ნივთების მიწვდომისა და ჩაჭიდების უნარი ჩვილებს სამყაროს შეცნობის ახალ შესაძლებლობებს აძლევს. ის მათი პირველი ნაბიჯია საკუთარი თავის გამოკვების, კითხვის, წერის, ხატვისა და თვითმოვლის გზაზე.
თქვენს პატარას ახალშობილობიდან აქვს თანდაყოლილი რეფლექსი, რომლის საშუალებითაც შეუძლია ჩაეჭიდოს საგნებს, მაგალითად თქვენს თითს. თუმცა, საგნების მიწვდომისა და დაჭერის უნარი მე-3 თვის ბოლოსკენ ვითარდება და პირველი ერთი წლის განმავლობაში დაიხვეწება.
0-2 თვე
ბავშვები იბადებიან ხელის ჩაჭიდების რეფლექსით. თუ ბავშვს შეეხებით ხელისგულზე, ის მაშინვე ჩაებღაუჭება თქვენს თითს. მაგრამ ეს მოძრაობები ინსტინქტურია პირველი 8 კვირის განმავლობაში.
ამ ხნის განმავლობაში თქვენს ბავშვს ხელები ძირითადად მუშტებად ექნება შეკრული, მაგრამ ის მალე დაიწყებს მათ გახსნა-დახურვას და გამოკვლევას. მან შეიძლება სცადოს რბილი საგნების დაჭერაც.
3 თვე
თქვენს პატარას ამ ასაკში ჯერ კიდევ არ შეუძლია ნივთების აკურატულად დაჭერა ხელში, მაგრამ მისი ხელისა და თვალის კოორდინაცია უმჯობესდება და ის ცდილობს მისწვდეს და ხელი ჩაავლოს ნივთებს. იატაკზე მოწყობილ სავარჯიშო დარბაზში, თუ ზურგზე დააწვენთ, ის ეცდება მის თავზე დაკიდებული საინტერესო ნივთები დაიჭიროს.
4-8 თვე
4 თვის ასაკისთვის პატარებს შეუძლიათ აიღონ დიდი საგნები, მაგალითად კუბიკები.
პირველი კბილის ამოჭრამდე ცოტა ხნით ადრე (ჩვეულებრივ, 4-დან 7 თვემდე), თქვენი ბავშვი დაიწყებს ახლოს მდებარე ნივთების ხელში აღებას და პირში ჩადებას. ასევე, კოვზის გამორთმევასაც, თუ უკვე ჭამს მყარ საკვებს.
7 თვის ასაკის ჩვილს შეუძლია ორივე მკლავის ნაცვლად ერთი ხელით მისწვდეს საგნებს.
შემდეგ ის თანდათან ისწავლის საგნის თავისკენ მიწევას და დაიწყებს ობიექტების გადატანას ერთი ხელიდან მეორეზე. დარწმუნდით, რომ მის ახლოს ვერ მოხვდება პატარა ნივთები, რომლებიც საშიშია გადაცდენისთვის.
9-12 თვე
ამ ასაკში პირველად შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ ერთ-ერთ ხელს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა თქვენ ვერ შეძლებთ განსაზღვროთ ის ცაცია იქნება თუ არა, 2-3 წლის ასაკამდე.
ის ასევე სრულყოფს მარწუხისებური ჩაჭიდების უნარს, რაც საშუალებას აძლევს აიღოს პატარა ნივთები ცერისა და საჩვენებელი თითის გამოყენებით.
რა იქნება შემდეგ?
ნივთების ჩაჭიდების უნარის სრულყოფის შემდეგ, ის მალე დაიწყებს მათ გამოკვლევას, სროლას, გაგორებას და ა.შ.
დაახლოებით 18 თვისთვის ის შეძლებს ფანქრის გამოყენებას დასახატად და 3 წლისთვის შეიძლება რამდენიმე ასოს გამოყვანაც ისწავლოს.
როგორ დავეხმაროთ ამ უნარების განვითარებაში?
ხელის ჩაჭიდების რეფლექსის წახალისებისთვის, ახლოს დაუკიდეთ სათამაშოები იმ მანძილზე, რომ მოინდომოს მათი დაჭერა (ძალიან შორს არ დაკიდოთ ნივთები, რომ მისი იმედგაცრუება თავიდან აიცილოთ). მიეცით მას იოლად ასაღები ნივთები, მაგალითად რბილი კუბიკები, პლასტმასის რგოლები და მუყაოს წიგნები.
მარწუხისებური ჩაჭიდების უნარის წასახალისებლად მიეცით საშუალება, საკუთარი ხელით ჭამოს, სანამ კოვზით ან ჩანგლით ჭამას შეძლებს.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ თქვენი შვილი არ ინტერესდება მის ახლოს მოძრავი ობიექტებით 2-3 თვის ასაკში, არ ცდილობს მათ მიწვდომას 3 თვის ასაკში ან ხელის ჩაჭიდებას 3-4 თვის ასაკში, შეატყობინეთ პედიატრს. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება და ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეთ გარკვეული უნარების ასათვისებლად.
საინტერესო ფაქტი: კვლევების მიხედვით, ბავშვებს რაიმე საგნის მიწვდომის მიზნით მკლავებისა და ხელების კოორდინაციისათვის მხედველობის გამოყენება არ სჭირდებათ.
წყარო: www.babycenter.com