Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ნანა ნაცაური. 

გვესაუბრეთ, რას მოიცავს ბავშვთა ფიზიკური განვითარება და რატომ არის ფიზიკური აქტივობები  მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის? რა გავლენას ახდენს მსგავსი აქტივობები ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე?

ფიზიკური აქტივობა ბავშვის ადრეული განვითარების საფუძველია და გადამწყვეტ როლს თამაშობს მოტორული და გონებრივი (შემეცნებითი) უნარების ჩამოყალიბებაში. განვითარების ყველა სფერო თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა, ფიზიკური განვითარება სიცოცხლის პირველ თვეებში, მომავალი პროგრესის საფუძველს ქმნის. ბაღისა და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვები განვითარების მნიშვნელოვან ფაზას გადიან – ამ დროს იქმნება ცხოვრებისათვის გადამწყვეტი ბიოლოგიური, ფსიქო-სოციალური და შემეცნებითი საფუძვლები. 

მოტორული განვითარება არის ბავშვის უნარი, ესა თუ ის მოძრაობა სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით შეასრულოს. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ (ანუ უხეშ) და წვრილ (ანუ ნატიფ) მოტორიკას და სენსომოტორულ (ანუ მგრძნობელობით-მოძრაობით) უნარებს.

ფიზიკური აქტივობის შესაბამისი პრაქტიკა ეხმარება ახალგაზრდებს: ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნეირო-კუნთოვანი აღქმის განვითარებასა და სხეულის ჯანმრთელი წონის შენარჩუნებაში. აქედან გამომდინარე, ეცადეთ, ბავშვი სხვადასხვა ტიპის ასაკისთვის შესაბამისი აქტივობებით დატვირთოთ და ცხოვრების აქტიურ სტილს შეუწყოთ ხელი. ბავშვებს ბუნებრივად აქვთ მოძრაობის სურვილი, მთავარია, შეთავაზებული აქტივობები მათ ინტერესებზე იყოს მორგებული. ფიზიკური დატვირთვა ზრდასრულობაში ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესის გაუმჯობესებისა და შენარჩუნების საფუძველია. მოტორული უნარები ასოცირდება ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტთან, როგორიცაა: ნორმალური წონის შენარჩუნება, თვითშეფასება, კარდიო-რესპირატორული ფიტნესი, კოგნიტური უნარები და სხვა… 

მართალია, ბავშვის ფიზიკური ჩვევები და უნარები გარკვეული კანონზომიერებით ვითარდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და განვითარების ტემპიც ინდივიდუალური აქვს.

როდესაც ფიზიკურ აქტივობაზე ვსაუბრობთ, ალბათ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ტიპის აქტივობები და ვარჯიშები იგულისხმება: ეს არის სირბილი, სპორტული თამაში თუ მიზანმიმართულად რაიმე ტიპის ვარჯიშები სხვადასხვა საჭიროების მიხედვით?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ფიზიკური აქტივობა მოიცავს: თამაშს, სპორტს, ტრანსპორტირებას, საქმეებს, დასვენებას, ფიზიკურ აღზრდას ან დაგეგმილ ვარჯიშს ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების საქმიანობის გარემოში.

ბავშვებისა და მოზარდების ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები ფოკუსირებულია სამი სახის აქტივობაზე – აერობული (ვარჯიშები, რომლის დროსაც იმატებს პულსი, სუნთქვის სიხშირე და დიდი რაოდენობით ჟანგბადი მიეწოდება ორგანიზმს), კუნთებისა და ძვლების გასაძლიერებელი ვარჯიშები. თითოეულ მათგანს აქვს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი სარგებელი. გარკვეული აქტივობები შეიძლება იყოს როგორც აერობული, ასევე, კუნთებისა ან ძვლების გამაძლიერებელი. უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ცხრილში.

ბავშვებისა და მოზარდების აერობული, კუნთებისა და ძვლების გამაძლიერებელი ფიზიკური აქტივობების მაგალითები (ფიზიკური აქტივობის სახელმძღვანელო): 

ფიზიკური აქტივობის ტიპისკოლამდელი ასაკის ბავშვებისკოლის ასაკის ბავშვებიმოზარდები
ზომიერი ინტენსივობის აერობული• თამაშები, როგორიცაა „მიჰყევი ლიდერს“, გაიმეორე მისი მოძრაობა, მიბაძე  • სათამაშო მოედანზე თამაში  • სამ ან ორბორბლიანი ველოსიპედის ტარება  • სიარული, სირბილი, ხტომა, ცეკვა  • ცურვა  • თამაშები, რომლებიც მოითხოვს დაჭერას, სროლას და დარტყმას  • ტანვარჯიში ან ცურვა• სწრაფი სიარული  • ველოსიპედის ტარება  • აქტიური დასვენება, როგორიცაა ლაშქრობა, სკუტერის ტარება (ძრავის გარეშე), ცურვა  • თამაშები, რომელიც მოითხოვს დაჭერას და სროლას (ბეისბოლი და სოფტბოლი)• სწრაფი სიარული  • ველოსიპედის ტარება  • აქტიური დასვენება, როგორიც არის ნიჩბოსნობა, ლაშქრობა, ცურვა  • თამაშები, რომელიც მოითხოვს დაჭერას და სროლას, როგორიცაა ბეისბოლი და სოფტბოლი  • სახლისა და ეზოს სამუშაოები, როგორიცაა გაზონის გაკრეჭა  • ზოგიერთი ვიდეო თამაშები, რომლებიც მოიცავს უწყვეტ მოძრაობას
ენერგიული ინტენსივობის აერობული• თამაშები, როგორიცაა „მიჰყევი ლიდერს“ ან თვალყურის დევნება  • სათამაშო მოედანზე თამაში  • სამ ან ორბორბლიანი ველოსიპედის ტარება • სიარული, სირბილი, ხტუნვა, ცეკვა  • ცურვა  • თამაშები, რომელიც მოითხოვს დაჭერას, სროლას და დარტყმას  • ტანვარჯიში ან ცურვა• სირბილი  • ველოსიპედით სეირნობა  • აქტიური თამაშები – სირბილთან და დევნასთან დაკავშირებული • თოკზე ხტომა  • თხილამურებით სრიალი  • სპორტი, როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ცურვა, ჩოგბურთი   • საბრძოლო ხელოვნება  • ენერგიული ცეკვა• სირბილი  • ველოსიპედით სეირნობა  • აქტიური თამაშები – სირბილთან და დევნასთან დაკავშირებული  • თხილამურებით სრიალი  • სპორტი, როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ცურვა, ჩოგბურთი  • საბრძოლო ხელოვნება  • ენერგიული ცეკვა
კუნთების გაძლიერება• თამაშები, როგორიცაა ბუქსირება  • სათამაშო მოედნის მოწყობილობებზე ასვლა  • ტანვარჯიში• წინააღმდეგობის ვარჯიშები სხეულის წონის ან წინააღმდეგობის რეზინების გამოყენებით  • თოკზე ან ხეზე ცოცვა  • სათამაშო მოედნის მოწყობილობებზე ასვლა  • იოგის ზოგიერთი ფორმა• წინააღმდეგობის ვარჯიშები სხეულის წონის, წინააღმდეგობის რეზინების, წონის აპარატების, ხელის წონების გამოყენებით  • იოგის ზოგიერთი ფორმა
ძვლის გაძლიერება• ხტუნვა  • თოკზე ხტომა  • სირბილი  • ტანვარჯიში• ხტუნვა  • თოკზე ხტომა  • სირბილი  • სპორტი, რომელიც მოიცავს ხტომას ან მიმართულების სწრაფ შეცვლას• თოკზე ხტომა  • სირბილი  • სპორტი, რომელიც მოიცავს ხტომას ან მიმართულების სწრაფ შეცვლას

გარდა ჭარბი წონისა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა როგორ აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე?  მოქმედებს თუ არა ფიზიკური აქტივობის დეფიციტი მის განწყობაზე, ძილზე, სოციალურკომუნიკაციურ უნარებზე და  ზოგადად მენტალურ თუ ფიზიკურ კეთილდღეობაზე?

ფიზიკური დატვირთვა  ახალგაზრდებში ფსიქოლოგიურ სარგებელთან ასოცირდება, გამოიყენება შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებზე კონტროლის გასაუმჯობესებლად, ხელს უწყობს სოციალურ განვითარებას, კომუნიკაციის, თვითგამოხატვის, თავდაჯერებულობის ჩამოყალიბების, სენსორული შესაძლებლობების,  სოციალური ურთიერთობისა და ინტეგრაციის საშუალებით. 

სპორტი ან თუნდაც ხანგრძლივი სეირნობა აუმჯობესებს ძილს და ამცირებს სტრესს. ვარჯიში კი აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და ზრდის თვითშეფასებას. ის ასტიმულირებს ტვინში ბედნიერების ჰორმონის (სეროტონინის) გამომუშავებას – ვარჯიში კარგ ხასიათზე გვაყენებს. 

კვლევებზე დაყრდნობით, ფიზიკურ აქტივობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური აშლილობის დროს, როგორც პრევენციული, ასევე, თერაპიული კუთხით (მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პროცესში ჩართული უნდა იყოს სპეციალისტი). 

ასაკობრივად, რა დრო უნდა ეთმობოდეს ფიზიკურ აქტივობებს ყოველდღიურად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ამჟამინდელი სტატისტიკის მიხედვით, ბავშვებისა და ახალგაზრდების 80% საკმარისად არ ვარჯიშობს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვა დღეში 60 წუთის განმავლობაში (თავისუფალი ფიზიკური დატვირთვა დღის განმავლობაში რამდენიმე საათი უნდა გაგრძელდეს). მჯდომარე პოზიციაში ბავშვის გაჩერება გადაბმულად დღეში 60 წუთზე მეტი რეკომენდებული არ არის (ძილის გარდა).

5–17 წლის ბავშვები და ახალგაზრდები საშუალოდ, ყოველდღიურად 60 წთ. ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობით უნდა კავდებოდნენ. ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის უმეტესი ნაწილი აერობული უნდა იყოს. მნიშვნელოვანია კვირაში მინიმუმ 3-ჯერ აქტიური ვარჯიშების ჩართვა, მათ შორის – კუნთებისა და ძვლების გამაძლიერებელი აქტივობები. 60 წუთზე მეტი ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობის დამატებით სარგებელს უზრუნველყოფს.

მშობლებს დიდი გავლენა აქვთ შვილების ცხოვრების ხარისხზე. თუ თქვენ სპორტით ხართ დაკავებული, დადიხართ ველოსიპედით ან დარბიხართ, თავისუფალ დროს ვარჯიშობთ და არდადეგებს აქტიურად ატარებთ, ეს თქვენს შვილებსაც წაახალისებს. 

არ დაგავიწყდეთ, მნიშვნელოვანია, ფიზიკური დატვირთვა ბავშვისთვის სახალისო და სასიამოვნო იყოს!

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5