4 წლის ასაკის ბავშვები უკვე ამჩნევენ ადამიანებს შორის განსხვავებებს. შეიძლება თქვენმა სკოლამდელი ასაკის შვილმა გითხრათ, რომ მისი თანატოლი „სხვანაირად დადის“, „სხვანაირად იქცევა“, „სხვა ფერისაა“. თუ ის კითხვებს სვამს ამ განსხვავებების შესახებ, შეეცადეთ არ ინერვიულოთ. მისთვის ბუნებრივია ცნობისმოყვარეობა და მნიშვნელოვანია ამ კითხვებზე სათანადო პასუხის გაცემა. თქვენი პასუხი მის პირველ მიამიტურ დაკვირვებებზე, გარკვეულწილად განსაზღვრავს, როგორ მოექცევა ის სხვა ადამიანებს.
ისარგებლეთ მომენტით
თუ თქვენი ბავშვი შეამჩნევს ვინმეს შეზღუდულ შესაძლებლობებს, წამოიწყეთ საუბარი იმაზე, თუ როგორ განვსხვავდებით ადამიანები, მაგალითად თმის ფერით და ჩაცმის წესებით. ზოგს ხილის ნაყინი გვიყვარს, ზოგს შოკოლადის.
შემდეგ ესაუბრეთ შესაძლებლობებზე. მაგალითად, უფროს დაიკოს შეუძლია საკუთარი ხელით ჭამოს წვნიანი, მაგრამ პატარა ბიძაშვილი ამას ჯერ ვერ ახერხებს. ადამიანების უმეტესობას სიარული შეუძლია, თუმცა ზოგიერთს ეტლი სჭირდება გადასაადგილებლად. ბებოს სათვალე სჭირდება, რომ უკეთ დაინახოს. ზოგი ადამიანი კი საერთოდ ვერ ხედავს.
ამ გზით თქვენ ეხმარებით შვილს, მიიღოს ის ფაქტი, რომ ადამიანები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
პირდაპირ უპასუხეთ კითხვებს
სკოლამდელი ასაკის ბავშვები ხშირად ყველაზე უხერხულ კითხვებს ყველაზე შეუსაბამო დროს სვამენ. მსგავს სიტუაციაში შეეცადეთ არ გააჩუმოთ ბავშვი, თუნდაც უხერხულად იგრძნოთ თავი მისი ნათქვამის გამო. ადამიანების უმეტესობა აცნობიერებს, რომ მცირეწლოვანი ბავშვები გაუცნობიერებლად სვამენ კითხვებს და არ განაწყენდებიან.
შეეცადეთ გასცეთ მოკლე და მარტივი პასუხები, რადგან მან იოლად დაიმახსოვროს. თუ იგი გკითხავთ, რატომ არის სუპერმარკეტში კაცი ინვალიდის ეტლში, უბრალოდ უთხარით, რომ მას არ შეუძლია გამოიყენოს ფეხები, ამიტომ დახმარება სჭირდება გადაადგილებისთვის. თუ ის გკითხავთ, თუ რატომ იყენებს ყრუ ქალი ჟესტების ენას, აუხსენით, რომ ქალს არ ესმის, ამიტომ ის საუბრობს ხელებით.
იყავით გულწრფელი თქვენს შვილთან. თუ თქვენ არ იცით პასუხი მის მიერ დასმულ კითხვაზე, უბრალოდ აღიარეთ ეს მასთან.
დაუკვირდით, რას ეუბნებით
მნიშვნელოვანია, რა სიტყვებით აუხსნით ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანზე. ეცადეთ, არ გამოიყენოთ მოძველებული ტერმინები, მაგალითად „ინვალიდი“.
როდესაც შეხვდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, არასდროს უთხრათ ბავშვს ისეთი რამ, როგორიცაა “ნუ დააკვირდები”, ან არ დააჩქაროთ. ეს თქვენს შვილს მიანიშნებს, რომ არსებობს რაღაც, რასაც უნდა მიაჩერდეს ან გაეცალოს. ასევე, ასე შეამჩნევს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დანარჩენებისგან განსხვავებულად ექცევით. ამიტომ, მშვიდად განაგრძეთ თქვენი საქმიანობა.
ხაზი გაუსვით მსგავსებებს
ძალზე მნიშვნელოვანია, აუხსნათ თქვენს შვილს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარკვეულწილად განსხვავებულები ვართ, უამრავ რამეში ვგავართ ერთმანეთს. მაგალითად, შეიძლება ბავშვი ვერ ხედავდეს, მაგრამ კითხულობდეს ბრაილის შრიფტით. მოხუცს ვერ შეეძლოს სწრაფად სიარული, მაგრამ მაინც სიამოვნებდეს პარკში სეირნობა.
ასწავლეთ პატივისცემა
თუ მოისმენთ, რომ თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვი შშმ პირს „სულელად“ მოიხსენიებს ან გეტყვით, რომ „ის სასაცილოდ დადის“, აუცილებლად აუხსენით, რომ ამ სიტყვებმა შეიძლება აწყენინოს სხვა ადამიანებს. ნათლად განუმარტეთ, რომ განსხვავებული ქცევა ან გარეგნობა არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი შენზე დაბლა დგას.
რამდენი კითხვა, რომელიც ბავშვებს აწუხებთ შეზღუდულ შესაძლებლობებზე
– რატომ არ ლაპარაკობს ის ჩემსავით?
– მას უჭირს პირის გამოყენება სალაპარაკოდ.
– რატომ არ მოვწონვარ მას?
ამ ასაკში ბავშვებს ძალიან აღელვებთ, გარშემომყოფებს მოეწონებათ თუ არა. ამიტომ, თუ თქვენს შვილს ჰყავს ისეთი თანატოლი, რომელიც სხვებთან დიდად არ ურთიერთობს (მაგალითად, აუტიზმის სპექტრის გამო), შეიძლება დასვას ეს კითხვა. თქვენ უპასუხეთ, რომ მას მოსწონხარ, მაგრამ არ შეუძლია, გაჩვენოს ეს ისე, როგორც შენს სხვა მეგობრებს.
კიდევ რისი გაკეთება შემიძლია?
ადამიანების რაც უფრო ფართო სპექტრს შეხვდება თქვენი შვილი და შეერევა მასში, მით უფრო მისაღები იქნება მისთვის ადამიანებს შორის განსხვავებები.
შეარჩიეთ თქვენი შვილისთვის ისეთი მულტფილმები და წიგნები, სადაც შეხვდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პერსონაჟებს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თავი აარიდოთ ან განუმარტოთ, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პერსონაჟების მიმართ მოძველებულ მიდგომას შეხვდებით.
წყარო: www.babycenter.com