Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება   განათლების ფსიქოლოგი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი თამარ მაღლაკელიძე. 

თამარ, გვესაუბრეთ კოგნიტური უნარების განვითარებაზე ბავშვებში. როგორ განვსაზღვროთ მშობლებმა განვითარების რა ეტაპზე რა აქტივობები დავგეგმოთ ბავშვებისთვის და რა თამაშები შევთავაზოთ მათ? 

კოგნიტური და აკადემიური უნარების განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. თუმცა, ზოგჯერ უპირატესობა ენიჭება ბავშვის აკადემიურ მიღწევას და შემეცნებით უნარებზე კონცენტრირება ნაკლებად ხდება. მშობლები ცდილობენ სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა წინასწარ აითვისონ ანბანი, შეძლონ წერა, კითხვა და ანგარიში, რათა მათი შვილები წარმატებულები იყვნენ.

მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, ბავშვის განვითარების რომელ ეტაპზე რომელი უნარის გაუმჯობესებაზე სჯობს მუშაობა. ბევრი თანამედროვე კვლევის შედეგად დადგინდა კავშირი კოგნიტურ (აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება) და აკადემიურ უნარებს შორის. შემეცნებითი უნარები წარმოადგენს იმ ბაზისს, რასაც წერა, კითხვა, თხრობა და ანგარიში უნდა დაეფუძნოს.

სკოლისათვის მზაობა კოგნიტური, სოციალურ-ემოციური და ფიზიკური განვითარებით განისაზღვრება. თუმცა, ყურადღებას ამ ეტაპზე შემეცნებით უნარებზე გავამახვილებთ. ზაფხულის პერიოდის პროდუქტიულად და საინტერესოდ გამოსაყენებლად, გთავაზობთ სხვადასხვა თამაშ-აქტივობას, რასაც ბავშვები სიამოვნებით შეასრულებენ და მშობლებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. მარტივი რესურსების შექმნა თავად მშობლებს შეუძლიათ. თითოეული აქტივობა დაგეხმარებათ სხვადასხვა შემეცნებით უნარზე სამუშაოდ.

ფაზლის დამზადება სახლის პირობებში მარტივად შეგიძლიათ. 

დაგჭირდებათ სამედიცინო ჩხირები, ფერადი სურათი, წებოვანი ლენტი და საკანცელარიო დანა.

დაალაგეთ ჩხირები ერთმანეთის გვერდით, წებოვანი ლენტის საშუალებით დააკარით სურათი ჩხირებზე, ამოატრიალეთ ისინი. საკანცელარიო დანით ფრთხილად ჩაჭერით თითოეული ჩხირი და დააშორეთ ერთმანეთისგან. 

ბავშვის დავალებაა დაალაგოს ჩხირები თანმიმდევრულად ისე, რომ მიიღოს სრული სურათი. აქტივობაზე მუშაობისას ვითარდება აღქმა, სააზროვნო უნარები, ხდება თანმიმდევრულობის პრინციპის გაგება/დაუფლება.

ტაქტილური (შეხებით) აღქმისა და წარმოსახვით უნარებზე სამუშაოდ ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ მარტივი და სახალისო აქტივობა. 

დაგჭირდებათ მუყაოს ყუთი, მაკრატელი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი.

მუყაოს ყუთს მოაშორეთ ერთი ზედაპირი, გვერდით მხარეებზე კი გამოჭერით წრეები ისე, რომ ბავშვის ხელი ყუთში თავისუფლად მოთავსდეს (იხილეთ სურათი).

სთხოვეთ ბავშვს არ ჩაიხედოს ყუთში, თქვენ მიაწოდეთ სხვადასხვა საგანი (მაგ: სათამაშო მანქანა, სავარცხელი, კრემის ტუბი, გასაღები, ბურთი და ა.შ). და მან მხოლოდ შეხებით გამოიცნოს, რა საგანია. 

ფერების ცნობაზე, ნატიფი მოტორული უნარებისა და ყურადღების განვითარებაზე სავარჯიშოდ დაგეხმარებათ შემდეგი აქტივობა.

დაგჭირდებათ სამზარეულოს ქაღალდის რულონი, მაკრატელი, წებო, ფურცელი, გუაშები და ფუნჯი.

წრის ფორმაზე დაჭერით სამზარეულოს ქაღალდის რულონი, დააკარით ფურცელზე ისე, რომ გამოვიდეს ნაძვის ხის, ან ნაყინის ფორმა. ჩაწერეთ სხვადასხვა ციფრი ან ჩახატეთ სხვადასხვა ფიგურა წრეებში. ნახატის ზემოთ თითოეულ ციფრს/ფიგურას შეუსაბამეთ ფერი.

ბავშვის დავალებაა, წრეებში ჩაწერილი ციფრების შესაბამისად ფერად გააფერადოს ფიგურები. 

ვიზუალური მეხსიერების განვითარებისთვის დაგჭირდებათ ფერადი ჭიქები და ცხოველების ფიგურები.

დაალაგეთ სხვადასხვა ფერის ჭიქაზე სხვადასხვა ფიგურა. ბავშვს სთხოვეთ 10-15 წმ-ის განმავლობაში დააკვირდეს ფიგურების განლაგებას, შემდეგ აიღეთ სათამაშოები და სთხოვეთ მას, განალაგოს ცხოველები ჭიქებზე ზუსტად ისე, როგორც ელაგა.

ჭიქებისა და ფიგურების რაოდენობის გაზრდა ბავშვის ასაკის შესაბამისად შეგიძლიათ. 

წინარეაკადემიური უნარებსა და ნატიფ მოტორულ უნარებზე სამუშაოდ დაგჭირდებათ მუყაოს ქაღალდი, მარკერები, წებოვანი ლენტი და მაკრატელი.

მუყაოსგან გამოჭერით პატარა ზომის ოთხკუთხედები. ქაღალდზე მარკერის საშუალებით დასვით წერტილები ისე, რომ სხვადასხვა ფიგურა გამოვიდეს. დააკარით ქაღალდს წებოვანი ლენტი.

ბავშვის ამოცანაა, შეაერთოს წერტილები ერთმანეთთან მარკერით.

დავალება მრავალჯერადია. სველი ხელსახოცის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად წაშალოთ ნახატი და სხვა დროსაც გამოიყენოთ იგივე ფურცლები აქტივობის შესასრულებლად. 

აღნიშნული აქტივობების საშუალებით დაეხმარებით თქვენს შვილებს სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარებაში, რაც სასკოლო ასაკში მათი აკადემიური უნარების განვითარებისა და წარმატების საფუძველი იქნება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5