Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ABA თერაპევტი მარიამ ლაფერაშვილი. 

გვესაუბრეთ წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ბავშვობის ადრეულ ეტაპზე. ოდის უნდა დავიწყოთ წიგნის კითხვა პატარებისთვის და როგორ წავუკითხოთ ისე, რომ მოგვისმინონ

კითხვა ჯანსაღი ჩვევაა, რომელიც სასურველია იყოს მშობლის მხრიდან წახალისებული. როდესაც თქვენ კითხულობთ და ბავშვი ამ პროცესს აკვირდება, ეს ძალიან პოზიტიურია, რადგან ადრეულ ასაკში გააქტიურებულია ქცევითი მოდელირება, შესაბამისად ისინი იწყებენ კითხვას თქვენი შემყურე. შემდეგ კი იწყებენ დამოუკიდებლად კითხვას, რომლის დროსაც ცდილობენ მიიპყრონ თქვენი ყურადღება, რაც მათ ძალიან უყვართ.

როდის უნდა დავიწყოთ ბავშვებთან ერთად კითხვა? 

პასუხი მარტივია, არასდროს არ არის ადრე. თქვენ შეგიძლიათ ბავშვებისათვის წიგნების კითხვა მისი მუცლადყოფნის პერიოდში დაიწყოთ. თქვენი ბავშვისთვის კითხვა შესანიშნავი შესაძლებლობაა ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის, ის ასევე ეფექტური გზაა, რათა დაეხმაროთ თქვენს პატარას ადრეული წიგნიერების უნარების ჩამოყალიბებაში, მათ შორის ძლიერი ლექსიკისა და კითხვის სიყვარულის განვითარებაში.

რაში ეხმარება პატარებს კითხვა?

კითხვა ხელს უწყობს ჯანსაღი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას მკითხველსა და ბავშვს შორის. ბავშვებისათვის კითხვა იდეალური გზაა მეტყველების, ბგერებისა და რიტმების გაუმჯობესებისათვის, რომელიც ენის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. სასურველია ბავშვს წაუკითხოთ ყოველდღიურად, ასაკის შესაბამისი წიგნები, რომლებიც პატარებს დაეხმარება ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში, ასევე წიგნიერების, წარმოსახვის უნარების, კომუნიკაციისა და ემოციური ინტელექტის გაუმჯობესებაში. 

როგორ წავუკითხოთ პატარებს ისე, რომ მოგვისმინონ?

პირველ რიგში გამოყავით ამისათვის საკითხავი კუთხე, მოეწყეთ კომფორტულად, რათა არანაირმა ფიზიკურმა გარემომ არ შეგიშალოთ ხელი კითხვის პროცესში.

•           მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ხმა, გაახმოვანეთ ცხოველები, კითხვისას დაამატეთ მხიარული ხმოვანი ეფექტები.

•           ეწვიეთ ბიბლიოთეკებს, წიგნის მაღაზიებს (როდესაც ბავშვები შეძლებენ დამოუკიდებლად სიარულს), შესთავაზეთ მათ წიგნების არჩევა და დააკვირდით რომელს აქცევენ ყურადღებას, როგორი წიგნები მოსწონთ. ეს იდეალური გზაა ბავშვის ინტერესებზე დაკვირვებისათვის.

•           იყავით მაგალითი. თუ თქვენი შვილი დაინახავს, რომ თქვენ კითხულობთ, ის აუცილებლად მოგბაძავთ.

•           შეგიძლიათ გამოიყენოთ ალბომის ფოტოები.  ესაუბრეთ მისთვის ნაცნობ ადამიანებზე, მოუყევით კონკრეტული ფოტოების ისტორია, მათ ნამდვილად მოეწონებათ ნაცნობი სახეების დანახვა

•           დაისვით პატარა პირისპირ. ადრეული განვითარების ეტაპებზე, სასურველია ისხდეთ პირისპირ ან გვერდიგვერდ, რათა თქვენი ემოციებისა და იმიტირებული ქმედებების დანახვა მარტივად აღსაქმელი იყოს ბავშვისათვის.

დაიწყეთ ბავშვებისათვის კითხვა ორსულობისას ან ჩვილ ასაკში, რათა მიიღოთ მეტი სარგებელი წიგნიერების ადრეული განვითარებისგან. თუ ეს ადრეული პერიოდი გამოტოვეთ, არ ინერვიულოთ, რადგან ნებისმიერი დრო შესანიშნავია ერთად კითხვისათვის. შეარჩიეთ ასაკზე ადაპტირებული ილუსტრირებული წიგნები, რომლებიც თქვენს შვილებს სიამოვნებთ და დაეხმარეთ მათ განავითარონ კითხვის სიყვარული, რომელიც მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვებათ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი