Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმასდედამიცისესაუბრება პედიატრი ეკატერინე კუცია.

რა დრო მიიჩნევა საუკეთესო პერიოდად, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი მზად არის მყარი კვების დასაწყებად და ეს დროულიცაა?

მყარი კვების დაწყების საუკეთესო პერიოდი არის 4-დან 6 თვემდე და  ეს არის იდეალური შუალედი ბავშვისთვის.  ამ პერიოდში ბავშვის მზაობა მყარ კვებაზე გადასვლისთვის  უნდა შეფასდეს მშობლის და პედიატრის მხრიდან. პატარა ამ პერიოდში თავს უნდა იჭერდეს თავისუფლად, უნდა შეეძლოს მჯდომარე მდგომარეობის შენარჩუნება და ინტერესს გამოხატავდეს საკვების მიმართ. როდესაც თქვენ მუხლებზე გიზით პატარა და მიირთმევთ საკვებს, უნდა დააკვირდეთ ბავშვის რეაქციებს, გიყურებთ თუ არა, თვალს აყოლებს თუ არა მოძრაობებს, ხომ არ იშვერს ხელს პირისკენ ან თქვენკენ, თუ გამოხატავს მძაფრ ინტერესს მყარი საკვების მიმართ და ა.შ.  ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  და განმსაზღვრელი ნიშანი, ასაკი და ფიზიკური განვითარება – თავის დაჭერა თავისუფალ მდგომარეობაში და მჯდომარე პოზა. 4-დან 6 თვემდე პერიოდში ბავშვს უნდა  გავაცნოთ  სხვადასხვა საკვები პროდუქტი, რადგან აქამდე მისი ერთადერთი საკვები იყო რძე. უნდა გავიაზროთ ისიც, რომ საკვებს, რომელსაც  შევთავაზებთ ექვს თვემდე ბავშვს, ვერ ექნება კვებითი ღირებულება, რადგან  ეს საკვები არის მინიმალური რაოდენობის და ამ ასაკში მთავარ საკვებად ისევ და ისევ რჩება რძე და არ უნდა შევამციროთ რძის რაოდენობა. მნიშვნელოვანია ნელ-ნელა  გავამრავალფეროვნოთ ბავშვის კვების რაციონი, ახალი ცილები, ახალი ცხიმები, ახალი ნახშირწყლები უნდა გავაცნოთ მას, რათა მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა მომწიფდეს და მოემზადოს ახალი პროდუქტების გადასამუშავებლად და შესათვისებლად. ახალი გემოების, ახალი სურნელის,  ახალი ტექსტურის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში და არ უნდა შევუზღუდოთ ბავშვს ხელის შეხება პროდუქტზე. მყარ კვებაზე გადასვლის ეტაპზე არის მეორე  მნიშვნელოვანი ფაქტორი და ეს გახლავთ ალერგიების პრევენცია. მოგეხსენებათ, რომ ყველა პროდუქტში არის ცილოვანი უჯრედი, რომელიც პოტენციური ალერგენია, რადგან არის ახალი, არის უცნობი, და უცხო სხეულზე ორგანიზმი ხშირად პასუხობს ალერგიული რეაქციით. ალერგიული რეაქცია გახლავთ ორგანიზმის  დაცვითი რეაქცია. დამატებით კვებას ვიწყებთ მცირე ულუფით, 5 მლ, ჩაის კოვზით და ნელ-ნელა ვზრდით რაოდენობას; მეორე დღეს ვაძლევთ 10 მლ და შეგვიძლია დავრჩეთ ამ რაოდენობაზე. 

რას ემსახურება ასე მცირე ულუფებით პროდუქტების შეთავაზება ბავშვისთვის?

პროგრესულად მზარდი დოზა და მუდმივობა, ეს  ფაქტორები განსაზღვრავს, როგორ გამოიმუშავებს ბავშვი მიმღებლობას ამ ცილის მიმართ. ორგანიზმს მცირე დოზებით ვაპარებთ ახალ საკვებს, ვაცნობთ, მეორე დღეს ისევ შეხვდება იგივე ცილას მცირე დოზით, მესამე დღეს ისევ  და უკვე ჩამოყალიბდება “ნაცნობობა” და შესაბამისად ორგანიზმი არ აღიქვამს, როგორც უცნობს და არ წარმოიშობა ალერგიული რეაქციის კასკადი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც მიჩნეულია მაღალი ალერგიული რისკის მატარებლად  (კვერცხი, არაქისი, თევზი, კივი), შევთავაზოთ ამ პერიოდში ბავშვს, მცირე ულუფებით და დოზების ზრდით. ხშირად ისმის კითხვა არაქისი როგორი ფორმით შევთავაზოთ ბავშვს, თუმცა არსებობს არაქისის კარაქი, რომელიც პირდაპირ კოვზით არ უნდა მივცეთ ბავშვს, რადგან გადაცდენის და მოხრჩობის რისკი მაღალია, შეგიძლიათ დაუმატოთ რძეში, ხილის ან ბოსტნეული პიურეებში, რომელსაც უმზადებთ ან თუ ყიდულობთ მზა საკვებს, გაცხელების დროს შეგიძლიათ შეურიოთ პირველ ჯერზე ხუთი მლ, ერთი ჩაის კოვზი და ბავშვს შესთავაზოთ კვირაში სამჯერ მაინც; ასე აიცილებთ ალერგიას მომავალში. ამ პერიოდში შეგვიძლია ბავშვს გავასინჯოთ გლუტენის შემცველი პროდუქტებიც და არ გადავავადოთ ერთი წლის შემდეგ ან უფრო დიდი ხნით, რადგან რაც უფრო გვიან შევთავაზებთ ბავშვს ასეთ პროდუქტს, მით უფრო იზრდება ალერგიის რისკი.  4-6 თვის შუალედში მცირე და მზარდი დოზებით საკვების შეთავაზება ბავშვისთვის არის ტოლერანტობის გამომუშავების გარანტი. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5