პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ “გამმას“ აკადემიური თერაპევტი და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული სამსახურის თერაპევტი ნინო არაჩემია.
ბავშვის ზრდასთან ერთად სოციალური ურთიერთობებით მისი დაინტერესება უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება. ზოგიერთ ბავშვს უჭირს მეგობრების შეძენა და ახლო კავშირების დამყარება, ზოგიერთი კი ამას სულ მარტივად ახერხებს. როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი და სააღმზრდელო გარემო ბავშვს მეგობრების შეძენაში და რატომ არის ბავშვისთვის კარგი ასეთი ურთიერთობები?
ბავშვის სამყარო უფრო ფართოვდება, როდესაც ის სკოლის მოსწავლე ხდება. თანატოლებთან და თანაკლასელებთან ურთიერთობა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული ხდება.
მეგობრების შეძენა დადებითად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე. როდესაც მას ახლო მეგობრები ჰყავს, ის გრძნობს, რომ მეგობრები ზრუნავენ მასზე და ეს ეხმარება ბავშვს, თავი კარგად იგრძნოს.
მეგობრობა ასევე ეხმარება ისეთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში, როგორიცაა სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, კონფლიქტისა და პრობლემების მოგვარება. ამ უნარების მქონე ბავშვებს ნაკლებად აქვთ სოციალური და ემოციური სირთულეები ზრდასრულ ასაკში.
ადრეულ ასაკში ოჯახური ურთიერთობები კვლავ ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ოჯახური ურთიერთობები თქვენს შვილს აძლევს სტაბილურ, უსაფრთხო ბაზას მეგობრების შეძენის პროცესში. ზრუნვა და სიყვარული, რომელსაც თქვენ აძლევთ თქვენს შვილს სახლში, ეხმარება მას სხვა ურთიერთობების მართვაში.
რეკომენდაციები და რჩევები თქვენთვის
თუ თქვენი შვილი ნერვიულობს, რადგან მას კონფლიქტი მოუვიდა მეგობართან, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას ამ პრობლემის მოგვარებაში, თუ ისაუბრებთ თქვენს შვილთან იმაზე, თუ რა მოხდა, როგორ გრძნობდა თავს და დაელაპარაკებით თუ როგორ გაუმკლავდეს ასეთ სიტუაციებს მომავალში. ეს დაეხმარება თქვენს შვილს გაიგოს და მართოს საკუთარი გრძნობები. ზოგჯერ საკმარისია ბავშვის მოსმენა და ჩახუტება. თუ თქვენს შვილს არ უხარია სკოლაში სიარული ან ფიქრობთ, რომ შფოთავს, ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ მას უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება.
შვილთან საუბარი გაძლევთ შანსს, გაიგოთ რა ხდება მის თავს. ზოგიერთი ბავშვი სიამოვნებით მოგიყვებათ, მაგრამ ზოგს შეიძლება გაუჭირდეს. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ თავად მოუყვეთ თქვენს ბავშვობაში მეგობრებთან დაკავშირებული პრობლემები ან წაუკითხოთ მეგობრობის პრობლემების შესახებ მოთხრობა (სოციალური მოთხრობა). თუ თქვენი შვილი არ არის მზად სასაუბროდ, უთხარით მას, რომ ყოველთვის შეუძლია თქვენთან საუბარი.
ასევე, კარგი იქნება, დაუახლოვდეთ და კარგად გაიცნოთ თქვენი შვილის მეგობრები. თქვენი შვილის მეგობრების გაცნობა დაგეხმარებათ გაიგოთ:
• როგორები არიან მისი მეგობრები.
• რა გავლენას ახდენენ მეგობრები თქვენს შვილზე.
• როგორ ურთიერთობს თქვენი შვილი მეგობრებთან.
თამაში სკოლის გარეთ შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა ახალი მეგობრების შესაძენად და უკვე არსებული მეგობრობის გასაძლიერებლად.
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს სათამაშო დროის შერჩევაში, სადაც ის შეძლებს, დაპატიჟოს თავისი მეგობრები სათამაშოდ. ჰკითხეთ მას ვის დაპატიჟებას ისურვებდა სახლში სათამაშოდ.
• თამაშის დაწყებამდე დაეხმარეთ თქვენს შვილს ცალკე შეინახოს ისეთი ნივთები, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასია და მისი დაზიანება არ სურს, რადგან თამაშის დროს შეიძლება დაზიანდეს სათამაშოები, ამან შეიძლება თავიდან აგარიდოთ უსიამოვნებები თამაშის პროცესში.
• მოიწვიეთ მეგობრის მშობლებიც სახლში.
• დაიწყეთ ტკბილეულით ან ბავშვებისთვის სხვა საყვარელი საჭმლით/სასმლით, რათა მათ თავი კომფორტულად იგრძნონ.
• უთხარით ბავშვებს სახლის ან ეზოს რა ნაწილების გამოყენება შეუძლიათ თამაშის პროცესში. ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ქაოსი და დაძაბულობა.
• იყავით ხელმისაწვდომნი იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს დახმარება დასჭირდებათ, მაგრამ ამავდროულად მიეცით ბავშვებს დრო და სივრცე, რომ ისწავლონ ერთმანეთთან ურთიერთობა.
• წინასწარ დაგეგმეთ რამდენიმე აქტივობა. ეს შეიძლება იყოს რაიმე ხელსაქმე, კუბების აწყობა, ბურთით თამაში და ა. შ. შეიძლება არ დაგჭირდეთ ამ აქტივობების გამოყენება, მაგრამ კარგი იქნება თუ მზად იქნებით, თუ იგრძნობთ, რომ ბავშვები დისკომფორტს გრძნობენ ან მოუსვენრად არიან.
ბავშვების უმეტესობას ხანდახან უჭირს მეგობრობის შეძენა და შენარჩუნება. თუ თქვენს შვილს უძნელდება ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება, არსებობს რამდენიმე რამ, რაც შეგიძლიათ სცადოთ. მაგალითად, შეგიძლიათ წაახალისოთ თქვენი შვილი, წარადგინოს საკუთარი თავი ახალ ბავშვებთან შეხვედრისას: „გამარჯობა, მე ვარ ლიზა. რა გქვია შენ?“
ხშირად ბავშვები ერთმანეთს მაშინ უმეგობრდებიან, როდესაც ერთსა და იმავე თამაშს თამაშობენ სკოლაში — მაგრამ ძნელია, თუ თამაშის წესები არ იცი. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ თქვენმა შვილმა იცის თამაშების წესები, რომლებშიც მას სურს მონაწილეობის მიღება. თუ თქვენს შვილს არ მოსწონს თამაშები, რომლებსაც სხვა ბავშვები თამაშობენ, შეგიძლიათ შესთავაზოთ მას დაიწყოს თამაში, რომელიც მას მოსწონს და თანაკლასელებს შესთავაზოს თამაში.
თუ თქვენს შვილს აქვს განსაკუთრებული საჭიროებები, მას შეიძლება დასჭირდეს დამატებითი დახმარება მეგობრებთან დაკავშირებით. შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ თქვენი შვილის კლასელებისა თუ მეგობრების მშობლებს და გაკვეთილების შემდეგ, ყველანი ერთად წახვიდეთ სათამაშო მოედანზე. მიაწოდეთ მათ გარკვეული იდეები, თუ როგორ უნდა ჩართოთ თქვენი შვილი/ები სხვადასხვა თამაშებში.
თუ თქვენი შვილი და მისი მეგობრები სახიფათო საქმეებს აკეთებენ — თქვენს შვილთან საუბარი საუკეთესო პირველი ნაბიჯია. ეს შეიძლება დაეხმაროს თქვენს შვილს, ისწავლოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება და არა უბრალოდ მეგობრების ნათქვამს მიჰყვეს.
თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს შვილს აბუჩად იგდებენ ან თქვენი შვილი აბუჩად იგდებს სხვებს, აბულინგებენ ან თავად არის ბულინგის მსხვერპლი, თქვენ უნდა დაეხმაროთ თქვენს შვილს.
მეგობრებმა სხვადასხვა წრეებიდან, მეზობლებმა ან ოჯახის მეგობრებმა შეიძლება გაზარდონ თქვენი შვილის თავდაჯერებულობა, განსაკუთრებით თუ მას სკოლაში მეგობრობის პრობლემები აქვს.
📖 გამოყენებული წყარო:
https://raisingchildren.net.au/school-age/behaviour/friends-siblings/supporting-friendships?fbclid=IwAR0BNEGBS6u1MUXMiun_CCGRJ4sOID5pTfYupFvCySfPEHU4xQ_r-d_o_w8