“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი თინათინ ქართველიშვილი.
ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა – რას გულისხმობს და რას მოიცავს ეს ცნება?
ფსიქიკური ჯანმრთელობა განიმარტება, როგორც ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა. მდგომარეობა, როცა ბავშვს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ტიპურ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ბაღში ან სკოლაში ფუნქციონირება (თამაში, სწავლა), თანატოლებთან კომუნიკაცია და ემოციური კავშირის დამყარება.
აღზრდის ყოველდღიურ პროცესში რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?
ბავშვისთვის უმთავრესია უსაფრთხო, მის საჭიროებაზე და დახმარებაზე ორიენტირებული გარემო, პროგნოზირებადი და კეთილგანწყობილი. ბავშვი უნდა ენდობოდეს გარემოს, რათა ის პოტენციალი, რომელიც აქვს, ბოლომდე განავითაროს და გამოიყენოს. მნიშვნელოვანია, მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი ემოციური მიჯაჭვულობის არსებობა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვილობაში ვითარდება. მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისას წარმოქმნილი სირთულეები, შესაძლოა, მომავალში ქცევით-ემოციური სირთულეებისა და შემეცნებითი პრობლემების მიზეზი გახდეს. მშობელი უნდა ზრუნავდეს ბავშვის საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და ემოციური კავშირის დამყარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკიდანვე რუტინის შემუშავება, როდის უნდა იკვებოს, როდის და რამდენ ხანს ითამაშოს და როდის დაიძინოს, ყოველი ახალი პროცესის დაწყებისას უნდა მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია: პირობითად, 1 საათი ითამაშებ, შემდეგ დაიძინებ და ა.შ. ბავშვს თავიდანვე უნდა ვცეთ პატივი, როგორც პიროვნებას და წინასწარ ჩავაყენოთ ნებისმიერი ცვლილებების საქმის კურსში, რომლებიც მას ეხება. მაშინ, როცა ადრეულ ასაკშივე ვიწყებთ ბავშვთან ურთიერთობას, როგორც პიროვნებასთან, სუბიექტთან და არა ობიექტთან, ის ასაკის მატებასთან ერთად კვლავ გააგრძელებს მშობელთან ინფორმაციის გაცვლას და პრობლემების, სხვადასხვა ემოციის გაზიარებას. თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ადამიანს საკუთარ თავთან თუ გარშემომყოფებთან მიმართებით, მნიშვნელოვნად განპირობებულია ადრეული ასაკის გამოცდილებებიდან. თუ ზრუნავდნენ ბავშვზე, შიმშილის შემთხვევაში აჭმევდნენ, აძინებდნენ, ეფერებოდნენ, უსმენდნენ, ენდობოდნენ და უპირობოდ უყვარდათ, ის მიიჩნევს, რომ სიყვარულის ღირსია თავადაც და სხვებიც, ენდობა გარემოს და აქვს ადეკვატური თვითშეფასება. მაგრამ თუ ამ ყოველივეს მოკლებული იყო ან შერჩევითად, ხან იღებდა და ხან არა, ბავშვის თვითშეფასება მეტწილად დაბალია, სიყვარულის ობიექტად საკუთარი თავის მიჩნევა უჭირს, ეჭვი ეპარება სხვების მისდამი დადებით დამოკიდებულებაში და გარემო საფრთხისშემცველად ეჩვენება.
რა აზიანებს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და რამდენად მძიმეა ის შედეგები?
როდესაც ბავშვის ბაზისური და ემოციური საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული ან ხან უკმაყოფილდება ხან არა, აღზრდის სტილი არათანმიმდევრულია, ხან თბილად ექცევიან და უხსნიან, ხან ეჩხუბებიან ან ცივად ეპყრობიან. ამასთან საცხოვრებელი ადგილის, ბაღის, სკოლის ან აღმზრდელის ხშირი ცვლა, მშობლებთან ხშირი ან ხანგრძლივი განშორება ბავშვისთვის სტრესულია, გარემო მისთვის არაა პროგნოზირებადი, არ იცის, რას ელოდოს, მაშასადამე, არაა უსაფრთხო. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უმეტესად არ უსმენს შვილს ან თავად არ ეკითხება: „როგორ ჩაიარა დღემ“, „რა სიახლეები აქვს ცხოვრებაში“, „რა აწუხებს“ და ა.შ., არ ამხნევებს, მუდმივად კრიტიკული ან დირექტიულია, ბავშვი თავს არ გრძნობს სასურველად, საჭიროდ, სიყვარულის ობიექტად და შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად, ეს შინაგანი განცდა უფრო იზრდება და ზრდასრულობაში უჭირს საკუთარი თავის სიყვარულის ღირსად ჩათვლა, უჭირს დაჯერება, რომ უპირობო სიყვარულის ღირსია და ამისთვის მუდმივი ბრძოლა ან შენარჩუნება არაა საჭირო. აქედან გამომდინარე ზრდასრულ ასაკში უკვე რთულდება ხანგრძლივი ურთიერთობების შენარჩუნება, სხვების დაჯერება, ეშინია სიყვარულის გაცემისა და ნდობის. ასევე ხშირია კონფლიქტურობა ან პირიქით მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ყოფნა.
როდის შეიძლება საჭიროებდეს ბავშვი სპეციალისტის დაკვირვებას, რა კლინიკური ნიშნებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას სპეციალისტის დახმარება ესაჭიროება?
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი საკუთარ თავში ჩაკეტილია, ძირითადად სევდიანია, გაზიარება, ბოდიშის მოხდა ან პატიება ძალიან უჭირს ან პირიქით, ურთიერთობისას უმეტესწილად კონფლიქტურია. კომუნიკაციის დამყარების სირთულე აქვს, როგორც თანატოლებთან, ისე ოჯახის წევრებთან. ცხოვრებისეული სიახლეები განსაკუთრებით სტრესულია და უჭირს ადაპტირება. შესაძლოა, აკადემიური კუთხით რეგრესი, ასევე კვებითი სირთულეები და საკუთარი თავით მუდმივი უკმაყოფილება.