ალბათ, აღტაცებით და სიამაყით აკვირდებით თქვენი პატარას ახალ გამოწვევებს, დგომის და სიარულის მცდელობებს და შეიძლება, პირველი სიტყვების წარმოთქმასაც. ამ სტატიაში ამ თვეში მოსალოდნელ ამბებზე ბევრს გაიგებთ.
ბავშვის განვითარების სტადიები
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ასაკში, როცა თქვენი პატარა ცდილობს უფრო მოძრავი და დამოუკიდებელი იყოს, შეიძლება უფრო გაუჭირდეს თქვენგან შორს ყოფნა და იტიროს, როცა ვერ გხედავთ.
ფიზიკური განვითარება: სტაბილური წონა
ზედმეტად ნუ შეიყვარებთ თქვენი შვილის ტანსაცმელს, რადგან ის ძალიან სწრაფად დაუპატარავდება. პირველი დაბადების დღისთვის ბავშვი დაბადების წონას გაასამმაგებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პატარები უნიკალურები არიან და შეიძლება ზოგს უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები დრო დასჭირდეს ამისთვის. მთავარია, პედიატრმა ყოველ ვიზიტზე შეამოწმოს წონის, სიგრძის და თავის გარშემოწერილობის მაჩვენებლები და შეადაროს წინა მაჩვენებელს, რათა დარწმუნდეს ზრდაში.
მოძრაობა: ზემოთ, ზემოთ და შორს
ალბათ შეამჩნიეთ, რომ როცა თქვენს ბავშვს ღვიძავს (და ხანდახან ძილის დროსაც) ის უწყვეტად მოძრაობს. ტრიალდება მუცლიდან ზურგზე და პირიქით. ყველა ეს მოძრაობა აძლიერებს მის კუნთებს, აუმჯობესებს მის კოორდინაციას და ასწავლის მას, რისი გაკეთება შეუძლია სხეულის სხვადასხვა ნაწილებს.
ამ ასაკის ბავშვი შეიძლება იდგეს მყარად და თავდაჯერებულად დგამდეს რამდენიმე ნაბიჯს ავეჯის გაყოლებით.
შემეცნების განვითარება: გამარჯობა! გესმით ჩემი?
სანამ ბავშვები ლაპარაკს დაიწყებენ, სწავლობენ იმის გაგებას, თქვენ რას ეუბნებით. მაგალითად, თუ იტყვით მისი საყვარელი სათამაშოს სახელს, ის მისკენ გაიხედავს. თუ მან თავისებური სახელი შეარქვა რაიმეს და გთხოვათ მისი მოცემა, მაგალითად „ნწაი“, თქვენ გაუწოდეთ წყლის ბოთლი და უთხარით „წყალი“. ასე დროთა განმავლობაში ისწავლის სწორად გამოთქმას. ამ ან შემდეგ თვეებში ის შეძლება ისეთი მარტივი სიტყვების წარმოთქმას, როგორიცაა „არა“, „დედა“, „მამა“.
თქვენი პატარა ამ პერიოდში იწყებს თქვენი ქცევების მიბაძვას საგნებთან მიმართებაში. მაგალითად, სათამაშო ტელეფონი მიაქვს ყურთან ან სავარცხლით „ივარცხნის“ თმას. კვების დროს მიეცით თეფშით და კოვზით თამაშის უფლება.
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას
- მოათავსეთ უსაფრთხო ნივთები დაბალ თაროზე ან უჯრაში, რომ ბავშვმა თვითონ აღმოაჩინოს და ითამაშოს მათით. ახალი საგნების დამოუკიდებლად პოვნა მას თავდაჯერებულობას მატებს.
- როდესაც თქვენი პატარა ცდილობს დაეყრდნოს რამეს, რომ დადგეს, შეიძლება დააინტერესოს კიბეებმა. საბავშვო ჭიშკრები დაამატეთ უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ნება მიეცით დაეყრდნოს პირველ საფეხურს, როდესაც თქვენ მის გვერდით ხართ.
- ასწავლეთ ბავშვს გარკვეულ ქცევებთან დაკავშირებული სიტყვები, მაგალითად „ნახვამდის“ ნიშნად ხელის დაქნევა, „არას“ ნიშნად თავის გაქნევა, „კის“ ნიშნად თავის დაქნევა.
- ექსპერტები არ ურჩევენ ჭოჭინაში ბავშვის ჩასმას, რადგან მსგავსი მოწყობილობები სახიფათოა და შეიძლება სიარულის მოტივაცია დაუკარგონ ბავშვს.
- 10 თვის ბავშვის სათამაშოებად გამოადგება ცარიელი ყუთები, კვერცხის შესანახი კონტეინერები, ტუალეტის ქაღალდის მუყაოები, რაც შეიძლება დაფლითოს, დაჭმუჭნოს, მოხაროს. თუ მაინც გინდათ სათამაშოს შერჩევა, შეარჩიეთ დიდი თოჯინა, სათამაშო ტელეფონი, busy box, რომელიც დაეხმარება ნატიფი მოტორიკის განვითარებასა და ხელისა და თვალის კოორდინაციაში.
ბავშვის კვება
10 თვის ბავშვის ძილი
10 თვის ბავშვს საშუალოს უნდა ეძინოს 10-12 საათი ღამით და დღის განმავლობაში ორი ძილი. ზოგიერთს უფრო და უფრო ნაკლებად სჭირდება დილის ძილი.
ამ პერიოდში, განშორების შფოთვის გამო მან შეიძლება გაიღვიძოს და იტიროს, თუ ვერ დაგინახავთ ან თქვენგან შორს არის. რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ამ სიტუაციაში:
- დარწმუნდით, რომ ის არის კომფორტულად და არ არის ავად.
- მოეფერეთ და ჩუმად უთხარით, რომ ყველაფერი რიგზეა და თქვენ ახლოს იქნებით, თუ დასჭირდებით.
- თუ საფენის გამოცვლა სჭირდება, გამოუცვალეთ ნაკლები ხმაურით და დააწვინეთ თავის საწოლში ზურგზე.
- არ აანთოთ შუქი, არ დაარწიოთ და არ გაასეირნოთ. ეს აქტივობები მას უფრო გამოაღვიძებს და გაახანგრძლივებს ამ პროცესს.
ბავშვის ჯანმრთელობა: კბილების მოვლა
ამ ასაკში შესაძლოა თქვენს პატარას უკვე ჰქონდეს კბილები, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, თუ ეს ასე არ არის. არიან ბავშვები, რომლებსაც პირველი კბილი პირველ დაბადების დღეზე ამოსდით. 3 წლისთვის კი მათ ყველა კბილი ექნებათ. არ აქვს მნიშვნელობა კბილების რაოდენობას, თქვენ უნდა იზრუნოთ პატარას კბილებისა და ღრძილების მოვლაზე ყოველდღიურად, შემდეგი საშუალებებით:
- დღეში ორჯერ რბილი ჯაგრისით გაუწმინდეთ ბავშვს კბილები.
- უზრუნველყავით, რომ ბავშვმა არასდროს დაიძინოს ბოთლით. რადგან ეს იწვევს კბილის დაზიანებას.
- თუ თქვენი ბავშვი გამოხატავს კბილის ამოჭრით გამოწვეულ დისკომფორტს – გაღიზიანებით, ტირილით ან შეამჩნევთ შესიებულ ღრძილებს, გაუკეთეთ თქვენი თითით ღრძილების მასაჟი ან მიეცით საყინულეში ნადები სათამაშო. ეს მას ტკივილს დაუამებს.
ორი რამ, რის შესახებაც უნდა იცოდეთ:
- საკვების ალერგიები. ჩვილებს შეიძლება ჰქონდეთ ალერგიული რეაქციები რამდენიმე საკვებზე, მაგალითად ძროხის რძე ( რომელიც დასალევად არ უნდა მისცეთ 12 თვემდე ბავშვებს), კვერცხი, მიწისთხილი, სოიო, ხორბლის ფქვილი. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი ან მწვავე და შეიძლება გამოიხატებოდეს გამონაყარით, ფაღარათით, სუნთქვის უკმარისობით და მკრთალი კანით. მიმართეთ პედიატრს, თუ აღმოაჩენთ ამ სიმპტომებს.
- როზეოლა. თუ თქვენს პატარას ჰქონია ტემპერატურა 38-40 გრადუსს შორის და სიცხის დაკლების შემდეგ შენიშნავთ გამონაყარს, ეს შესაძლებელია იყოს ვირუსული დაავადება – როზეოლა. სხვა სიმპტომები გაჭედილი ცხვირი, ყელის ტკივილი, შეშუპებული ლიმფური კვანძები, ხველა და გაღიზიანებულობა. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. როზეოლა სიცხის ფაზაში გადამდები შეიძლება იყოს და მოარიდეთ სხვა ბავშვებს.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ დავაძინო ჩემი შვილი მთელი ღამის განმავლობაში? შეგიძლიათ გამოატოვებინთ დღის მეორე ძილი, რათა ბავშვი საკმაოდ დაიღალოს ღამის ძილისთვის. სანამ დააწვენთ, დარწმუნდით, რომ საფენის გამოცვლა არ სჭირდება და კომფორტულად გრძნობს თავს. თუ ღამით იღვიძებს, შეინარჩუნეთ მკრთალი სინათლე, უთხარით დამამშვიდებელი სიტყვები და ჩააწვინეთ საწოლში ზურგზე. დროთა განმავლობაში ის ისწავლის საკუთარი თავის დამშვიდებას და ძილის შებრუნებას. საყვარელი ნივთი – პლუშის დათუნია, დაეხმარება მას საკუთარი თავის დამშვიდებაში.
რა შეიძლება ვაჭამო ჩემი 10 თვის ბავშვს? როგორც წესი, 10 თვის ბავშვები მიირთმევენ დედის რძის/ფორმულას და მყარ საკვების კომბინაციას. შესთავაზეთ ქათმის ხორცის, რბილი ხილის ან ბოსტნეულის პატარა ნაჭრები, მთლიანი მარცვლის ბურღულეული, პასტა ან პური, კვერცხი ან იოგურტი.
თქვენი ცხოვრება მშობლის როლში
თქვენს პარტნიორთან მშობლობაზე საუბარი შეიძლება ერთგვარი გამოწვევა იყოს. მთავარია, გახსოვდეთ, რომ არ არსებობს „იდეალური“ ოჯახი, მშობლობის კონკრეტული მეთოდი, და რომ გზადაგზა როლები და პასუხისმგებლობები შესაძლოა იცვლებოდეს. მშობლების მოვალეობებისა და საოჯახო საქმეების გადანაწილების გარკვევა მოსალოდნელი დისკუსიის თემაა. სასურველია ის იყოს ღია და გულწრფელი, იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად. გაითვალისწინეთ შემდეგი:
- გაინაწილეთ საოჯახო საქმეები. შექმენით ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური საქმეების სია და მოძებნეთ მათი სამართლიანად გაყოფის გზა. შესაძლოა, ერთმა მეტი მოვალეობა აიღოს სამუშაო დღეებში და მეორემ უქმეებზე.
- შეენაცვლეთ ერთმანეთს ბავშვის მოვლისას. ერთი ან ორივე თქვენგანი შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ სავარაუდოდ, ორივე გექნებათ სურვილი ჩართული იყოთ შვილის აღზრდაში. შეგიძლიათ გადაინაწილოთ, ვინ ადგება ღამით მტირალი ბავშვის დასაწყნარებლად? შეუძლია ერთ თქვენგანს უზრუნველყოს დილის კვება, ხოლო მეორემ საღამოს? შეგიძლიათ, გაინაწილოთ ვინ გაეთავისუფლება სამსახურიდან ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში?
- იყავით მოქნილი. რაღაც-რაღაცები იცვლება და ამიტომ, რეგულარულად განიხილეთ თქვენს პარტნიორთან, რა მუშაობს და რა არა.
- გაატარეთ დრო ერთად, როგორც ოჯახმა. განსაზღვრეთ რეგულარული დრო, როცა შეგიძლიათ ერთად დაისვენოთ, იქნება ეს ოჯახური ვახშამი, იატაკზე ერთად თამაში ან სეირნობა უქმეებზე.
- ეძიეთ დახმარება კონფლიქტების გადასაჭრელად. კონფლიქტები ურთიერთობის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ თქვენი პატარა მგრძნობიარეა მასზე მზრუნველი ადამიანების ემოციებისადმი. თუ გსურთ კონფლიქტის გადაჭრაში დახმარება, მიმართეთ ფსიქოლოგს ან სხვა პროფესიონალს.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/baby/development/article/10-month-old-baby