პლატფორმის “დედამ იცის” კითხვებს პასუხობს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე.
რომელია ის ასაკი, როდესაც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ბავშვის მეტყველებასთან დაკავშირებით? რა ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს სპეციალისტთან კონსულტაცია სჭირდება?
მეტყველება გარემოსთან ჩვენი ეფექტური კომუნიკაციის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთანავე, ყოველთვის, როდესაც ბავშვებში მისი დეფიციტი გვაქვს, არის რისკი სხვა უნარების ეტაპობრივი შეფერხებისაც. სხვადასხვა ასაკში ბუნებრივია განსხვავებული მოლოდინები და მოთხოვნები გვაქვს. მეტყველების პირველი კომპონენტია ღუღუნი, რომელიც მოგვიანებით, დაახლოებით 5-6 თვიდან, ეტაპობრივად გადადის ტიტინში. ამ დროს ბავშვი უკვე იყენებს სხვადასხვა თანხმოვნებს და აწყვილებს მათ ხმოვნებთან, ანუ “საუბრობს” მარცვლებით “ბა-ბა”, “და-და”, “ბუ-ბუ”… სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს მას ლექსიკონში უკვე აქვს 10-მდე სიტყვა. ანუ მარცვლების კომბინაცია, რომელიც კონკრეტული შინაარსისაა. სიტყვა შეიძლება არ იყოს არტიკულაციურად გამართული, მაგრამ ბავშვისთვის ის უკვე კონკრეტული შინაარსისაა, მაგ: “პიპია”, “აუა”, “ატა”… მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტყვებს ბავშვი იყენებდეს სპონტანურად და კონტექსტურად. ანუ არ იყოს მხოლოდ სხვისი ნათქვამის გამეორების სახით, ან მექანიკურად წამოსროლილი ადგილის და დანიშნულების შეუსაბამოდ.
სიცოცხლის მეორე წლის მანძილზე ბავშვი ლექსიკურ მარაგს ეტაპობრივად ამდიდრებს და 2 წლისთვის უკვე ცდილობს სიტყვებისგან გარკვეული კომბინაციების და ფრაზების შედგენას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ასაკისთვის ბავშვის ლექსიკონში იყოს არა მხოლოდ საგნების აღმნიშვნელი არსებითი სახელები, არამედ მოქმედების აღმნიშვნელი ზმნებიც. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხერხდება მათგან ფრაზის აგება. 2 წლისთვის საკმარისია ბავშვი რამდენიმე ორ-სიტყვიან ფრაზას იყენებდეს, თუმცა გამოყენება ისევ და ისევ უნდა იყოს სპონტანური და კონტექსტური. გარკვეული არტიკულაციური დამახინჯებები და აგრამატიზმი ჯერჯერობით დასაშვებია.
3 წლისთვის ბავშვის ფრაზული მეტყველება უკვე გაცილებით გამართულია, იმდენად, რომ მას მოკლე დიალოგში შემოსვლაც შეუძლია. ახერხებს დასვას შემხვედრი შეკითხვები და მოკლე ამბავიც გადმოსცეს თავის სიტყვებით – მაგ: რა მოხდა ეზოში, თამაშის დროს, პარკში სეირნობის დროს როგორ გაატარა დრო.
ასაკის მატებასთან ერთად მოთხოვნები თხრობის, აზრის გავრცობის, სურათის აღწერის თუ ილუსტრაციების გარეშე მისთვის წაკითხული ტექსტის გააზრების მიმართ ეტაპობრივად იმატებს. ამის ფონზე თანდათან უნდა მცირდებოდეს გრამატიკული შეცდომების სიხშირე, ისევ როგორც არტიკულაციური დარღვევები. ლექსიკური მარაგი უნდა იზრდებოდეს და ფრაზები უკვე რთული ქვეწყობილი წინადადებებით იყოს წარმოდგენილი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასასკოლო და სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის.
როდესაც აღნიშნული ეტაპები იგვიანებს, საჭიროა დამატებითი სიფხიზლის გამოჩენა და ბავშვის შეფასება.
როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვი აგვიანებს ასაკის შესაბამისად მეტყველების კომპონენტების განვითარებას? ვის უნდა მივმართოთ, რა სპეციალობის ექიმს?
პირველ რიგში შეიძლება გავესაუბროთ ბავშვის პედიატრს, რომელიც ჩვენი ეჭვების დადასტურების შემთხვევაში გადაგვამისამართებს შესაბამის სპეციალისტთან – ნევროლოგთან, ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან. პრობლემის კომპლექსურობის გათვალისწინებით, ზოგჯერ, აქ ჩამოთვლილ ყველა სპეციალისტთან გვჭირდება ვიზიტი.
ბავშვის მეტყველების შეფასების დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ სიტყვების მარაგს, არამედ რამდენად სპონტანურია და კონტექსტური მათი გამოყენება; რამდენად შეუძლია ბავშვს მიმართული მეტყველების გაგება – კერძოდ, დასწავლილი და კონტექსტური დავალებების შესრულება, მარტივი ინსტრუქციების გაგება და მიყოლა; ასაკის მატებასთან ერთად მარტივი ინსტრუქციის შესრულება აღარ არის საკმარისი და უკვე ორ- და მეტ ეტაპიან დავალებებზე პასუხი გვაინტერესებს. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად არის მეტყველების დეფიციტი კომპენსირებული კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (ჟესტები, მიმიკა, თვალით უკუკავშირი, იმიტაცია); რაც უფრო კომპლექსურია დეფიციტი, მით უფრო საყურადღებოა მდგომარეობა და მით უფრო გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.
რამდენად დიდია რისკები თუ ბავშვი ორ– ან მრავალენოვან გარემოში იზრდება და რამდენად მსგავსია რისკი უცხოენოვანი მულტფილმების სისტემატური ყურების შემთხვევაში მეტყველების შეფერხების?
პირველი 2 წელი მშობლიური ენის განცდის ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ყველა ენას აქვს სპეციფიკური ინტონაცია, თანხმოვნები, ჟღერადობა, წინადადებაში აქცენტების გადანაწილება. ამიტომ, პირველი ორი წლის მანძილზე განსაკუთრებით სასურველია ბავშვთან კომუნიკაციაში დომინირებდეს მშობლიური ენა. მრავალენოვანი გარემო ზოგადად გამოწვევაა ხოლმე ბავშვებისათვის. თუმცა სპეციფიკური სუსტი მხარეების არარსებობის შემთხვევაში (მეტყველების შეფერხების რისკებს ვგულისხმობ), ბავშვების ნაწილი ამას სრულიად უმტკივნეულოდ გადალახავს. რისკის ჯგუფის ბავშვებში ეს შეიძლება იყოს პრობლემა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ცოცხალი კომუნიკაცია სხვადასხვა ენოვან ოჯახის წევრებთან ნაკლები რისკია, ვიდრე უცხოენოვანი მულტფილმები და აი რატომ:
რეალურ გარემოში სხვადასხვა ენოვანი ადამიანები მეტყველებას იყენებენ ყოველთვის კონტექსტური და ბუნებრივი ფორმით. მათი მეტყველება მოდულირებულია და იცვლება მოსაუბრის პასუხის შესაბამისად. ბავშვს აქვს საშუალება დააკვირდეს როგორც თანატოლების, ისე ზრდასრულების რეაქციას და საპასუხო ქმედებას უცხო ენაზე მიღებულ ინსტრუქციაზე ან ინფორმაციაზე. ამასთან ერთად, ბავშვთან მიმართებაში, მეტყველება ხდება ადაპტირებული და უფრო გამდიდრებული ჟესტიკულაციით და სხვა არავერბალური საშუალებებით. შესაბამისად, უცხოენოვან გამოთქმებს, სიტუაციურ ფრაზებს ბავშვი იმახსოვრებს უფრო ბუნებრივად და მოქნილად და მომავალში მათი გამოყენებისთვის არ სჭირდება მკაცრად სტანდარტული და იდენტური გარემო.
გაჯეტებში უცხოენოვანი მულტფილმების და კლიპების ყურება, ასევე წარმოადგენს მრავალენოვანი გარემოს იმიტაციას, მაგრამ უფრო დამამძიმებელი ფაქტორებით. ვინაიდან მულტფილმი სრულიად მოკლებულია ზემოთ აღწერილ ადაპტაციურ გარემოებებს. მულტფილმის ფონზე დასწავლილი ინფორმაცია არის შაბლონური და ერთგვაროვანი, შესაბამისად ბავშვს სჭირდება სტანდარტული ან მასთან მიახლოებული გარემო და უჭირს განსხვავებულ სიტუაციაში მისი გამოყენება. ანუ მულტფილმიდან მიღებული ცოდნა ნაკლებად ფუნქციურია, ვიდრე რეალურ, თუნდაც მრავალენოვან გარემოში დასწავლილი.
ამიტომ, ისევ და ისევ, ბევრი ესაუბრეთ ბავშვებს, დაუთმეთ დრო პირისპირ კომუნიკაციას და აუცილებლად დაინახავთ შედეგს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!