Skip to content Skip to sidebar Skip to footer

„დედამიცისს“ ესაუბრება ენისა და მეტყველების თერაპევტი, საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის საბჭოს წევრი  ელენე წკრიალაშვილი.

წინასასკოლო პერიოდი მნიშვნელოვანი დროა ბავშვის ენისა და  მეტყველების განსავითარებლად და შეფერხებების აღმოსაფხვრელად, გვესაუბრეთ, რა იწვევს ენისა და მეტყველების პრობლემებს  და როგორ უნდა ვიზრუნოთ ბავშვის დაბადებიდან ენისა და მეტყველების განვითარებაზე?

ბავშვის განვითარებაში საკომუნიკაციო უნარების, ენისა და მეტყველების განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება ბავშვისთვის ყველაზე საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ადამიანისთვის კომუნიკაცია არის ბუნებრივი საშუალება დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.
ენობრივი და საკომუნიკაციო უნარები პოზიტიურ გავლენას ახდენს სოციალურ ურთიერთობებზე, რაც ადამიანს ყველა ეტაპზე სჭირდება. ენის შესწავლა და განვითარება ბევრად მეტია, ვიდრე სიტყვების სწავლა, ყველა ბგერის გამოთქმის შესაძლებლობა ან ენის წესებისა და გრამატიკის გამოყენება. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელსაც სწორი გარემო და ხელშეწყობა სჭირდება.

ენისა და მეტყველების სირთულეების გამომწვევი მიზეზები მრავალმხრივია, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც სამედიცინო ასევე სოციალური ფაქტორებით გამოწვეული. ყველა შემთხვევაში  აუცილებელია ენობრივი და მეტყველების შეფერხების თუ დარღვევის ადრეული აღმოჩენა და შესაბამისად დროული ჩარევა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის  ენობრივი და მეტყველების უნარების განვითარებას.

მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება, ბავშვის საკომუნიკაციო, ენობრივი და მეტყველების განვითარების ხელშესაწყობად:

  • თამაში – თამაშის საშუალებით ბავშვებს უმუშავდებათ ისეთი უნარები, რომელიც აუცილებელია ენის განვითარებისთვის. მაგ: მოსმენა, დაკვირვება, მიბაძვა, სიმბოლოების გაგება, ცნებების ფორმირება და სოციალური უნარ-ჩვევები, როგორიცაა მონაცვლეობა და თანამშრომლობა. ბავშვები ძალიან ეფექტურად სწავლობენ თამაშით, პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვით და გამოცდილებით. 
  • უფროსის, საკომუნიკაციო პარტნიორის როლი, რადგან ნებისმიერი ბავშვის, საკომუნიკაციო, ენობრივი და სამეტყველო უნარების განვითარებისთვის  დიდი მნიშვნელობა აქვს რა გარემოში იზრდება ბავშვი, იმისათვის რომ ბავშვმა თავი  იგრძნოს დაცულად, დაფასებულად, ღირსეულად, ჩართულად და მშვიდად.
  • ენობრივი განვითარების ხელშემწყობი გარემო. ამ  დროს ახალი სიტყვის მოდელირება ბუნებრივ სასაუბრო გარემოში ხდება. ბავშვს ეძლევა შინაარსის გააზრების საშუალება, რადგან ხდება სიტყვის კონტექსტში გაგება და გააზრება.
  • მშობლის როლი ბავშვის ენისა და მეტყველების განვითარებისთვის. მშობლები თავიანთი შვილებისთვის მთავარი მოდელები არიან. აუცილებელია მათი მხრიდან შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება: მოკლე წინადადებების  და ბავშვის შესაბამისი ლექსიკის გამოყენებით, მშვიდად და გარკვევით საუბარი.
  • გააზრება იმისა, რომ მხოლოდ ბგერებზე მუშაობა ან ბგერების სწორი წარმოთქმა არ ეხმარება ბავშვის ენობრივ განვითარებას, როდესაც ბავშვის ლექსიკური მარაგი მწირია, ამიტომ მიზანი არა ცალკეულ ბგერებზე მუშაობა არამედ სიტყვების მნიშვნელობის გაგება, გააზრება და გამოყენებაა.

მეტყველება ეხმარება ბავშვს სრულფასოვნად გამოხატოს და დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში. როგორ უნდა ლაპარაკობდეს  ბავშვი სკოლაში წასვლის წინ და როგორ წავახალისოთ ის ამ მხრივ?

მეტყველება  არის ენის გამოყენების ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც რეალიზდება ენის საშუალებით. თუმცა არსებობს ენის გამოყენების სხვა ფორმებიც ( სახის გამომეტყველება, სხეულის ენა, არავერბალური მინიშნებები ჟესტები, მიმიკები და სხვა), რომლებიც კომუნიკაციისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი საშუალებაა, როგორც მეტყველება. კომუნიკაციას დიდი წვლილი შეაქვს ბავშვის განვითარებაში და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწავლასა და შემეცნებაში.
ამიტომ, უფროსები მაქსიმალურად უნდა უწყობდნენ ხელს ყველა ბავშვის კომუნიკაციური პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას, მნიშვნელობა არა აქვს, ეს მეტყველების გზით მოხდება, თუ რაიმე სხვა გზით.

ხუთი ან ექვსი წლის ასაკისათვის ბავშვს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული მეტყველება მდიდარი ლექსიკით, ჩამოყალიბებული წინადადებებითა და საუბრის დროს კარგად უნდა წარმოთქვამდეს სამეტყველო ბგერებს. ბავშვს ამ ასაკში  განვითარებული აქვს ყურადღების უნარი, ასე რომ, მას შეუძლია მითითებების გაგება და ამავე დროს სხვა აქტივობის შესრულება. აგრძელებს ახალი სიტყვების სწავლას – იზრდება მისი ლექსიკა, იყენებს ენობრივ უნარებს წერა-კითხვისა და მართლწერის სწავლაში. იაზრებს, რომ ერთი და იგივე სიტყვა შეიძლება აღნიშნავდეს ორ საგანს. იგებს აბსტრაქტულ ცნებებსა და აზრებს. იყენებს ენას სხვადასხვა მიზნებით, სხვების დარწმუნების, მოლაპარაკებისა და კითხვების დასმისათვის.

ბავშვის ენობრივი და მეტყველების უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და აუცილებელი

  • ბავშვის აღიარება, დაფასება და წახალისება,(უფროსებმა ბავშვს თავი მეგობრულ გარემოში უნდა აგრძნობინონ და ღირსებისა და თავდაჯერებულობის გრძნობა გაუძლიერონ; შეაქონ ბავშვი წარმატებული კომუნიკაციის შემთხვევაში);
  • სიტყვათა მარაგის გაზრდისთვის სასურველია ყოველდღიური საგნებისა და მოქმედებების დასახელება, ბავშვის მიერ ნათქვამი ფრაზების განვრცობა.
  • უფროსმა სწორად უნდა გაიმეოროს ბავშვის გაუგებრად ნათქვამი.
  • აღმზრდელები ბავშვს უნდა დაეხმარონ ჩაერთონ ყოველდღიურ მარტივ დიალოგებში, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.
  • განსაზღვრონ და შეაქონ ბავშვის სხვა ძლიერი მხარეები;

    გამოყენებული ლიტერატურა: კომუნიკაცია, ენა და მეტყველება.საბაზისო გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5