Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პანდემია არსად  წასულა, ადამიანების ცხოვრების სტილი, ქცევები და  მთლიანად ცხოვრებაც კი, კოვიდ-19-მა  დაიქვემდებარა და ჯერჯერობით ის განსაზღვრავს, როგორ ვიცხოვროთ.  რა გავლენას ახდენს გლობალური კრიზისები ადამიანებზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე და მშობლებზე და  როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი პანდემიისგან გამოწვეულ სტრესს და რეაბილიტირდეს –  ამ შეკითხვებით მივმართეთ  ფსიქოლოგ – ნათია იოჰანესენს, რომელიც ამჟამად ნორვეგიაში ცხოვრობს და ქალაქ ლევანგერის ფსიქიატრიულ კლინიკაში, ზოგადი ფსიქიატრიის განყოფილებაში კლინიცისტ-ფსიქოლოგად მუშაობს. 

This image has an empty alt attribute; its file name is 102900921_266156501168112_4409000065088985515_n-1.jpg

რა გავლენას ახდენს ზოგადად გლობალური კრიზისები ადამიანზე და ამ შემთხვევაში კოვიდ-19-ის პანდემია რა ცვლილებებს გამოიწვევს მათში?

გლობალური კრიზისების ყველაზე დიდი გავლენა პირველ რიგში ადამიანების უმუშევრობაზე აისახება. შემოსავლის დაკარგვა იწვევს ჯაჭვურ არასასურველ შედეგებს, რასაც შედეგად ახლავს დეპრესიული ფონის მატება. დეპრესია კი თავის მხრივ ხდება დამაბრკოლებელი ფაქტორი რეადაპტაციის და რესოციალიზაციის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ადამიანს უჭირს ახალი სამსახურის მოძებნა, დაბალი თვითშეფასება და მოლოდინები ურთულებს ახალ გარემოში ადაპტაციის პროცესს. დეპრესიული ფონის მატებისგან არც ისინი არიან დაცულები ვისაც სამსახური ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. მუდმივი საფრთხის განცდა ზრდის მომატებული სტრესის ფონზე ცხოვრების რისკებს და ხშირად ხდება მომატებული შფოთვის მიზეზი. 

კვალი, რომელსაც კოვიდ-19 ტოვებს, როგორც მძლავრი სტრესორი, რაში შეიძლება გამოვლინდეს?

კოვიდ-19-ის შემთხვევა კიდევ დამატებით სტრესორებთან არის დაკავშირებული, იქიდან გამომდინარე, რომ მედიცინამ ჯერ კიდევ არ იცის ამ ვირუსის ხასიათი და დაურწმუნებლობის ფაქტორი ძალიან მაღალია. გლობალური კრიზისების დროს ყველაზე დიდი საფრთხე სტრესთან გამკლავების არაადაპტაციურ გზებში შეიძლება ვეძებოთ. ცნობილია, რომ ამ დროს იზრდება ალკოჰოლის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების რიცხვი, და ასევე იზრდება სუიციდის რისკები დეპრესიის და უიმედობის ფონზე. 

როგორ შეიძლება ეს პრობლემა აისახოს მშობლებში და რას ურჩევდით მათ სტრესთან გასამკლავებლად?

მშობლის სტილზე ბევრი რამ არის ამ დროს დამოკიდებული. თუ მშობელს სტრესთან გამკლავების ზღურბლი დაბალი აქვს, ეს მშობლობის ხარისხზე ნეგატიურად აისახება. ამიტომაა აუცილებელი პირველ რიგში საკუთარი თავში ბალანსის დაჭერა რომ ჩვენზე დამოკიდებულ პატარა ადამიანებს უსაფრთხო და ჰარმონიული გარემო შევუქმნათ. საუბარი ბავშვთან ამ დროს არსებითია, მშობელმა უნდა  მიაწოდოს მას  ასაკისთვის ადეკვატური ინფორმაცია  და არ შეაშინოს. დღის რეჟიმი ბავშვისთვის უსაფრთხოების განცდის არსებითი პირობაა, ამიტომ სასურველია დაეხმაროს  განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობების მოძიებაში.  ახლობლის 7 წლის ბავშვმა, რომელიც  მანამდე ნემსით და ძაფით არასოდეს დაინტერესებულა, პირბადეების შეკერვა დაიწყო მთელი ოჯახისთვის. ეს მას ეხმარებოდა იმაში, რომ თავიც უსაფრთხოდ ეგრძნო და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზეც ეზრუნა. მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლონ  პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი წესები, ეცადონ  ტელევიზორი და რადიო მუდმივად ჩართული არ იყოს,  რომ ბავშვმა მისთვის არასასურველი ინფორმაცია არ მოისმინოს და ასევე ყველაზე მთავარი: ჰკითხონ ბავშვს,   რას ფიქრობს და რას გრძნობს. 

ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ბავშვები. რა კვალი შეიძლება დაამჩნიოს მათ ფსიქიკას ამ მდგომარეობამ?

ამ ყველაფერმა მათზე შეიძლება  დიდი კვალი დატოვოს, რაც მოგვიანებით პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობებში, პიროვნულ აშლილობებში, ნარკო- და/ან ალკოჰოლდამოკიდებულებაში ან სხვა სირთულეებში აისახოს. ნორვეგიაში მაგალითად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ სკოლების და საბავშვო ბაღების დახურვა პანდემიის დროს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ის ბავშვები, რომლებსაც მოძალადე მშობლებთან უწევდათ ცხოვრება, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და თან ისე, რომ სკოლას, ბაღს, სოციალურ სამსახურს მათთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა დაეკარგათ.  

როგორ უნდა მოახდინოს ადამიანმა რეაბილიტაცია და გაუმკლავდეს არსებულ სტრესს? 

  • პირველ რიგში მთავარია ამ სტრესსზე ემოციური რეაქციების აღიარება და მათი მიღება. რამდენიმე წამიანი თვითდაკვირვება ამაში დაგეხმარება. აღიარე, რასაც განიცდი, ესაუბრე ახლობელ ადამიანს და თუ არავინაა ირგვლივ, დაწერე რასაც განიცდი. წერის მეთოდი ემოციის განცდაში, მის მიღებასა და მისგან დისტანცირებაში დაგეხმარება. 
  • აუცილებელია შეინარჩუნო დღის რეჟიმი და აქტივობები, რამდენადაც შესაძლებელია. ამას პოზიტიური გავლენა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 
  • შეინარჩუნე სოციალური გარემო, ეკონტაქტე ახლობლებს. ჯანდაცვის და ხელისუფლების წარმომადგენლები მოგვიწოდებდნენ სოციალური დისტანციისკენ. ჩემში ეს ერთგვარ პროტესტს იწვევდა, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ზუსტად ამ დროს გვჭირდება სოციალური კონტაქტები, თუმცა ფიზიკური დისტანციის ფონზე. 
  • მოძებნე ვირუსთან დაკავშირებით სანდო ინფორმაცია, სანდო ვებ-საიტები. 
  • შეზღუდე სოციალურ მედიასთან ურთიერთობა, რათა სხვების არასწორმა ინტერპრეტაციამ და პანიკამ შენზე ნეგატიურად არ იმოქმედოს.  
  • დრო დაუთმე სასურველ აქტივობებს და იმას, რაზეც კონტროლი  გაქვს. 
  • ბავშვები ასევე განიცდიან პანდემიასთან დაკავშირებულ სტრესს და ზოგჯერ ზრდასრულებზე მეტადაც კი. მათთვის სწორი და ასაკისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება არსებითია ამ დროს. 
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5