პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე.
როგორ მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწორად, რომელიც მას დაეხმარება გამოასწოროს და შეცვალოს საკუთარი ქცევა და საერთოდ, საჭიროა თუ არა შენიშვნები?
შენიშვნის მიცემის გარეშე ბავშვის აღზრდა, ალბათ, წარმოუდგენელია. მათ ჯერ არ ჰყოფნით საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, გარკვეული უნარები, კოგნიტური განვითარება, რათა მინიმალურად დაუშვან შეცდომები და ქცევის შედეგები წინასწარ განსაზღვრონ. სწორედ ამიტომ გვიწევს გარკვეული ქცევების გამო მათთვის შენიშვნის მიცემა.
ამ საკითხზე საუბრისას გასათვალისწინებელია მშობლის ტიპი. არსებობს ოთხი კატეგორიის მშობელი, რომელთა აღზრდის სტრატეგიები სხვადასხვანაირად ვლინდება შენიშვნის მიცემა/არ მიცემაში.
მაგალითად, ლიბერალი მშობელი თითქმის არასდროს აძლევს შენიშვნას ბავშვს. იგი თვლის, რომ ბავშვის მხრიდან ნებისმიერი ქცევა მისაღებია და შეუძლია ყველაფერი სწორედ ამ მოტივით გაამართლოს: „ის ჯერ ბავშვია.“ შედეგად, ხშირად გვაქვს ქცევის დარღვევა, მორალურ-ეთიკური ნორმების განუვითარებლობა, ეგოცენტრიზმი და ამის შედეგად გამოწვეული გუნდურად მუშაობის სირთულეები.
ამის საპირისპიროდ შეგვიძლია მივიჩნიოთ ავტორიტარი მშობელი, რომელიც დამოუკიდებლად ადგენს ქცევის წესებს, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მკაცრია და ამ წესების ზედმიწევნით დაცვას ითხოვს. ბავშვს არ აძლევს შეცდომის დაშვების უფლებას, მისგან სრულყოფილებას ითხოვს და ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, მის პიროვნებასაც აკნინებს. ეს კი საბოლოოდ იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს, დაბალ თვითშეფასებას, ჩაკეტილობას, შფოთვას და ა. შ.
ლოგიკურია, რომ მშობელთა ეს ორი ტიპი არასწორ სტრატეგიებს მიმართავს და საბოლოოდ, ბავშვის დაზიანების მეტს არაფერს იწვევს.
მშობელთა მიზანი უნდა იყოს იპოვონ ბალანსი ამ ორ სტილს შორის.
ეს ბალანსი, რომელიც მოიაზრებს ბავშვისთვის შენიშვნის მიცემას მისი პიროვნების შეურაცხყოფის გარეშე, მიიღწევა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებით:
- წინასწარ შეადგინეთ წესები ბავშვთან ერთად;
- წესები იყოს მარტივი და გასაგები;
- თავიდანვე შეთანხმდით წესების დარღვევის შემთხვევაში რა სახის სასჯელიი იქნება და რა გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მათი დარღვევა.
- მიმართეთ „ემოციური აღზრდის“ სტილს, რაც გულისხმობს აქცენტების გაკეთებას როგორც თქვენს, ასევე ბავშვის ემოციებზე. მაგალითად, თუ ბავშვი მოიქცა ცუდად, შეგიძლიათ, უთხრათ: „ალბათ, თავს გაღიზიანებულად გრძნობდი, ასე რომ მოიქეცი“, „შეიძლება ძალიან დაიღალე და მაგის ბრალია“, „წარმომიდგენია, როგორ გაგიჭირდა თავის შეკავება“, „ვხედავ, რომ ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ხარ“, „მე ძალიან მეწყინა შენგან ეს საქციელი“, „მე იმედგაცრუებული ვარ, ასე რომ მოიქეცი“…
- უმნიშვნელოვანესია შევაფასოთ ბავშვის ქცევა და არა პიროვნება. არასდროს უნდა ვუთხრათ მას, რომ ის არის ცუდი გოგო/ბიჭი. ადამიანი იმაზე მეტია, ვიდრე მისი საქციელი.
- არასდროს შეადაროთ სხვას. ეს გამოიწვევს დაბალ თვითშეფასებას, ნეგატიურ ემოციებს, როგორიცაა შური, ეჭვიანობა და ბრაზი და ასევე, ბავშვს ექნება ფიქრები, რომ ის საკმარისად კარგი არაა.