დიანა მაკალათიას ბლოგი.
2019 წელს გადაღებული ნოა ბაუმბახის ფილმი „ქორწინების ისტორია“ (The Married Story), სადაც მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი ასრულებენ, მოგვითხრობს წყვილის ისტორიას იმაზე, თუ როგორ იცვლება მათი ურთიერთობა შვილის გაჩენის შემდეგ და ნათლად გვანახებს, თუ რატომ სრულდება ხშირად განქორწინებით ურთიერთობები, ფილმის ყურების შემდეგ ვრწმუნდებით, რომ არ ღირს იმ მარტივი ჭეშმარიტების დავიწყება, რომელიც გვეუბნება, რომ ქორწინება ჰარმონიაზე, ბალანსზე აწყობილი ურთიერთობაა და როგორც კი ბალანსს ერთი მხარე არღვევს, სწორედ მაშინ ჩნდება პრობლემათა მთელი რიგი. ასე ხდება რეალურ ცხოვრებაშიც: ხშირად წყვილები ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე, განსაზღვრავენ მიზნებს, მომავალ სამოქმედო გეგმებს, მაგრამ ავიწყდებათ ზრუნვა ემოციურ კავშირზე. არსებობს წყვილთა თერაპიები, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს იპოვონ სწორედ ეს ემოციური კავშირი, დაეხმარონ მათ სხვადასხვა გზით. ფსიქოლოგიაში არსებობს საყვარელ ადამიანთან/პარტნიორთან ურთიერთკავშირის სამი მნიშვნელოვანი ასპექტი (ARE): (ემოციური) გაგება/Accessibility, (ემოციური) მგრძნობელობა/Responsiveness, (ემოციური) ჩართულობა/Engagement.
ისინი განსაზღვრავენ გრძნობების სიმყარეს, ხარისხს. ფილმის მთავარმა გმირებმა სწორედ ის ემოციური კავშირები დაკარგეს, რასაც დღეს წყვილთა უმეტესობა კარგავს და შედეგად ვიღებთ სხვადასხვა ტიპის პრობლემას.
უამრავი წიგნი არსებობს წყვილთა თერაპიაზე, მაგრამ თუ დრო არ გაქვთ, შემოგთავაზებთ მარტივ და სწრაფ გზებს თქვენს პარტნიორთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.
სავარჯიშო #1 შეუწყვეტელი მზერა
ეს არის ინტენსიური სავარჯიშო, რომელიც გეხმარებათ თქვენ და თქვენს პარტნიორს უფრო ღრმა კავშირი დაამყაროთ ერთმანეთთან.
აუცილებელია ერთმანეთის პირისპირ დასხდეთ ისე, რომ თქვენი მუხლები ოდნავ ეხებოდეს ერთმანეთს და ერთმანეთს თვალებში უყუროთ დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში. არ იღელვოთ, ეს არ არის შეჯიბრი – შეგიძლიათ დაახამხამოთ თვალები, თუმცა საუბრისგან თავი შეიკავეთ. თუ სიჩუმეში თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, ამოირჩიეთ სიმღერა, რომელიც ორივეს მოგწონთ და შეინარჩუნეთ თვალებით კონტაქტი იქამდე, სანამ სიმღერა არ დასრულდება.
გთავაზობთ ვიდეოს თვალსაჩინოებისთვის.
სინქრონული სუნთქვა
ეს სავარჯიშო იდეალური გზაა სრულად ფოკუსირდეთ თქვენს პარტნიორზე და დაივიწყოთ გარე სამყარო. დაწყებამდე დასხედით ისე, რომ პირისპირ აღმოჩნდეთ, მიადეთ შუბლი პარტნიორის შუბლს ისე, რომ თქვენი ცხვირი ერთმანეთს ოდნავ ეხებოდეს, დარჩით ამ პოზიციაში რამდენიმე წუთი, განახორციელეთ სულ მცირე 7 ნელი, ღრმა ერთობლივი სუნთქვა. საწყის ეტაპზე შესაძლოა გაგიჭირდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში მიეჩვევით და ხშირად მოგინდებათ ამის კეთება. თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი სიამოვნებას იღებთ პროცესით, გაახანგრძლივეთ ის, აიყვანეთ 20-მდე სუნთქვის რაოდენობა ან 30-მდე. ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. ეს ახლო სუნთქვითი ვარჯიშები თქვენს კავშირს უფრო ინტიმურს და მყარს გახდის.
უწყვეტი მოსმენა
ჩვენ ყველას გვინდა, რომ სხვამ გაგვიგოს, მოგვისმინოს და იზრუნოს ჩვენზე, ეს სავარჯიშო ის გზაა, რომელიც ამას შეგვაგრძნობინებს. ამისთვის დააყენეთ „ტაიმერი“ (3-5 წუთიანი) და მიეცით ნება თქვენს პარტნიორს ისაუბროს, მას შეუძლია ნებისმიერი თემა ამოირჩიოს, რაც კი თავში მოუვა: სამსახური, სკოლა, ბავშვები, მეგობრები… თქვენი დავალებაა მხოლოდ მისი მოსმენა, სანამ ზარი არ დარეკავს, თქვენ არ ეპასუხებით, თუმცა შეგიძლიათ არავერბალური კომუნიკაცია დაამყაროთ ან გამოხატოთ თანადგომა, ანახოთ ემპათია სხეულის ენით, სახის გამომეტყველებით ან მზერით. „ტაიმერის“ დარეკვის შემდეგ კი როლები შეცვალეთ და სცადეთ თავიდან. შესაძლოა თქვენ აღმოაჩინოთ, რომ თქვენ შორის რომელიმე უფრო აქტიური მოსაუბრეა, რაც თავისთავად ნორმალური ფაქტია. მოსმენა ყველაზე დიდი უნარია, რომელიც ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
კითხვები და პასუხები
სხვა სწრაფი და მარტივი სავარჯიშო ასეთია: გჭირდებათ მხოლოდ სიტყვები და წარმოდგენა, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ ამის გაკეთება, მთავარია ერთად იყოთ. ამოირჩიეთ ამ სამი წინადადებიდან რომელიმე
1. „რისთვის ვარ შენი მადლიერი“ 2. რას ვაფასებ შენში“ ან 3. რისი გაკეთების სურვილი მაქვს შენთან ერთად ამ კვირაში/თვეში“. ერთ-ერთ შეკითხვაზე დაწერეთ შესაბამისი პასუხები ან ვერბალურად გამოთქვით ისინი. ეცადეთ იყოთ შემოქმედებითი ამ დროს.
მაგალითისთვის, შეგიძლიათ შეეკითხოთ თქვენს მეწყვილეს: „რა არის ის ხუთი რამ, რაც გამიკეთებია შენთვის და ძალიან მოგეწონა?
პასუხი შესაძლოა იყოს შემდეგნაირი: ჩემთან ერთად საყვარელი ფილმის ყურება, ნაგვის გადაყრა, სადილის მომზადება, ჩახუტება, მანქანის შეკეთება.
ეს სავარჯიშო დროის ერთად და საინტერესოდ გატარების მხიარული გზაა, ასევე საშუალება გეძლევათ შეიცნოთ პარტნიორი და ისწავლოთ მეტი ერთმანეთის შესახებ.
შეხვედრა კვირაში ერთი დღე
თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი დაკავებული განრიგის, ვალდებულებების გამო ვერ ახერხებთ ხშირად შეხვედრებს, ეს აქტივობა კარგი გზაა ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად ტელეფონის, ლეპტოპის, ბავშვების გარეშე. უნდა ამოირჩიოთ ერთი დღე კვირაში და დაუთმოთ ამ აქტივობას 30 წთ. დასხედით კაფეში ან სადმე, სადაც სასიამოვნო გარემოა და დასვით შემდეგი კითხვები, რომ დაიწყოთ პროდუქტიული საუბარი.
რას ფიქრობ ჩვენს ურთიერთობაზე დღეს?
არსებობს საკითხი, რაზეც გსურს საუბარი? რამე ისეთი ხომ არ მოხდა გასულ კვირას, რაზეც ისაუბრებდი?
ამ პერიოდში როგორ შემიძლია ჩემი სიყვარული გაგრძნობინო და გამოვხატო?
ამ კითხვებზე პასუხები მიგიყვანთ ჯანსაღი და შედეგიანი საუბრის დაწყებამდე, რაც დაგეხმარებათ როგორც თვითშეცნობის პროცესში, ასევე პარტნიორთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაში.
დაბოლოს, გირჩევთ ინგმარ ბერგმანის ჩემს საყვარელ ფილმს „სცენები ქორწინებიდან“ ძველ და ასევე ახალ ვერსიას, რომელიც მინი სერიალს წარმოადგენს, სადაც ბრწყინვალე ჯესიკა ჩესტეინი თამაშობს, ეს ის ფილმია, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ ცოლქმრულ ურთიერთობებზე და ასევე მოგანიჭებთ ესთეტიკურ სიამოვნებასაც.

დროის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
https://positivepsychology.com/couples-therapy-worksheets-activities/