მხიარული დღის შემდეგ სათამაშოების მილაგება ალბათ თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვის „მე არ მომწონს ამის კეთება“ სიაში შედის. თუმცა დალაგების სწავლა მისი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ეხმარება პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაგიადვილდეთ მის ნაცვლად დალაგება, ეს მხოლოდ მოკლევადიანი გამოსავალია და ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გზას, რათა ასწავლოთ ბავშვს საკუთარი ნივთების მილაგება.
სიფრთხილით შეარჩიეთ სიტყვები
არ უთხრათ მხოლოდ “დაალაგე”. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის ადვილია გამოიწვიოს დიდი არეულობა, მაგრამ შეიძლება ვერ დაალაგოს, იმიტომ რომ არ იცის, საიდან დაიწყოს. უთხარით “ჯერ მანქანები დაალაგე და შემდეგ გადადი წიგნებზე”. სამუშაოს მცირე დავალებებად დაყოფით ერთი შეხედვით დაუსრულებელი დავალება მალე მოგვარდება.
აუხსენით, რატომ არის საჭირო დალაგება
თქვენთვის ეს აშკარაა, მაგრამ თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის სათამაშოების ალაგება სხვა არაფერია, თუ არა გართობის შეწყვეტა. (და ვის სურს ამის გაკეთება?) აუხსენით, რომ თუ სათამაშოები სწორად არ შეინახა, შეიძლება თავად ან ოთახში შემსვლელი სხვა ადამიანები დაზიანდეს, ან ფეხი დაადგან ნივთს და გააფუჭონ ან შეიძლება ნაწილები დაიკარგოს, რის შემდეგაც ამ კონკრეტულ სათამაშოსთან თამაში შემდეგ არც ისე სახალისო იქნება. მცირეწლოვან ბავშვებთან მნიშვნელოვანია ისე ახნა, რომ მათ მოსმენილის გაგება შეძლონ.
სათამაშოების ყუთი ბავშვებისთვის შესაფერისი გახადეთ
სათამაშოების უჯრებსა თუ ყუთებს დააკარით შესაბამისი სტიკერები. დაიხმარეთ ბავშვები ამ საქმეში, დახატონ ან ამოჭრან ჟურნალებიდან კონკრეტული სათამაშოების სურათები, მაგალითად თოჯინა მიაკარით თოჯინების შესანახ ყუთს. სურათის ქვეშ დაწერეთ ამ ნივთის სახელი, კითხვის სწავლის დროს გამოგადგებათ. როცა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, გაცილებით ადვილია მათი დალაგება.
ჩაურთეთ მუსიკა
იმღერეთ ერთად ან მოუსმინეთ მუსიკას. ასე დალაგება უფრო სახალისო იქნება.
აქციეთ დალაგება თამაშად
მომართეთ სამზარეულოს ტაიმერი 10 წუთზე და შესთავაზეთ გამოწვევა თქვენს შვილს. ან ჰკითხეთ „შეგიძლია ფაზლის ნაწილების შეგროვება, სანამ მე „ლეგოს“ შევინახავ ყუთში?“
არ შეუსწოროთ
როდესაც თქვენი შვილი სათამაშო ოთახს საბოლოოდ დაალაგებს, ნუღარ შეიტანთ შესწორებებს. საწოლიდან ზეწარი მოჩანს? ნუ გაასწორებთ. დატოვეთ ისე, როგორც არის. 4 წლის ბავშვი ვერ დაალაგებს ზრდასრულივით, მაგრამ როცა ის დაინახავს, რომ მის დალაგებულს ასწორებთ, შემდეგში შეიძლება აღარ მოუნდეს დალაგება. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ძალისხმევა და არა შედეგი.
დააჯილდოვეთ შესრულებული სამუშაოსთვის
შეაქეთ შრომისმოყვარეობის გამო. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რამდენად ლამაზია ოთახი ახლა და წაახალისეთ, რომ იამაყოს იმით, რაც გააკეთა.
წყარო: verywellfamily.com