ბავშვის განვითარების სტადიები
ჩვენ ისევ შეგახსენებთ, რომ თქვენი პატარა უნიკალურია და ნორმალურია, რომ მას ზრდის საკუთარი ტემპები ჰქონდეს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხანდახან რამდენიმე კვირით ჩამორჩება ასაკობრივი განვითარების სტანდარტებს, სავარაუდოდ, ის ძალიან მალე შეძლებს გააკეთოს ის, რასაც მისი თანატოლები აკეთებენ. ნუ შეადარებთ ბავშვს სხვა ბავშვებს, შეადარეთ მხოლოდ საკუთარ თავს, რა არ შეეძლო და რისი გაკეთება შეუძლია ახლა. ამ სტატიაში ვისაუბრებთ 1 თვის ბავშვის განვითარების თავისებურებებზე.
ფიზიკური განვითარება: პუტკუნა ლოყები
გეჩვენებათ, რომ თქვენი პატარა ზებუნებრივი სიჩქარით იზრდება და ძალიან მალე უპატარავდება ტანსაცმელი? საშუალოდ, ამ თვეში ბავშვები 2-4 სმ-ით იმატებენ სიგრძეში და 600-900 გრამით წონაში. გეგმიურ ვიზიტზე, პედიატრი ზრდის გრაფიკზე აღნიშნავს მისი თავის გარშემოწერილობის, სიგრძის და წონის მონაცემებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი სტაბილურად იზრდება.
თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ პატარას თავი არაპროპორციულად დიდია სხეულზე. ეს სავსებით ნორმალურია. მისი თავი ოდნავ სწრაფად იზრდება და სხეულიც მალე დაეწევა. თქვენი პატარა სიგრძეში იზრდება და მისი კუნთები ძლიერდება. საბედნიეროდ, მას ჯერ კიდევ ექნება საყვარელი პუტკუნა ლოყები.
შეგრძნებები: პატარას უყვარს თქვენს ხელში ყოფნა
გაღვიძების დროს თქვენი პატარა თანდათან ეჩვევა მის გარშემო არსებულ ხედებს, ხმებს და სუნებს. ამ თვეში, მას უკეთ შეუძლია ფოკუსირება სახეებსა და საგნებზე და მალე დაიწყებს თვალის გაყოლებასაც მის წინ მოძრავ ობიექტებზე.
მოძრაობა: ფეხის კუნთების მუშაობა
ამ თვეში, თქვენი ბავშვის მოძრაობების უმრავლესობა ისევ უნებლიე დარჩება, მაგრამ ზოგიერთი რეფლექსი პირველ 4 კვირაში გაივლის და იცვლება კონტროლირებადი მოძრაობებით. მუცელზე წოლის დროს მან შეიძლება ცოტა ხნით შეძლოს თავის დაჭერა და უფრო გაშალოს ხელები, ვიდრე სხეულთან ახლოს დაიჭიროს. მან ასევე შეიძლება დაიწყოს ფეხების გაჭიმვა და ქნევა. ეს შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ის ამით მძიმე სამუშაოს ატარებს ფეხის კუნთების გასაძლიერებლად. გახსოვდეთ, რომ ძალიან პატარა ბავშვებსაც შეუძლიათ ზოგჯერ გადატრიალება. ასე, რომ არ მოაშოროთ თვალი და ხელი, როდესაც რაიმე მაღალზე წევს, მაგალითად, გამოსაცვლელ მაგიდაზე.
ტირილი და კომუნიკაცია: დე, მე მოვიწყინე (ან მშია)!
ამ თვეში თქვენმა პატარამ შესაძლოა უფრო გასაგებად დაიწყოს კომუნიკაცია. მაგალითად, თუ ის მოწყენილია, შეიძლება ტირილით შეგატყობინოთ მანამ, სანამ რაიმე ახალს არ შესთავაზებთ. თუ ის კმაყოფილია, გაგიღიმებთ. დაახლოებით ამავე დროს, თქვენ უკვე შეგიძლიათ გამოიცნოთ ტირილის მიზეზი, მაგალითად, შიმშილი, დაღლილობა ან გაღიზიანება. თუ ჯერ არ გინახავთ, ამ თვეში იხილავთ პირველ ჭეშმარიტ ღიმილს, რომელსაც სოციალურ ღიმილს უწოდებენ. ეს შეიძლება გაღვიძებისთანავე მოხდეს, მაგალითად თქვენი ხმის გაგონებაზე, რაც ძალიან გაგახარებთ.
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას
ამ თვეს შეგიძლიათ სცადოთ:
- ჩახუტება. რაც შეიძლება ხშირად ჩაეხუტეთ თქვენ პატარას, ეს საუკეთესო გზაა თქვენს შორის მჭიდრო ემოციური კავშირის დასამყარებლად. ექსპერტები ამბობენ, რომ რაც უფრო სრაფად და თანმიმდევრულად დაამშვიდებთ შვილს პირველი 6 თვის განმავლობაში, მით უფრო ნაკლებად მომთხოვნი იქნება ის მომავალში.
- მხედველობითი სტიმულაცია. ამ ეტაპზე, თქვენს პატარას ურჩევნია უყუროს ნივთებს, რომლებზეც გამოსახულია სწორი ხაზები, როგორიცაა ზოლები ან კუბოკრული მოხატულობა. შეარჩიეთ საწოლზე დასაკიდი ან სხვა სათამაშოები, კაშკაშა კონტრასტული ფერებითა და მოხატულობით. ის თვალს ვერ მოწყვეტს ამ ვიზუალურ დღესასწაულს.
- ტაქტილური სათამაშოები. თქვენი ბავშვი სამყაროს ეცნობა შეხებითაც. მიეცით მას სხვადასხვა ტექსტურის, ფორმის და ზომის სათამაშოები.
- საუბარი თქვენს პატარასთან. ესაუბრეთ პატარას. მის ღუღუნს და ღიმილებს უპასუხეთ სიტყვებით, ბგერებით და სახის გამომეტყველებით. დროთა განმავლობაში, თქვენი შვილი დაიწყებს თქვენს მიბაძვას და ეს ადრეული „დიალოგები“ ძალიან მნიშნელოვანია მისი განვითარებისთვის.
- ფიზიკური დატვირთვა. ნაზად გაჭიმეთ თქვენი ბავშვის ხელები წინ, თითქოს ტაშს უკრავდეს. ფეხებით გააკეთებინეთ „ველოსიპედის“ ვარჯიშები. და რა თქმა უნდა, განაგრძეთ მუცელზე დაწვენა, როცა ფხიზლადაა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მისი კუნთების განვითარებას და გადაადგილებას.
- ბონდინგი. უსაფრთხოებისა და ნდობის განცდა ეხმარება ბავშვს თავისი სრული პოტენციალის მიღწევაში.
ბავშვის კვება
თქვენ ალბათ გაინტერესებთ რამდენჯერ უნდა აჭამოთ 1 თვის ბავშვს. განაგრძეთ თქვენი პატარას კვება მაშინ, როცა მას მოშივდება. ამ ეტაპზე, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს დაახლოებით 8-ჯერ უწევთ ჭამა 24 საათის განმავლობაში, ხოლო ხელოვნურ კვებაზე მყოფებს – ყოველ 3-4 საათში (თუმცა, შეგახსენებთ, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია და შეიძლება მითითებულზე მეტად ან ნაკლებად ჭამდეს. უბრალოდ, მიჰყევით ბავშვის შიმშილის განცდას). თუ თქვენს პატარას სწრაფი ზრდის პერიოდი აქვს, შეიძლება უფრო ხშირად მოუნდეს ჭამა.
ამოქარვება (ამობოყინება)
ჩვილები ხანდახან ჭამის დროს ჰაერს ყლაპავენ (უფრო მეტად, ის ბავშვები, ვინც ბოთლით ჭამენ), რის გამოც არასასიამოვნო შეგრძნება უჩნდებათ. დასახმარებლად, ამოაქარვებინეთ ბავშვს ბოთლით ჭამის დროს ან როცა ერთი ძუძუდან მეორე გადაგყავთ. დარწმუნდით, რომ გაქვთ პატარა ნაჭერი თქვენს ტანსაცმელზე მისაფარებლად, რომ არ დაისვაროთ ამოღებული რძით ან ფორმულით და სცადეთ შემდეგი მეთოდები:
- ერთი ხელით დაიჭირეთ ისე, რომ თავი თქვენს მხარზე ჩამოდოს და მეორე ხელი მოუთათუნეთ ზურგზე, სანამ არ ამოაბოყინებს.
- დაიწვინეთ კალთაში მუცლით და დაუზილეთ ზურგი.
- ჩაისვით კალთაში, ისე რომ ცალი ხელით დააფიქსიროთ მისი ნიკაპი და გულ-მკერდი. მეორე ხელით ზურგზე მოუთათუნეთ ან დაუზილეთ.
სველი და დასვრილი საფენების შემოწმება
ამ ეტაპზე, ბავშვებს დღეში 4-6 სველი საფენის გამოცვლა სჭირდებათ. რაც შეეხება დასვრილ საფენს, აქ „ნორმად“ ბევრი რამ შეიძლება ჩაითვალოს. მაგალითად, ნაწლავების 1 მოქმედება დღეში ან 1 კვირა დეფეკაციის გარეშე. ეს ყველაფერი ნორმალურია, თუ განავალი რბილია და ოდნავ თხელი და ამასთანავე, ბავშვი კარგად ჭამს და იმატებს წონაში.
1 თვის ბავშვის ძილი
ამ ასაკში ჩვილებს 14-17 საათი სძინავთ დღე-ღამეში, აქედან 5-ჯერ იძინებენ დღისით. თუ გაგიმართლებთ, თქვენმა პატარამ შეიძლება 6 კვირის ასაკიდან დაიწყოს ღამით უფრი გრძელი ძილი. თქვენ ალბათ ძალიან დაღლილი იქნებით, მაგრამ ეს სინათლეა გვირაბის ბოლოს: თქვენი შვილის ძილის ციკლი ნელ-ნელა მიუახლოვდება თქვენსას. ამ ეტაპზე კარგი ხარისხის ძილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენმა პატარამ დაიძინოს მაშინ, როცა მოითენთება. ძილის დროს ყოველთვის დააწვინეთ მხოლოდ ზურგზე.
თუ თქვენი პატარა დაწოლისას ტირის, დაამშვიდეთ მსუბუქი რწევით, დამამშვიდებელი მუსიკით ან ელაპარაკეთ ჩუმად. აიყვანეთ ხელში რამდენიმე წუთით და როცა დამშვიდდება, დააბრუნეთ საწოლში.
დროდადრო ყველა ბავშვი ტირის, მაგრამ ტირილის მიზეზად კოლიკა შეიძლება ჩაითვალოს, თუ
- თქვენი პატარა ტირის ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს.
- ტირილი ძალიან ხმამაღალია.
- ერთი შეხედვით, ტირილის მიზეზი არ არსებობს.
- ძნელია მისი დამშვიდება ტირილის დროს.
ექსპერტები ზუსტად ვერ ასახელებენ კოლიკის მიზეზს, მაგრამ რამდენიმე შესაძლო ფაქტორი გამოყვეს:
- გაზები. შებერილი მუცელი და გაზები შეიძლება ბავშვის ტირილის მიზეზი იყოს. სცადეთ მუცლის მასაჟი წრიული მოძრაობებით, თბილის პირსახოცის შემოხვევა მუცელზე ან თბილი წყლით სავსე ვედროში ჩასმა.
- სტიმულაციისადმი მგრძნობელობა. თქვენი პატარა შეიძლება დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებებისგან გადაიღალოს და რადგან ჯერ არ შეუძლია საკუთარი თავის დამშვიდება, ეს მისი ტირილის მიზეზი ხდება. თქვენ შეგიძლიათ აიყვანოთ ხელში და ისეირნოთ, სარწეველა სკამში არწიოთ. ვიბრაციულ საბავშვო სკამში ჩასვათ ან მანქანით გაასეირნოთ (რა თქმა უნდა, საბავშვო სავარძელში). ჩაურთეთ „თეთრი ხმაური“. ვრცლად კოლიკის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.
- საკვებისადმი მგრძნობელობა. ძუძუთი კვებაზე მყოფი ზოგიერთი ბავშვი შეიძლება იყოს მგრძნობიარე დედის მიერ მიღებული რაიმე პროდუქტის მიმართ. და ეს გამოიხატოს დისკომფორტში და ტირილში. ზოგ შემთხვევაში კი კოლიკის მიზეზი რძის ცილის აუტანლობაა ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში. თქვენი პატარას პედიატრს შეუძლია დასვას ეს დიაგნოზი შემოწმების შემდეგ.
- სამედიცინო პრობლემა. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვილის დისკომფორტის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს ავადმყოფობა ან სხვა პრობლემა, მაგალითად თიაქარი, ამიტომ აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს.
მიუხედავად იმისა, რომ კოლიკა მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება, თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის მთელი ცხოვრებაა, რაც გრძელდება. ხანდახან, ვერაფერს იზამთ მის დასამშვიდებლად, არც ერთი მეთოდი არ იმოქმედებს და ამ დროს შეიძლება იგრძნოთ, როგორ დაიჭიმება თქვენი ნერვები. არასდროს შეარხიოთ ბავშვი! როცა გრძნობთ, რომ მეტი აღარ შეგიძლიათ, დატოვეთ თავის საწოლში უსაფრთხოდ და ძალიან მოკლე დროით აიღეთ შესვენება მეორე ოთახში ან სთხოვეთ დახმარება თქვენს საყვარელ ადამიანებს, რომ შეგენაცვლონ რამდენიმე საათით, სანამ თქვენი ძალიან დამსახურებული „ჩემი დროით“ არ დაისვენებთ. რაც არ უნდა არადამაჯერებლად მოგეჩვენოთ ამ დროს, გახსოვდეთ, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდება და კოლიკა რამდენიმე თვეში დასრულდება.
ჯანმრთელობის სხვა საკითხები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ:
- ფუფხები თავზე (გნეისი). ბევრ ახალშობილს თავზე უჩნდება მოყვითალო ფერის ფუფხები. დაბანის დროს მოაცილეთ მსუბუქად ჩამოვარცხნით ან ჰკითხეთ ექიმს სპეციალური შამპუნის შესახებ.
- დიარეა. თუ თქვენს პატარას აქვს წყალივით განავალი და 1 დღის განმავლობაში უფრო მეტჯერ აქვს კუჭის ასეთი მოქმედება, ვიდრე კვება, მიმართეთ პედიატრს.
- ღებინება. თუ თქვენი პატარა აღებინებს ძლიერად („შარდევანივით“) 8 საათზე მეტ ხანს ან თან ახლავს სიცხე და დიარეა, შეატყობინეთ პედიატრს.
- წამოქაფება. ჭამის ან ამოქარვების შემდეგ მცირე რაოდენობით წამოქაფება ნორმალურია, განსაკუთრებით კვებიდან 1 საათის განმავლობაში.
- ახალშობილთა აკნე. ამ თვის დასაწყისში, ბავშვის სახეზე შეიძლება გაჩნდეს წვრილი გამონაყარი, რადგან პლაცენტით დედისგან გადაცემული ჰორმონები ასტიმულირებენ ცხიმოვან ჯირკვლებს. ეს ნორმალურია და რამდენიმე კვირაში გაივლის.
ხშირად დასმული კითხვები
ახალშობილი ან 1 თვის ბავშვისთვის სასარგებლოა „მატყუარა“ საწოვარას გამოყენება? თუ თქვენს პატარას ძუძუთი კვებავთ, არ გამოიყენოთ „მატყუარა“ 1 თვემდე, რადგან არ თქვას უარი დედის რძეზე, რადგან მისი წოვა უფრო იოლია. თუ გადაწყვეტთ მის გამოყენებას, გააკეთეთ ეს ჭამის შემდეგ ან მათ შორის, რათა არ შეეშალოს ხელი კვებებს. ძილის დროს მისმა წოვამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკის შემცირება. თუ ბავშვს არ მოსწონს „მატყუარა“, ნუ დააძალებთ.
რატომ ტირიან ბავშვები? ბავშვები ტირიან, რათა გვაცნობონ, რომ რაღაც სჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს საჭმელი, საფენის გამოცვლა ან ურთიერთობა. ასევე, გადაღლილობა დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებებით. ზოგჯერ ისინი აუხსნელი მიზეზითაც ტირიან. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ პედიატრს.
როგორ დავამშვიდო ჩემი მტირალი ჩვილი? თუ თქვენს პატარას არ აწუხებს ისეთი ძირითადი საჭიროებები, როგორიცაა შიმშილი ან საფენის გამოცვლა, სცადეთ მისი დამშვიდება მშვიდი ლაპარაკით, ეთამაშეთ ან გაიყვანეთ ღია ცის ქვეშ ეტლით ან კენგურუთი/სლინგით.
თქვენი ცხოვრება მშობლის როლში
ამ თვეში შეიძლება უფრო მეტად იყოთ დარწმუნებული საკუთარ თავში, ვიდრე პირველ კვირებში. და მაინც, ესაუბრეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს თქვენი შფოთვებისა თუ შიშების შესახებ. გაზიარებული პრობლემა განახევრებულია და თქვენს გაგიკვირდებათ, რამდენად უკეთ იგრძნობთ თავს ამის შემდეგ.
ზოგიერთ მეძუძურ დედას ხართ ემართება სარძევე ჯირკვლის ანთება – მასტიტი. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მომატებული ტემპერატურა, გამაგრებული მკერდი ან ღებინება. არ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, რადგან ეს გაართულებს სიტუცაიას. გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის ეს უსაფრთხოა, რადგან რძე არ არის დაინფიცირებული. მასტიტის მკურნალობისთვის ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკს და ასევე, აუცილებელია სარძევე ჯირკვლის ბოლომდე დაცლა ბავშვის გამოკვებით ან აპარატით გამოწველით. დასვენება და საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა ასევე დაგეხმარებათ ამ შემთხვევაში.
თქვენი გეგმები ამ თვეში
- დაგეგმეთ პედიატრთან 1 თვის გეგმიური ვიზიტი. ჰკითხეთ მას ყველა კითხვა, რომელიც გაწუხებთ. კარგი იქნება, თუ კითხვებს წინასწარ ჩამოწერთ, რადგან შეხვედრის დროს შეიძლება რამე დაგავიწყდეთ. მიიღეთ მისგან რჩევები ამ თვეში დამატებითი კვლევების, სკრინინგ ტესტების ან აცრების საჭიროების შესახებ.
- გაეცანით სავალდებულო აცრების კალენდარს.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/newborn-baby/development/article/1-month-old-baby