები იქნებიან და შესაბამისად ეს კარგად უნდა გვახსოვდეს, ადამიანი მრავალფეროვანია.
გისურვებთ წარმატებებს.
.