Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ენისა და მეტყველების თერაპევტი ნატალია ჯამასპიშვილი.

გვესაუბრეთ, რას გულისხმობს აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაცია და რატომ არის ამ სფეროს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვებთან ენობრივი და საკომუნიკაციო უნარების განვითარების პროცესში?

მანამ, სანამ უშუალოდ ალტერნატიულ და აუგმენტურ კომუნიკაციაზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, განვმარტოთ რას ნიშნავს თავად კომუნიკაცია და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი პიროვნებისთვის. 

კომუნიკაცია არის ინფორმაციის, აზრების, გრძნობების ან შეტყობინებების გაცემისა და მიღების პროცესი (მინიმუმ ორ ადამიანს შორის). ის შეიძლება მოიცავდეს სიტყვებით, წერით, ჟესტებით, ინტონაციით, ჩაცმულობით, სიმღერით, და ა. შ., ურთიერთობებს. შეიძლება კომუნიკაცია სრულიად უსიტყვოდ, დუმილითაც კი გამოვხატოთ (მაგ.: როდესაც გაბრაზებას სიჩუმით გამოვხატავთ). კომუნიკაცია გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე ბავშვი საუბარს ისწავლის. ბავშვი ტირის, იღიმის, ყვირის ან სხვა ქცევებს მიმართავს იმისთვის, რომ კომუნიკაცია დაამყაროს და მშობლის ყურადღება მიიქციოს. ამ ქცევებს მზრუნველი თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს და ცდილობს ამოიცნოს, რისი „თქმა“ უნდა ბავშვს. შესაბამისად, კომუნიკაცია იწყება ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან. თუმცა თავდაპირველად კომუნიკაცია არამიზნობრივია (შემთხვევითი ხასიათი აქვს). დიდი როლი ენიჭება გარემოს მხრიდან პასუხებს. კომუნიკაციის პარტნიორმა უნდა განსაზღვროს, რომელ ქცევას სჭირდება პასუხი და რომელი ქცევაა განმეორებისთვის ღირებული. დროთა განმავლობაში ბავშვი სწავლობს, რომ როდესაც იტირებს, მას აჭმევენ, გამოუცვლიან ან ჩაეხუტებიან და უკვე ამის შემდეგ ის სპეციალურად ტირის სასურველის მისაღებად. ეს უკვე მიზანმიმართული კომუნიკაციაა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ქცევას შესაძლოა ჰქონდეს კომუნიკაციის პოტენციალი.

კომუნიკაციას ბევრი ფუნქცია აქვს, მათ შორის: პროტესტის გამოხატვა და უარყოფა (რაღაცაზე უარის თქმა); ობიექტის და/ან აქტივობის მოთხოვნა და კვლავაც განმეორება; ობიექტების დასახელება ყურადღების მიპყრობის, დადასტურებისა და რეაქციის მიზნით; ყურადღების მიქცევის მოთხოვნა; ობიექტების შეთავაზება; ნებართვის აღება; კითხვების დასმა და კითხვაზე პასუხი, მისალმება-დამშვიდობება, კომენტარის გაკეთება და სხვ. 

სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს ან ზრდასრულს, გარკვეული მიზეზების გამო, არ შეუძლია მეტყველებით გამოხატოს თავისი სურვილები, გვეხმარება ალტერნატიული და აუგმენტური საშუალებები, რაც გულისხმობს კომუნიკაციის დამყარების არატრადიციულ ხერხებს, რომელიც მეტყველებას არ გულისხმობს, მათ შორის არის: ჟესტიკულაცია, ჟესტები, თითით ან მზერით მინიშნება, ვოკალიზაციების გამოყენება, სახის გამომეტყველება, საკომუნიკაციო სურათებიანი დაფები, რასაც დახმარების გარეშე/სხეულებრივი ალტერნატიული და აუგმენტური საშუალებები ჰქვია. 

ასევე არსებობს დამხმარე ააკ (ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის) საშუალებები, მოწყობილობები და ჩამრთველები, რომლებიც თითის დაჭერით ხმას გამოსცემენ და მათ დაბალტექნოლოგიურ ააკ სისტემებს უწოდებენ, ხოლო ის მოწყობილობები, რომლებიც  უზრუნველყოფილია სპეციალური პროგრამებით და გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებას, მაგალითად ტელეფონს, ტაბლეტს, კომპიუტერს და მსგავსს, მაღალტექნოლოგიური საშუალებებია და მათ მეტყველების გამომცემ/მაგენერირებელ მოწყობილობებსაც უწოდებენ.

ვინ იყენებს ააკს?

აუგმენტური კომუნიკაცია გულისხმობს მეტყველების შემავსებელ ტექნიკებს, ხოლო ალტერნატიული კომუნიკაცია – მეტყველების ჩამნაცვლებელს. შესაბამისად, პიროვნებას შესაძლოა ააკ ხერხების გამოყენება დასჭირდეს დროებით ან მუდმივად, მთელი ცხოვრების განმავლობაში. ისეთი დარღვევები, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნების მეტყველებაზე და შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური, ნევროლოგიური, სენსორული, ფსიქოლოგიური ან კოგნიტური პროცესებიდან და შეიძლება იყოს შეძენილი ან თანდაყოლილი. მათ შორის:

  • განვითარების დარღვევები;
  • გენეტიკური სინდრომები;
  • აუტისტური სპექტრი;
  • ცერებრული დამბლა;
  • აფაზია;
  • მოტორული სირთულეები;
  • ინტელექტუალური დარღვევები;
  • მეტყველების დარღვევები;
  • ენობრივი განვითარების სირთულეები;
  • და სხვ.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ააკ სისტემების გამოყენება შესაძლოა დასჭირდეთ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც აფაზიის, დემენციის ან სხვა სამედიცინო მდგომარეობების გამო. 

ააკ ხერხების გამოყენება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სხვა ადამიანების ნათქვამის გაგება (რეცეპტული ენა) ბევრად აღემატება საუბრით გამოხატვის შესაძლებლობას და ეს მდგომარეობა გრძელდება ხანგრძლივად. ასეთ დროს შესაძლოა ააკ მუდმივად იყოს საჭირო. ასევე მაშინ, როდესაც ააკ საჭიროა მხოლოდ გარკვეული პერიოდით ან გარკვეულ სიტუაციაში. იყოფა ორ ქვეჯგუფად: 1. განვითარებადი ჯგუფი – ააკ არის მეტყველების განვითარების დამხმარე ნაბიჯი; 2. სიტუაციური ჯგუფი – განვითარებულია მეტყველება, თუმცა უცხო ადამიანებს უჭირთ მათი გაგება და ააკ სჭირდებათ, როგორც დამხმარე საშუალება. და კიდევ ერთი ჯგუფი ის, როდესაც ააკ საჭიროა მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორც გაგების, ასევე გამოხატვის გასაადვილებლად, რა დროსაც კომუნიკაციის პარტნიორსაც შესაძლოა დასჭირდეს ააკ ხერხების გამოყენება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5