პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ენისა და მეტყველების თერაპევტი სოფიო ქურასბედიანი.
ბავშვების ციფრულ ეკრანებთან მიჯაჭვულობის ერთ–ერთი სავალალო შედეგი ბავშვის მეტყველებაში გამოვლენილი ხარვეზებია. გვესაუბრეთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ციფრული მენიუს ხშირად გამოყენებამ ბავშვის ენისა და მეტყველების განვითარებაზე?
მიზეზების ჩამონათვალი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მეტყველების დაგვიანება, ფართოა. ეს საკითხი მუდამ იდგა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა მეტად წინ წამოსწია – კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონზე მიჯაჭვულობა ბევრი ბავშვისთვის გახდა მეტყველების დაგვიანების ან შეფერხების მიზეზი.
ჩვენი თავის ტვინი შედგება მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებისგან, ენისა და მეტყველების ფუნქციებს წარმართავს მარცხენა ჰემისფერო, მარჯვენა ჰემისფერო ვიზუალურ, სივრცით აღქმაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად გაჯეტების ზემოქმედება ახდენს მარჯვენა ჰემისფეროს განვითარებას და მარცხენა ჰემისფეროს განვითარება ფერხდება. თავის ტვინის ის ჰემისფერო, რომელიც ენასა და მეტყველებაზეა პასუხისმგებელი, დომინანტურ ჰემისფეროდ არის მიჩნეული.
ბავშვს, ცხოვრების პირველ ორ წელიწადში, განსაკუთრებით სჭირდება რეალური, ბუნებრივი კომუნიკაცია და არა რაიმე ფიქციური პერსონაჟი ტელევიზორში ან ტაბლეტზე, რადგან იმ პერიოდში, როდესაც ხდება მისი კომუნიკაციისა და სამეტყველო ჩვევების ჩამოყალიბება, არ აქვს შესაბამისი სამეტყველო გარემო. ეკრანი ვერ ჩაითვლება კომუნიკაციურ პარტნიორად, რადგან ის ბავშვებს აწვდის უკვე დამუშავებულ ინფორმაციას, რომელსაც არ სჭირდება ძალისხმევა, პასუხის გაცემა, რაც აფერხებს სამეტყველო ჩვევების ჩამოყალიბებას. ასევე მწირია ლექსიკა, რადგან ძირითადი ინფორმაცია არის ვიზუალური.
როდესაც გაჯეტი განუყოფელი ნაწილი ხდება, ის იწვევს სოციალიზაციის სირთულეს: ოჯახის წევრებთან, თანატოლებთან, რაც ბავშვის კოგნიტური, სოციალური, ემოციური, სფეროების განვითარების წინაპირობაა.
ბავშვებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, აქვთ:
- მწირი ლექსიკური მარაგი;
- საკუთარი აზრის ჩამოყალიბების სირთულე;
- ძილის სირთულეები;
- სმენისა და მხედველობის დაქვეითება;
- ყურადღების კონცენტრაციის სირთულე;
- ემოციების რეგულაციის სირთულე;
- აღგზნებადობის მაღალი დონე;
- მუდმივი გაღიზიანებადობა;
- ინტერესების სიმწირე.
ეკრანთან დიდი დროის გატარების მთავარ მიზეზად სახელდება „მშობლების გადატვირთული ცხოვრების წესი“. გასაგებია იმის სურვილიც, რომ ბავშვები ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ, რადგან ამ საუკუნეში ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკრანთან გატარებულ დროს ბავშვების განვითარებასა და ჯანმრთელობაზე და უნდა შევძლოთ ვაკონტროლოთ ეკრანთან გატარებული დრო და ის ინფორმაცია, რაც მას ეძლევა ეკრანიდან.
კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ბავშვების უმეტესობა, რომლებიც პატარა ასაკიდან აქტიურად მოიხმარენ გაჯეტებს, 8-10 წლის ასაკისთვის ეკრანდამოკიდებული ხდება.