პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.
რა მდგომარეობაა ბავშვისთვის, როდესაც ის გარიყულია თანატოლებისგან და როგორ დავეხმაროთ ასეთ დროს?
ჩვენ, ალბათ, ხშირად შეგვიმჩნევია თანატოლთა ჯგუფში მყოფი ბავშვი, რომელიც არ ერთვება საერთო ჯგუფურ აქტივობაში, არ იჩენს ინიციატივას და პასიურ მდგომარეობაშია. ბავშვი, რომელიც გარიყულია, შესაძლოა საერთოდაც განზე იდგეს და არა მხოლოდ ემოციურად იყოს დისტანცირებული თანატოლებისგან/თანაკლასელებისგან, არამედ ფიზიკურადაც. სოციალური კომპეტენტურობის მქონე ბავშვებისგან განსხვავებით, მათ, როგორც წესი, არ აქვთ აღიარება გარშემომყოფთა მხრიდან, მდგომარეობა ხელისშემშლელია, რამეთუ ვერ ახერხებენ დაამყარონ კონტაქტი თანატოლებთან. ნებისმიერი ქცევითი სირთულის მიღმა ემოციურ-ფსიქოლოგიური კომპონენტია. რის ფონზეც ჩნდება ჩივილი/სიმპტომი (ამ შემთხვევაში სიმპტომი შესაძლოა იყოს გარიყულობა, საკუთარ თავში ჩაკეტილობა), როგორც სიგნალი ადეკვატური მხარდაჭერის საჭიროებაზე. კომუნიკაციის დამყარების სირთულე სხვადასხვა ფაქტორისგან შესაძლოა იყოს განპირობებული: დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ნეგატიური გამოცდილება, შეცდომის დაშვების შიში, სიმორცხვის გადაჭარბებული განცდა, აგრესიული დამოკიდებულება სხვათა მიმართ. ასეთ მდგომარეობაში ბავშვი მუდმივად განიცდის ფრუსტრაციას, რაც ნეგატიურ განცდებს ერთიორად ამძაფრებს და ამის ფონზე სულ უფრო ნაკლებად ერთვება საერთო საკლასო აქტივობებში, თამაშებში…
ისევე, როგორც ნებისმიერი ემოციურ-ქცევითი პრობლემის განხილვისას, გვერდს ვერ ავუვლით ოჯახის როლს, რომელმაც შესაძლოა მოზარდის პრობლემის აღმოფხვრაში ან პირიქით დამძიმებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა, მარცხის მიმღებლობა, საკუთარი სურვილების გამოხატვის უნარი, ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც განსაზღვრავენ თუ რამდენად შეძლებს ბავშვი ჯანსაღი კონტაქტის დამყარებას თანატოლებთან და, რაც ასევე მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან. თუკი ოჯახში წახალისებული და შემჩნეული იქნება ბავშვის ინიციატივა, კრეატიულობა, მას მომავალში გაუმარტივდება საკუთარი თავის წარმოჩენა. მშობლის უკუკავშირი (ეს იქნება კონკრეტული შენიშვნა თუ შექება), რომელიც ქცევაზე მიმართულია და არ ეხება ბავშვის პიროვნულ ნაწილს, როგორც უნიკალურსა და შესაძლებლობებით სავსეს, თვითშეფასების ჯანსაღად განვითარებას უწყობს ხელს. ადეკვატური თვითშეფასება კი განაპირობებს წარმატებულ ურთიერთობებს, მარცხის მიმღებლობას, თანაგრძნობის უნარის განვითარებას და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდის უნარები, შესაძლებლობები ზრდასრულთა მხრიდან შეუმჩნეველია, მას უჭირს დაიჯეროს, რომ აქვს უნარი გადაჭრას პრობლემა, მიაღწიოს სასურველ მიზანს, მოიპოვოს აღიარება და პატივისცემა. არის კიდევ იმგვარი მოცემულობა, როდესაც უკუკავშირი უკიდურესად არაჯანსაღია. მისი არარსებობაც პრობლემას ქმნის და მისი არსებობაც თუკი იგი ხელისშემშლელია. მაგ: ბავშვის მცდელობის დაკნინება, შედეგის გაუფასურება, მოზარდის მიერ გამოჩენილი ინიციატივის არასერიოზულად მიღება და მშობლების (მზრუნველის) განცდა – რომ თავის შვილს (აღსაზრდელს) არასაკმარისი შესაძლებლობები აქვს, ბავშვი პირდაპირ ირეკლავს, თავადაც მსგავსი დამოკიდებულება უჩნდება საკუთარი თავის მიმართ და სწორედ იმის შიში, რომ მსგავსი ნეგატიური უკუკავშირი არ მიიღოს თანატოლებისგან , იზოლირდება და ამ ფორმით ასე ვთქვათ ცდილობს ‘’გადაირჩინოს’’ თავი, არ შეხვდეს მისთვის მრავალჯერ განცდილ, მძიმე მოცემულობას. ამგვარად ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტვა თავდაცვის მექანიზმად გვევლინება.
მნიშვნელოვანია აქცენტი გავაკეთოთ მშობლების დამოკიდებულებაზე, რომელიც ხშირად უკიდურესი მღელვარებით, ბრაზის, შფოთვითა და ბავშვში ბრალეულობის აღმოჩენის მცდელობით გამოიხატება. არის შემთხვევები, როდესაც მშობელი აკრიტიკებს თავის შვილს, მიუთითებს მის უუნარობაზე და წარმოუჩენს მომავალს, როგორც უპერსპექტივოს. საპირისპირო მაგალითებიც არსებობს, როდესაც მშობელი გარემოში ეძებს სრულ პასუხისმგებლობას პრობლემის შესახებ და ხშირად აძაგებს თავისი შვილის თანატოლებს. ასე მოზარდის დახმარება შეუძლებელია, პირიქით, ზედმეტი კრიტიკით მათ ემოციურ მდგომარეობას ვამძიმებთ. როდესაც მშობელი აფიქსირებს და ცალსახად ფლობს ინფორმაციას, რომ მისი შვილი გარიყულია თანატოლების წრიდან, მნიშვნელოვანია ჰქონდეს მიმღებლობა, რათა შეძლოს მიზანმიმართული დახმარება. ხშირად მშობელი უარყოფს საკითხს, როგორც პრობლემას, შესაბამისად მხარდაჭერას ვერ იღებს მოზარდი, სირთულის წინაშე კი მარტო რჩება. ემპათიით გაჯერებული კომუნიკაცია კი სწორედ ისაა, რაც მათ ძალიან სჭირდებათ გარკვეული სირთულეების ჟამს. ნდობა, რომ ალბათ მართლაც არსებობს მისთვის რეალური მიზეზი, რის გამოც არ შესწევს ძალა ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებისა და ამასთანავე იმედი, რომ მოზარდს აქვს რესურსები სწორი მხარდაჭერის კვალდაკვალ გადაჭრას კონფლიქტური საკითხები საკუთარ თავთან თუ გარშემომყოფებთან.