Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება მეან-გინეკოლოგი ნიკო ქორიძე. 

როგორ უნდა მოემზადოს ქალი ორსულობისთვის

ორსულობისთვის მოსამზადებლად აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი ბავშვის ჩასახვამდე,  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალის ასაკი აღემატება 35 წელს, რადგან ამ დროს ხშირია სხვადასხვა პათოლოგიის რისკი. ვიზიტის მიზანია დედისა და ახალშობილის ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ჯანსაღი ორსულობის შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება. ბევრი ქრონიკული დაავადება, როგორიც არის მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული ჰიპერტენზია, ფსიქიკური დაავადებები და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, უარყოფით გავლენას ახდენს ორსულობის გამოსავალზე, ამიტომ საჭიროებს სპეციალისტის მიერ ოპტიმალურ მართვას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინა მშობიარობიდან შემდგომ ორსულობამდე გავიდეს მინიმუმ 18 თვე, იმისათვის რომ შევამციროთ ნაადრევი მშობიარობის, სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრის, ნაყოფის საშვილოსნოს შიდა ზრდაში ჩამორჩენის და სხვა გართულებების რისკი. ჩასახვამდე ფოლიუმის მჟავის მიღება, ალკოჰოლის და ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შეწყვეტა დიდ როლს თამაშობს თანდაყოლილი ანომალიების რიცხვის შემცირებაში. 

რა ანალიზები და გამოკვლევები უნდა უძღოდეს წინ დაორსულებას?

რაც შეეხება ანალიზებს და გამოკვლევებს, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა ვაქცინები აქვს პაციენტს ჩატარებული. ჩუტყვავილა და წითურა საფრთხეს წარმოადგენს ნაყოფისათვის. თუ პაციენტს არ აქვს ამ დაავადებებზე აცრა გაკეთებული ან არ ახსოვს ამის შესახებ, უნდა განისაზღვროს ანტისხეულები სისხლის შრატში და საჭიროების შემთხვევაში უნდა აიცრას. რაც შეეხება დღეისათვის ყველზე აქტუალურ თემას, პაციენტი სასურველია აცრილი იყოს კოვიდ-19 ვაქცინით, თუმცა დღეს უკვე ორსულებისთვისაც არის შესაძლებელი აცრის ჩატარება. ასევე, უნდა შეიკრიბოს ქრონიკულ დაავადებებზე ანამნეზი და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს მკურნალობა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორსულობის პერიოდშიც. იკრიბება ასევე მედიკამენტების ანამნეზიც, იმის ცოდნა, თუ რა პრეპარატებს იღებს პაციენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი სამკურნალო საშუალება ტერატოგენულია ან საფრთხეს წარმოადგენს ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისათვის. ასეთი პრეპარატები ჩანაცვლდება სხვა, პაციენტისთვის უსაფრთხო საშუალებებით. ასევე მომატებული რისკის ჯგუფის ქალებში საჭიროა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი, რადგან მაგ. გონორეა, ქლამიდია და სიფილისი შესაძლოა იყოს უნაყოფობის მიზეზი. დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორების ოჯახურ ანამნეზს, გენეტიკური პათოლოგიების რისკის ჯგუფების გამოსავლენად. ასევე, როგორც ზემოთ ვახსენეთ, მნიშვნელობა აქვს ქალისა და მისი პარტნიორის  ასაკსაც, რადგან ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ქრომოსომული პათოლოგიების, გესტაციური დიაბეტის, პრეეკლამფსიის და სხვა დაავადებების რისკი. მიღწეული უნდა იყოს ნორმალური სხეულის მასის ინდექსიც, რადგან სიმსუქნე და წონის დეფიციტიც ასოცირებულია მრავალ გართულებებთან.

ექიმმა პაციენტს, რომელიც გეგმავს განმეორებით დაორსულებას, უნდა გამოჰკითხოს წინა ორსულობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. ჰქონდა თუ არა მაღალი არტერიული წნევა, ნაადრევი სამშობიარო მოქმედებები, საშვილოსნოს ყელის უკმარისობა, გესტაციური დიაბეტი ან რა გზით დასრულდა მშობიარობა, ხომ არ დასჭირვებია საკეისრო კვეთის ოპერაცია. ასევე, საჭიროა ვიცოდეთ, ხომ არ ყოფილა ლოგინობის ხანის გართულებები. გარკვეულ შემთხვევებში რეციდივის რისკი მაღალია, ამიტომ საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება.

რეკომენდებულია მავნე ჩვევებისგან  (ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკული საშუალებები) თავშეკავება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა,  სტრესული ფაქტორების მაქსიმალურად შემცირება და 400 მკგ. ფოლიუმის მჟავის ყოველდღიური მიღება.

როგორ უნდა მოემზადოს ქალი მშობიარობისთვის?

როდესაც ორსული ემზადება მშობიარობისთვის, სასურველია პარტნიორთან ერთად მიიღოს  რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მშობიარობის სხვადასხვა ეტაპებთან დაკავშირებით, იქნება ეს ინტერნეტით თუ სხვისი გამოცდილების გაზიარებით. არსებობს ასევე სპეციალური მშობელთა სკოლები. ასეთი გამოცდილების შემდგომ მშობიარობის პროცესი იქნება ნაკლებად სტრესული და შესაბამისად ნაკლებ გართულებებთან გვექნება საქმე. ორსულმა, სასურველია მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე შეარჩიოს და დაათვალიეროს მისთვის ყველაზე კომფორტული სამშობიარო სახლი, სადაც გაატარებს თავისი ცხოვრების რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5