Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოთერაპევტი მარიამ კოპალეიშვილი. 

მშობლები ხშირად ვაწყდებით შვილებთან ურთიერთობის დროს ისეთ პრობლემებს, რომელსაც შემდეგ პასუხისმგებლობის დაბალ განცდას და მის  არქონას ვუკავშირებთ. პასუხისმგებლობის განცდა მნიშვნელოვანი გრძნობა და უნარია ადამიანისთვის, რომელიც მის ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას მომავალში. გვესაუბრეთ, როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს პასუხისმგებლობიანი ქცევა, როგორ დავეხმაროთ მათ ამ უნარის ჩამოყალიბებაში და რა ასაკიდან უნდა ვიზრუნოთ ამ უნარის განვითარებაზე? 

პასუხისმგებლობა ნამდვილად არის ის უნარი, რომელიც ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, იგი დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან ცვლადებთან, როგორიცაა: აკადემიური წარმატება, ავტონომიურობა, მორალური მსჯელობა და ა. შ.

თავად ცნება გულისხმობს ადამიანის უნარს, განსაზღვროს საკუთარი კონტროლის არეალი და ქცევის შედეგები პრობლემურ სიტუაციებში. ამ კუთხით ადამიანების ტენდენციები იყოფა პასუხისმგებლობის გარეგან და შინაგან ლოკუსებად. პირველ შემთხვევაში ადამიანები საკუთარ ემოციებსა და ქცევაზე ბრალეულობას გარემოსა და სხვა ადამიანებში ეძებენ, რასაც კლასიკურად უპასუხისმგებლო ქცევას ვეძახით ხოლმე. პასუხისმგებლობის შინაგანი ლოკუსი კი პირიქით, მთავარ მოქმედ გმირად თავად ინდივიდს წარმოაჩენს. ამგვარი ტენდენციის მქონე ადამიანები მეტ დროს ხარჯავენ მომზადებაში, უკეთ არეგულირებენ ქცევას, თუმცა, შესაძლოა, საკუთარ თავზე აიღონ კონტროლის მიღმა მყოფი, მათგან დამოუკიდებელი ფაქტორებიც. საბოლოოდ კი, პასუხისმგებლობიანი ქცევის სწავლება გულისხმობს პრობლემური სიტუაციების უფრო მრავალმხრივი (და თან რაციონალური) ანალიზის სწავლებას. 

სამეცნიერო ლიტერატურა თანხმდება, რომ პასუხისმგებლობიანი ქცევის სწავლება ადრეული ასაკიდანაა საჭირო და ამგვარ ძალისხმევაზე უკუკავშირი ბავშვისთვის მნიშვნელოვანმა მოზრდილმა უნდა გასცეს. ადრეულ ასაკში ავტორიტეტული პირის ქცევითი მოდელი სწავლების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ამგვარად, გირჩევთ, თავადაც შეასრულოთ საოჯახო წესები, ბავშვისთვის შერჩეული კვების, ძილის, ეკრანთან გასატარებელი დროის რუტინების მიხედვით თქვენი ჩვევებიც დააკორექტიროთ, მათთან ღიად და ძლიერი ემოციური რეაგირების გარეშე აღიაროთ შეცდომები და საჭიროების შემთხვევაში, მოიბოდიშოთ კიდეც. ადრეულ ასაკში პასუხისმგებლობის გრძნობის სწავლებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისი დავალებების შეთავაზებაც. 

ინდივიდებს შუა და გვიან ბავშვობაში, ისევე როგორც მოზარდობაში, ცხადია,  არ მოსწონთ დადანაშაულება, მაშინაც კი, როცა ბოლომდე აცნობიერებენ საკუთარი ქცევის შედეგებს. თუკი მნიშვნელოვანი უფროსები პირდაპირ და უხეშად აღნიშნავენ გარკვეულ პრობლემაში ბავშვების პასუხისმგებლობას, ისინი მიმართავენ სხვებისა და გარემოს დადანაშაულების ტენდენციებს, მაგალითად, შესაძლოა თქვენმა შვილმა უარი თქვას, აგოს პასუხი გასეირნების გარეშე დარჩენილი შინაური ცხოველის მიერ დაზიანებულ ავეჯზე, სიტყვებით — „მე საიდან უნდა მცოდნოდა“, თუკი თქვენ პირდაპირ გამოყოფთ მომხდარში მის აბსოლუტურ როლს. ვიტყოდი, რომ ეს პროტესტი სამართლიანიც იქნება. ზემოთ ხსენებული მრავალმხრივი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია გააზრება ზოგადი პრინციპისა, რომ იშვიათია იმგვარი სოციალური სიტუაციები, რომლებზეც მხოლოდ ერთი მხარე, ერთი პირი და ერთი გარემო ფაქტორი ახდენს გავლენას.

ზემოთ მოცემული მსჯელობის გათვალისწინების პირობებშიც, გადაუჭრელი რჩება ცნების გაგების/გააზრების პრობლემა.  უფროსებისთვის პასუხისმგებლობაზე საუბარი მარტივია, მაშინ როცა მისი აბსტრაქტულობა სწავლების პროცესს ართულებს.

როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს რაღაც ამდენად აბსტრაქტული? 

ამ პროცესის გასამარტივებლად პასუხისმგებლობის ნამცხვრის მარტივ ტექნიკას შემოგთავაზებთ. საჭიროა უსიამოვნო შედეგების გამომწვევ მოვლენაზე პასუხისმგებლობა ნამცხვრისებრი დიაგრამის სახით გამოხატოთ და ბავშვს სთხოვოთ, აიღოს მასზე დამოკიდებული პროცენტები, თუნდაც ძალიან ცოტა, მაგ: მან შეიძლება თქვას: „ჩემი პასუხისმგებლობა მხოლოდ 5%-ია, დანარჩენში ჩემი ძმაა დამნაშავე“. 

ტექნიკას რამდენიმე სარგებლის მოტანა შეუძლია — პასუხისმგებლობის ეს მცირე პროცენტი არის შესაძლებლობა, დაფიქრდეს საკუთარი ქმედებების შედეგებზე;  გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სხვებისა და გარემოს დადანაშაულებას ვირჩევთ, ნეგატიური შედეგების მოლოდინია. ეს ტექნიკა/თამაში კი თავისთავად გამორიცხავს განსჯას, რაც იძლევა  საშუალებას შფოთვის გარეშე დაისვას შეკითხვა: „რა შემეძლო გამეკეთებინა  პრობლემის თავიდან ასარიდებლად, რა იყო ჩემზე დამოკიდებული?“. 

აქვე კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ მოდელირება. თუკი მშობელი შვილის წარუმატებლობას, სისუსტეს, პრობლემას, უსიამოვნებას სხვებსა და გარემოში ბრალეულობის ძიებით პასუხობს, ბავშვებიც იყენებენ ქცევის ამგვარ სტრატეგიას. სხვაგვარად ამას ემოციურ ჰიპერმზრუნველობასაც ვუწოდებდით. შვილის „გამართლების“ მცდელობით მშობელი, ერთი მხრივ, ქმნის ქცევის მოდელს, მეორე მხრივ, კი ცხადყოფს ავტორიტეტული პირის მხრიდან შეცდომაზე მძაფრ რეაგირებას და, შედეგად, ზრდის შფოთვას. ამგვარად, ჩემი რჩევა შემდეგია: აღიარეთ შვილების წარუმატებლობა, დაეხმარეთ მარცხის გააზრებაში და გამოყავით მოცემულ სირთულესთან გამკლავებისთვის საჭირო მისი ძლიერი მხარეები.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5