Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყველა ბავშვი იმსახურებს მაღალი ხარისხის  სამედიცინო მომსახურებას. როგორც მშობელმა, მნიშვნელოვანია იცოდეთ მკურნალობის უახლესი გაიდლაინები. ასე დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენს  შვილზე პედიატრი  მაქსიმალურად ზრუნავს.

ქვემოთ ჩამოთვლილია ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) ინფორმაციით, ბავშვობაში ყველაზე გავრცელებული დაავადებები და მათი მკურნალობის გზები, რომელიც ემყარება სამეცნიერო მტკიცებულებებს და საუკეთესო პრაქტიკას.  შეიძლება არსებობდეს მიზეზები, რის გამოც თქვენს პედიატრს ჰქონდეს განსხვავებული  რეკომენდაციები თქვენი შვილისთვის, განსაკუთრებით თუ მას  აქვს  ქრონიკული დაავადება ან ალერგია. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ ბავშვის ექიმთან შეგიძლიათ დააზუსტოთ დიაგნოზთან, კვლევებთან თუ მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები.

1. ყელის ტკივილი

ყელის ტკივილი ძალიან გავრცელებულია ბავშვებში და თუ მას ვირუსი იწვევს, არ სჭირდება ანტიბიოტიკები. ასეთ შემთხვევებში არ არის საჭირო რაიმე სპეციალური წამალი და თქვენი პატარა 7-10 დღის  განმავლობაში უნდა გამოჯანმრთელდეს. სხვა შემთხვევებში, ყელის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სტრეპტოკოკური (ყელის სტრეპტოკოკი) ინფექციით.

სტრეპტოკოკური ინფექციის დადგენა შეუძლებელია  ყელის უბრალო დათვალიერებით. ამ დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ლაბორატორიული ტესტი ან სწრაფი სტრეპტოტესტი, რომელიც მოიცავს ყელიდან ნაცხის აღებას. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პედიატრი დანიშნავს ანტიბიოტიკს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა შვილმა მიიღოს მისი სრული კურსი დანიშნულებისამებრ, მაშინაც კი, თუ სიმპტომები გაუმჯობესდება ან გაქრება. ჰორმონალური მედიკამენტი ტკივილის უმეტეს შემთხვევებში არ არის საჭირო.

ჩვილებსა და ახლად ფეხადგმულებს იშვიათად უჩნდებათ სტრეპტოკოკი, თუმცა თუ ისინი დადიან ბაგა-ბაღში ან თუ უფროსი და-ძმა დაავადებულია, ალბათობა იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაქტერია ძირითადად ხველისა და ცემინების დროს ვრცელდება, თქვენს შვილს ასევე შეუძლია მიიღოს ის სათამაშოზე შეხებით, რომლითაც ინფიცირებულმა ბავშვმა ითამაშა.

2. ყურის ტკივილი

ყურის ტკივილი ბავშვებში ხშირია და მას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ამის დასადგენად პედიატრმა სპეციალური აპარატით ოტოსკოპით უნდა დაათვალიეროს ბავშვის ყური. ბაქტერიული გართულების შემთხვევაში ანტიბიოტიკი  საუკეთესო გამოსავალია და ამ შემთხვევაშიც აუცილებელია კურსის დასრულება, თუნდაც სიმპტომები გაუმჯობესდეს ან გაქრეს. ხშირად ყურის ინფექცია გამოწვეულია ვირუსით და მას არ სჭირდება ანტიბიოტიკით მკურნალობა, ექიმი დაგინიშავთ ტკივილის შემამსუბუქელ მკურნალობას.

3. საშარდე გზების ინფექცია

საშარდე გზების ინფექციები  ბაქტერიების დაგროვების ბრალია. სიმპტომებში შედის ტკივილი ან წვა შარდვის დროს, ხშირი შარდვა, უნებლიე შარდვა, მუცლის, გვერდის ან ზურგის ტკივილი

შარდის ანალიზის საფუძველზე ექიმი დანიშნავს მკურნალობას იმის მიხედვით, თუ რომელი ბაქტერია გვხვდება შარდში.

4. კანის ინფექცია

ამ ასაკში ხშირია  სტაფილოკოკური ინფექცია ან სხვა რეზისტენტული ბაქტერიები, რომლებიც ძირითადად ოჯახის წევრებისგან ედებათ ბავშვებს. საჭიროა კანის ტესტი შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად.

5. ბრონქიტი

ბავშვთა ასაკში ხშირად სიტყვა “ბრონქიტი” გამოიყენება გულმკერდის ვირუსის აღსაწერად და არ საჭიროებს ანტიბიოტიკებს.

6. ბრონქიოლიტი

ხშირია ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში გაციებისა და გრიპის სეზონზე. ექიმმა შეიძლება მოისმინოს “ხიხინი” ბავშვის სუნთქვის მოსმენისას.

ბრონქიოლიტს ყველაზე ხშირად ვირუსი იწვევს, რასაც ანტიბიოტიკები არ სჭირდება. უნდა დააკვირდეთ ბავშვის სუნთქვას, ჭამასა და წყლის საკმარისად მიღებას. ასთმით დაავადებულთათვის განსაზღვრული მედიკამენტები არ არის რეკომენდებული ბრონქიოლიტის მქონე ჩვილთა და მცირეწლოვან ბავშვთა უმეტესობისთვის. ბავშვებს, რომლებიც ნაადრევად დაიბადნენ ან აქვთ თანდაყოლილი პრობლემები შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის განსხვავებული გეგმა.

7. ტკივილი

ბავშვებისთვის ტკივილის შესამსუბუქებლად საუკეთესო მედიკამენტებია აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ან იბუპროფენი. დოზებზე ჰკითხეთ პედიატრს, რადგან უნდა განსაზღვროთ წონის მიხედვით.

8. გაციება

გაციებას იწვევს ზედა სასუნთქი გზების ვირუსები. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის წელიწადში 6-8 გაციება ნორმალურია.  სიმპტომები (მათ შორის სურდო და ხველა) შეიძლება გაგრძელდეს 10-ზე მეტი დღის განმავლობაში.

ცხვირიდან მწვანე გამონადენი არ ნიშნავს ავტომატურად ანტიბიოტიკების საჭიროებას; ვირუსულ გაციებას არ სჭირდება ანტიბიოტიკები.

9. ბაქტერიული სინუსიტი

ბაქტერიული სინუსიტი გამოწვეულია სინუსებში ბაქტერიების არსებობით და მასზე ეჭვი შეგვიძლია მივიტანოთ, თუ  გაციების მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი, დღისით ხველა ან ორივე, ათი დღის განმავლობაში გრძელდება გაუმჯობესების გარეშე.

ანტიბიოტიკები შეიძლება საჭირო გახდეს, თუ ამ მდგომარეობას თან ახლავს სქელი ყვითელი  გამონადენი ცხვირიდან  და სიცხე ზედიზედ მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში.

10. ხველა

ჩვეულებრივ, ხველა გამოწვეულია ვირუსებით და ხშირად არ საჭიროებს ანტიბიოტიკებს.

ხველების სამკურნალო წამალი არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ბავშვებისთვის ან 4 – დან 6 წლამდე, თუ ექიმი არ გირჩევთ.

გამოკვლევებმა  აჩვენა, რომ ხველის სამკურნალო საშუალებები არ მოქმედებს 4 წლის და უმცროს ასაკობრივ ჯგუფში და აქვთ სერიოზული გვერდითი მოვლენები.

თუ სიმპტომები შეიცვლება:

ზოგჯერ, მსუბუქი ინფექციები – ვირუსული ან ბაქტერიული – შეიძლება უფრო სერიოზულ ინფექციებად იქცეს. დარეკეთ თქვენს პედიატრთან, თუ თქვენი შვილის სიმპტომები შეიცვალა, გაუარესდა, არ უმჯობესდება რამდენიმე დღის შემდეგ ან დაემატა ახალი სიმპტომი.

წყარო: www.healthychildren.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5