“დედამიცისს” ესაუბრება პედიატრი ხატია დოლიძე.
ბევრი მშობელი ბავშვების ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით მიმართავს შემოწმებას პერიოდულობით – სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი და ა.შ., რათა დროულად მოახდინოს რომელიმე დაავადების პრევენცია. გვესაუბრეთ ამ პრაქტიკაზე, რამდენად სწორია ეს მიდგომა და ასეთი პრაქტიკის არქონის შემთხვევაში, ხომ არ არის შესაძლებელი რაიმე გამოგვეპაროს მშობლებს?
როგორც იტყვიან ხოლმე, სისხლი ადამიანის სარკეს წარმოადგენს, ის ერთ-ერთი პირველი ასახავს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს.
სისხლის საერთო ანალიზი შეიცავს ძალიან ბევრ მინიშნებას: ერითროციტების რაოდენობა, რომელიც ანემიაზე მიუთითებს, თუმცა, ეს მაჩვენებელი სხვა დაავადების დროსაც შეიძლება იყოს შეცვლილი, ასევე თრომბოციტების რაოდენობა, რომელიც თრომბოციტების ნაკლოვანებით მიმდინარე დაავადებაზე მიუთითებს, ეს არის თრომბოციტოპენიური პურპურები, მათი რაოდენობის მომატება თრომბოზული გართულებების რისკს წარმოქმნის, ლეიკოციტები, რომელთა რაოდენობის მომატებაც შესაძლებელია სხვადასხვა ინფექციური დაავადებით, პარაზიტებით და ა.შ.
ასევეა სხვა დანარჩენი ანალიზებიც, შარდის საერთო, განავლის ანალიზი ჰელმინთებზე (ჭიებზე) და ა. შ.
ყოველთვის მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს მშობლის ჩივილებს ბავშვის ავადობის მიმართ. არის ცხელება, ხველება თუ მხოლოდ მყარი ცხელება. მოუმატა წყლის მიხმარებას ბოლო პერიოდში და გაუხშირდა შარდვა ღამის საათებში თუ აღენიშნება წვა და ტკივილი შარდვისას, ღებინება, დიარეა (ფაღარათი) და ა. შ. აქედან გამომდინარე ექიმი იღებს გადაწყვეტილებებს, თუ რა სახის ანალიზები უნდა განსაზღვროს და რა ვადებში.
როდესაც რაიმე სახის დაავადება იჩენს თავს და თან ახლავს ცხელება, პედიატრები აუცილებლად ვურჩევთ პირველ ეტაპზე სისხლის და შარდის ანალიზის განსაზღვრას, რადგან თუნდაც დავადგინოთ ავადობის ხასიათი ვირუსულია თუ ბაქტერიული. ასევე აუცილებელია აუხსნათ მშობელს ანალიზის გაკეთებისთვის რომელი პერიოდი ჯობია და რა წესები უნდა დაიცვას მან.
რა პერიოდულობით უნდა შემოწმდეს ჯანმრთელი ბავშვის მდგომარეობა, რა ვადები არსებობს ამისთვის?
მიღებულია, რომ წელიწადში ორჯერ უნდა კონტროლდებოდეს პერიფერიული სისხლის ანალიზი, განავლის ანალიზი ჰელმინთებზე. ასევე გაიდლაინით აუცილებელი არ არის, თუმცა პედიატრიულ პრაქტიკაში მიზანშეწონილია ყოველი ვაქცინაციის წინ ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზის და პედიატრის მონიტორინგი, გართულებების თავიდან არიდების მიზნით.
ჯანმრთელი ბავშვის მდგომარეობა განსაკუთრებით პირველ წელიწადს უნდა შემოწმდეს თვეში ერთხელ, რადგან მნიშვნელოვანია ბავშვის წონა, სიმაღლე, კვება, ფიზიკური განვითარების საკითხები და ა.შ. თუ რაიმე სახის დარღვევები გამოვლინდა ამ პერიოდში, დროული პრევენცია ჯანმრთელი ბავშვის განვითარების პირდაპირი წინაპირობაა.