Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმასდედამ იცისესაუბრება ფსიქოლოგი ლიკა ქურციკიძე.

გვესაუბრეთ, როგორ თამაშობს და როგორ უნდა ითამაშოს ბავშვმა წლინახევრიდან სამ წლამდე, როდესაც იგი უფრო მეტად მოძრავი, ცნობისმოყვარე და აქტიური ხდება?

დაახლოებით ერთი წლისთვის  ბავშვის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა, პირველი სიტყვები და პირველი ნაბიჯები შეიძლება გაჩნდეს. საუკეთესო, რაც შეიძლება ამ პერიოდისთვის მშობელმა გააკეთოს ბავშვთან ხშირი კომუნიკაცია, მასთან საუბარი და თამაშია. მანამ, სანამ ბავშვი თავად დაიწყებს საუბარს, სწავლობს სხვადასხვა სიტყვის მნიშვნელობებს. წიგნების კითხვა ყოველთვის კარგი იდეაა, ამ ასაკში კი განსაკუთრებით სურათებიანი წიგნების. ბავშვისთვის უფრო მეტად საინტერესოა არა წიგნის სიტყვა-სიტყვით წაკითხვა, არამედ თეატრალურად, ექსპრესიულად გადმოცემული შინაარსის მოსმენა და ილუსტრაციების დათვალიერება. ყოველდღიური წიგნის კითხვისთვის გამოყოფილი დრო დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ენა-მეტყველებისა და შემეცნების უნარების განვითარებაზე, ხელს უწყობს მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი ემოციური კავშირის შენარჩუნებას. რა უნდა გავითვალისწინოთ წიგნების კითხვასთან დაკავშირებით: 

  • შეამცირეთ ხმაური გარემოში. შეარჩიეთ მშვიდი და კომფორტული სივრცე წიგნების წასაკითხად. გამორთეთ ტელევიზორი, რადგან ფონური ხმაური ხელს უშლის მოსმენილის გაგებასა და ენა-მეტყველების განვითარებას. 
  • მიეცით ბავშვს შესაძლებლობა თავად ეჭიროს წიგნი, გადაშალოს, დაათვალიეროს, გადახტეს წინ და უკან. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აუცილებელია შინაარსი თანმიმდევრულად, დასაწყისიდან დასრულებამდე წაიკითხოთ, თუმცა ერთსა და იმავე ფურცელზე, ილუსტრაციაზე მიბრუნებით ბავშვი თავის ინტერესსაც იკმაყოფილებს და კითხვის პროცესიც უფრო სასიამოვნო ხდება. 
  • წაიკითხეთ ხმამაღლა და ცვალეთ ინტონაციები. ამ გზით უფრო მეტად მოახერხებთ ბავშვის ყურადღების მიქცევას და მის დაინტერესებას. 
  • მიეცით ბავშვს შესაძლებლობა თავად შეარჩიოს რისი წაკითხვა სურს. მიჰყევით მის სურვილებსა და მოთხოვნებს. შეეცადეთ თავიდან აირიდოთ გამომცდელი შეკითხვების დასმა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა: „აბა, თუ გახსოვს, ვის შეხვდა წითელქუდა გზაზე?“
  • გამოიყენეთ ბავშვისთვის გასაგები სიტყვები, ხოლო თუ ცდილობთ, რომ ახალი სიტყვა ასწავლოთ, აუცილებლად აუხსენით შინაარსი და აჩვენეთ შესაბამისი ილუსტრაცია ან რეალური ობიექტი გარემოში. 

პირველი სიტყვები, პირველი ნაბიჯები და პირველი მცდელობა დამოუკიდებლობისაკენ – ამაღელვებელი ეტაპია თავად ბავშვისთვის და თქვენთვისაც. 2 წლის ბავშვი უკვე კარგად აღიქვამს სხვა ადამიანებს მის გარშემო, თუმცა მარტო თამაში ურჩევნია. თამაშის ამ ეტაპს დამოუკიდებელ თამაშს უწოდებენ, რადგანაც ბავშვს თამაშისთვის არ სჭირდება სხვა ადამიანის ჩართულობა და “საკუთარი თავიც კმარა”. დამოუკიდებელი, მარტო თამაშის ეტაპი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ასწავლის ბავშვის როგორ გაირთოს საკუთარი თავი, რაც თვითკმარობისა და თვითკმაყოფილების განვითარებისათვის ნოყიერ ნიადაგს ამზადებს. შემდეგი ეტაპი სხვის თამაშზე დაკვირვებაა, როცა პატარა უახლოვდება მოთამაშე ბავშვებს, თუმცა ჯერ კვლავ არ ერთვება.  რა მოხდება თუ ორ სამი წლის ბავშვს ერთ სათამაშო სივრცეში მიიყვანთ? თქვენ შეამჩნევთ, რომ ისინი ერთმანეთთან ახლოს არიან, ჰბაძავენ ერთმანეთის ქცევას, თუმცა ერთმანეთთან კონტაქტი მინიმალურია. თითქოს ერთად, მაგრამ მაინც თავისთვის, დამოუკიდებლად არიან. თამაშის ამ ეტაპს პარალელური თამაში ჰქვია. პარალელური თამაშის ეტაპის შემდგომ ასოციაციური თამაშის ეტაპი დგება – ეს კი მაშინ ხდება, როცა ბავშვები თამაშისას იყენებენ ერთსა და იმავე სათამაშოებს, თუმცა სხვადასხვა რამეს თამაშობენ. 

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ბავშვს თამაშისთვის შეიძლება შევთავაზოთ ყოველდღიური ნივთებიც, ნებისმიერი რამ, რაც ირგვლივ მოგეპოვებათ. ბავშვისთვის ყველაფერი ახალი და საინტერესოა. ის, რაც ერთი შეხედვით ჩვენთვის ჩვეულებრივი ნივთია, მისთვის ნამდვილ სათამაშოდ შეიძლება გადაიქცეს. 

ორი წლისთვის ბავშვის მოძრაობის უნარები უკვე  იმდენად ვითარდება, რომ ცდილობს დაბრკოლებები გადალახოს, აძვრეს და ჩამოვიდეს ავეჯზე, იხტუნოს საწოლზე, მოსწონს იმის კეთება, რასაც უფროსები აკეთებენ და ჰბაძავს მათ. ამ ასაკში ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სათამაშოების და ნივთების გაზიარებაა. 2 წლის ბავშვმა არც კი იცის, რას ნიშნავს თხოვება და გაზიარება. უფრო მეტიც,  მას ჰგონია, რომ ის არის სამყაროს ცენტრი და ყველაფერი მას ეკუთვნის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მოდელი და ვაჩვენოთ გაზიარების მაგალითები. თუ თქვენი მეგობარი თქვენგან წიგნს ითხოვებს, გამოიყენეთ ეს სიტუაცია სწავლებისათვის. უთხარით ბავშვს: „დედიკო თავისი წიგნს ნინას ათხოვებს“. ეთამაშეთ 2 წლის ბავშვს „გაუყავი შენი ქონება სხვას“. ამ თამაშის პრინციპი შემდეგია. ბავშვს აძლევთ ყვავილებს, ორცხობილებს, ხილს და სთხოვთ, რომ მისცეს ყველას, ვინც ოთახშია და თან გაუხმოვანეთ: „ერთი მივცეთ უფროს ძამიკოს, ერთი მამიკოს, ბებოც არ დაგვავიწყდეს“. თქვენ გჭირდებათ, რომ ბავშვს უბიძგოთ გაზიარების მოქმედებისაკენ, შემდეგ კი დაანახოთ ამით გამოწვეული სიხარული.

შემოთავაზებული აქტივობები და სათამაშოები
ქვიშა და ქვიშის სათამაშოები;
წყლის თამაშები, წყალში სხვადასხვა ნივთების ჩაყრა, ერთი ჭურჭლიდან მეორეს ავსება, წყლის საკვები დანამატებით სხვადასხვა ფერად შეღებვა;
დიდი ზომის კუბიკები და ლეგოები;
ბავშვის ზომის სკუტერი და ველოსიპედი;
ოთხნაწილიანი დიდი ზომის ფაზლები;
თითის, ხელის საღებავები, რბილი პლასტილინი (ფლეი-დო), პასტელები, ცომი;
სქელფურცლიანი ილუსტრირებული წიგნები, ინტერაქციული წიგნები;
სახლის კარავი;
ყოველდღიური ნივთებისგან (ზეწარი, ბალიში) კარვის ერთად დამზადება;
საბავშვო მაკრატელი, მსხვილი ზომის ფანქრები და ფუნჯები;
მუსიკალური სათამაშოები – დოლი, ქსილოფონი და ა.შ. 
ფუმფულა სათამაშოები;
სხვადასხვა სახის ტრანსპორტის სათამაშოები;
ცხოველები, ფრინველები, ხილის, ბოსტნეულის სათამაშოები;
დიდი ზომის 3 ან 4 ნაწილიანი პირამიდა;
ხის სათამაშოები;
სხვადასხვა ზომის მსუბუქი ბურთები.

რაც მთავარია, ნებისმიერი თამაში, იმისთვის რომ თამაშად ჩავთვალოთ, თქვენს შვილს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს და მისი არჩევანი უნდა იყოს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5