Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყველა მშობელს, ვისაც ორი ან მეტი შვილი ჰყავს ან, უბრალოდ, ერთზე მეტის ყოლას გეგმავს: გაირკვა, რომ დებულება, თითქოსდა დაბადების თანმიმდევრობა ჩვენს პიროვნებას განსაზღვრავს, მეცნიერულად არც ისე დასტურდება, როგორც ოდესღაც ფიქრობდნენ, თუმცა არსებობს მრავალი კვლევა ძმებისა და დების შესახებ, რაც შესაძლოა შთამაგონებელი იყოს თქვენთვის ან უბრალოდ საინტერესო მაინც. ქვემოთ – რამდენიმე ინფორმაცია დედმამიშვილების შესახებ.

1. დედმამიშვილები მეტ დროს ატარებენ ერთმანეთთან, ვიდრე ვინმე სხვასთან. ერთი კვლევის თანახმად, იმ დროისათვის, როცა დედმამიშვილიან ბავშვებს 11 წელი შეუსრულდებათ, ისინი თავისუფალი დროის 33%-მდე ატარებენ მათთან. მაშინაც კი, როცა იზრდებიან და მეტი გარე ინტერესი და მოვალეობა წარმოექმნებათ, ისინი მაინც ატარებენ სულ ცოტა კვირაში 10 საათს თავიანთ დებთან და ძმებთან – დიდ ოჯახებში კი 17 საათამდე კვირაში.

2. დედმამიშვილებს დიდი გავლენა აქვთ ჩვენს მსოფლმხედველობაზე, პიროვნებასა და ქცევაზე. ეს აღემატება მშობლების ზეგავლენას (მაგ. მათი ზეგავლენა იმაზე, შვილი ეწევა თუ სვამს, ნაკლებია ვიდრე დედმამიშვილ(ებ)ისა). ზოგიერთი კვლევის თანახმად, ჩვენი 80% მინიმუმ ცხოვრების მესამედს ატარებს დედმამიშვილთან თუ დედმამიშვილებთან და არაფერს შეუძლია ძლიერი დედმამიშვილური კავშირის განმეორება. ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ ამას შეუძლია მიგვიყვანოს ნაკლებ დეპრესიამდე, ცხოვრებით მეტ კმაყოფილებამდე და მეტ თვითშეფასებამდე.

3. დედმამიშვილები შეიძლება ჰგავდნენ ერთმანეთს გარეგნობით და ინტელექტით,  მაგრამ არა პიროვნულად. ერთი და იგივე მშობლებისა და აღზრდის მიუხედავად, ძმები და დები ხშირად საკმაოდ განსხვავდებიან, როცა საკითხი მათ პიროვნებას ეხება. რატომ ხდება ასე, არ არის ცნობილი, მაგრამ დედმამიშვილები მიდრეკილნი არიან ერთმანეთისაგან განსხვავების მცდელობისაკენ.

4. უფროსი დედმამიშვილები შესაძლოა უფრო გონიერები იყვნენ. არსებობს თეორიები, რომელთა თანახმად, იმის გამო, რომ უფროსი დედმამიშვილები უმცროსებს ხშირად ასწავლიან ხოლმე, ეს მათ ცოდნას უძლიერებს. შესაძლოა ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ პირველ შვილებს დედ-მამა მეტ ყურადღებას აქცევს მომდევნოს დაბადებამდე.

5. უმცროსი დედმამიშვილები შეიძლება რისკისადმი მეტად მიდრეკილნი და მეტად ექსტროვერტულნი იყვნენ. შეგიძლიათ ამას ბოლომდე არ ენდოთ, მაგრამ ზოგიერთი კვლევა უჩვენებს, რომ უმცროსები უფრო სოციალურები და რისკიანები არიან. მკვლევრების აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ოჯახის უმცროს წევრებს ამ ყველაფრის გაკეთება ყურადღების მისაქცევად უწევთ (განსაკუთრებით დიდ ოჯახებში).

6. უმცროსი დედმამიშვილები ნაკლებად ალერგიულები არიან ხოლმე. მათ ნაკლებად უვითარდებათ ალერგიები და ატოპიური დერმატიტი, ვიდრე უფროს დედმამიშვილებს, შესაძლოა იმის გამოც, რომ როდესაც ისინი იბადებიან, სახლში უკვე საკმარისი მიკრობია, უფროსი დედმამიშვილების დამსახურებით. ეს კი ხელს უწყობს უფრო ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას.

7. დედმამიშვილების მხოლოდ ნახევარი იზიარებს ხოლმე ეკონომიკური და საგანმანათლებლო წარმატების ერთსა და იმავე დონეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმატებულ დედმამიშვილთა ერთობლიობა, როგორიცაა დები უილიამსები, ძმები კენედები და სხვ. უფრო გამონაკლისია, ვიდრე ნორმა, ადგენს ზოგიერთი კვლევა.

8. დედმამიშვილიანი ბავშვები შესაძლოა უფრო ზრდილობიანები იყვნენ, როცა საქმე სიყვარულს ეხება. კვლევებში, მამაკაცებს, ვისაც დები ჰყავდათ, უფრო უადვილდებოდათ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან საუბრის წამოწყება და შენარჩუნება. ასევე, ქალები, ვისაც უფროსი ძმები ჰყავდათ, უფრო მეტად უღიმოდნენ უცნობ მამაკაცებს და უფრო უადვილდებოდათ მათთან საუბრის დაწყება.

9. დედმამიშვილები შესაძლოა აკონტროლებდნენ წონას. ერთი კვლევის თანახმად, სიმსუქნის რისკი კლებულობს 14 პროცენტით ოჯახში ყოველი ახალი დედმამიშვილის დაბადებასთან ერთად, გოგონებთან დაკავშირებით მაინც. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ დედმამიშვილები ერთმანეთს მუდმივად ფიზიკურად აქტიურად ამყოფებენ.

10. რაც მეტი დედმამიშვილი გყავთ, ნაკლებად მოსალოდნელია განქორწინდეთ ზრდასრულ ასაკში. ყოველ დედმამიშვილთან ერთად ადამიანის განქორწინების შესაძლებლობა 2 პროცენტით იკლებს, მინიმუმ ერთი ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად. მეტი დედმამიშვილი შესაძლოა ნიშნავდეს სხვებთან ურთიერთობის მეტ გამოცდილებას და ეს უპირატესობას იძლევა, როდესაც ქორწინების დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვაზე მიდგება საქმე.

11. მშობლები მართლაც გამოარჩევენ ხოლმე ერთ-ერთ შვილს. მკვლევრების ჯგუფმა გამოარკვია, რომ დედების 65%-ს და მამების 70%-ს ყავს ფავორიტი, როგორც წესი, უფროსი შვილი. მართალია, მშობლები ამას უარყოფენ ხოლმე, მაგრამ ზოგიერთი კვლევა საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

წყარო: whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5