Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში ტაბუირებული თემაა და მხოლოდ ისეთ შემთხვევებში რეაგირებს საზოგადოება მასზე, როდესაც რომელიმე შემთხვევა განსაკუთრებით იპყრობს ჩვენს ყურადღებას. როგორ დავეხმაროთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და რა უნდა ვასწავლოთ მათ პრევენციისთვის? ინტერვიუ მომზადებულია GIRLSwave-ის პროექტის საფუძველზე ფსიქოლოგ ელენე ჯაფარიძესთან.  

გამოვყოფდი ორ მიმართულებას, პირველი არის – პრევენციული ხასიათის – ანუ რა ვასწავლოთ ბავშვებს და მეორე – ინტერვენცია  (ჩარევა) – თუ კი გვაქვს ეჭვი სექსუალურ ძალადობაზე, როგორ მოვიქცეთ.

  1. ადრეული ასაკიდან უნდა ვასწავლოთ და ვესაუბროთ ბავშვს  სხეულის ნაწილებზე. ვასწავლოთ სხეულის ნაწილები და განვუმარტოთ, რომ სხეულის ზოგიერთი ნაწილი ძალიან ინტიმური/პირადია;
  • ვასწავლოთ ბავშვს სხეულის საზღვრები – ავუხსნათ,  რომ არავინ უნდა შეეხოს მის ინტიმურ ნაწილებს და არავინ უნდა სთხოვოს, რომ ბავშვი შეეხოს სხვის სხეულის ინტიმურ ნაწილებს. მშობლებს ხშირად გვავიწყდება, რომ  სექსუალური ძალადობა უმეტესად იწყება იმით, რომ მოძალადე ბავშვს სთხოვს შეეხოს მის ინტიმურ ნაწილებს.  
  • ავუხსნათ ბავშვს, რომ სხეულზე შეხება, განსაკუთრებით ინტიმურ ნაწილებზე,  არაა აუცილებელი იყოს მტკივნეული, შესაძლოა სასიამოვნო იყოს, მაგრამ ეს სასიამოვნო შეხებაც არასწორია და არავინ უნდა შეეხოს მას.
  • ავუხსნათ ბავშვს, რომ სხეულთან დაკავშირებული საიდუმლოებები არ არსებობს! – მოძალადეების უმეტესობა ეუბნება ბავშვს, რომ ძალადობა საიდუმლოდ შეინახოს. ეს შეიძლება გაკეთდეს მეგობრულად და მზრუნველობით, მაგალითად: “მე შენ მიყვარხარ და თუ ვინმეს ეტყვი ჩვენი თამაშის შესახებ, ამიკრძალავენ შენთან თამაშს”. ან ეს შეიძლება იყოს მუქარა: „ეს არის ჩვენი საიდუმლო. თუ ვინმეს ეტყვი, არავინ დაგიჯერებს,  მე ვეტყვი, რომ ეს შენი იდეა იყო და იცოდე, მაგრად დაგსჯიან!“ ჩვენ უნდა ვასწავლოთ  ბავშვს, რომ სხეულის შესახებ საიდუმლოებები არ არის ნორმალური და მათ ყოველთვის უნდა თქვან, თუკი ვინმე აიძულებს  სხეულთან დაკავშირებული საიდუმლოს შენახვას.
  • ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება გადაიღოს მისი სხეულის ინტიმური ნაწილების ფოტოები; ან მაგ. ბავშვს სთხოვოს იგივე, ბავშვს სთხოვოს გაშიშვლდეს და ან თავად გაშიშვლდეს ბავშვთან და ა.შ.
  • აგრეთვე მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვს, რომ უფროსს შეუძლია უთხრას “არა”! თუკი რაღაც სიტუაცია არ სიამოვნებს, შეუძლია თქვას “არა”, გაეცალოს  და  მოითხოვოს დახმარება.
  • ვუთხრათ ბავშვს, რომ ის არასოდეს ჩავარდება რთულ სიტუაციაში, თუ  მოგვიყვება სხეულთან დაკავშირებულ საიდუმლოს; შევუქმნათ უსაფრთხოების განცდა, რომ ამის გამო არ დაისჯება.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ბავშვს უნდა განემარტოს, რომ ეს წესები ვრცელდება არა მხოლოდ უცნობებზე, არამედ ნაცნობ ადამიანებზე და აგრეთვე სხვა ბავშვზე;

უნდა გამოვარკვიოთ ეჭვი ბავშვთან საუბრისას და ამის შემდეგ განვაცხადოთ შესაბამის ინსტანციაში

როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს ასეთ დროს?

  • შევარჩიოთ უსაფრთხო ადგილი ყურადღებით და ვაკონტროლოთ ტონი, რომელიც უნდა იყოს  მეგობრული და მშვიდი.
  • ვესაუბროთ ბავშვს პირდაპირ, მისთვის გასაგებ ენაზე, მაგალითად, “ვინმე ხომ არ შეგეხო?”
  • აუცილებლად უნდა მოვერიდოთ განსჯას და ბრალდებებს;
  • ბავშვი იქნება შეშინებული და დაძაბული, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავამშვიდოთ და დავრწმუნდეთ, რომ ის გვენდობა და ხვდება, რომ ჩვენ მისი დახმარების სურვილი გვაქვს. 

როდესაც გადავწყვეტთ, რომ უნდა ჩავრთოთ შესაბამისი ინსტანცია ბავშვის დასახმარებლად, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი არის უსაფრთხო ადგილას და მას არ შეექმნება დამატებითი საფრთხე. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5