ბედნიერება და კომფორტი ნაცნობ სახეებში
შეამჩნიეთ, რომ თქვენი პაწაწინა უკვე აღარ არის ისე პაწაწინა? ამ სტატიაში წაიკითხავთ 2 თვის ბავშვის ზრდისა და და განვითარების სტადიებზე. თუ სამსახურში დაბრუნებამ უკვე მოგიწიათ, ჩვენ მოგაწვდით რჩევებს, რომ ამ პროცესმა უმტკივნეულად ჩაიაროს თქვენთვის და თქვენი შვილისთვის.
ბავშვის განვითარების სტადიები
ფიზიკური განვითარება:
გეჩვენებათ, რომ თქვენი პატარა ზებუნებრივი სიჩქარით იზრდება და ძალიან მალე უპატარავდება ტანსაცმელი? საშუალოდ, ამ თვეში ბავშვები 2-4 სმ-ით იმატებენ სიგრძეში და 600-900 გრამით წონაში. გეგმიურ ვიზიტზე, პედიატრი ზრდის გრაფიკზე აღნიშნავს მისი თავის გარშემოწერილობის, სიგრძის და წონის მონაცემებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი სტაბილურად იზრდება.
ალბათ, შეამჩნევდით, რომ თქვენი შვილის ფრჩხილები სინათლის სისწრაფით იზრდება. ხელის ფრჩხილების დაჭრა ან მოქლიბვა დაახლოებით კვირაში ერთხელ, ფეხის ფრჩხილების კი – თვეში ერთხელ მოგიწევთ. თან შეხსენებაც არ დაგჭირდებათ, ნაკაწრებს ხან ბავშვზე შეამჩნევთ, ხან თქვენს სახეზე. ჩვილის ფრჩხილების მოვლის რამდენიმე მეთოდი:
- გამოიყენეთ ჩვილის ფრჩხილების მაკრატელი ან საკვნეტელა.
- დააჭერით ბავშვს ფრჩხილები ძილში ან აბაზანის შემდეგ, როცა იქნება მოდუნებული და ნაკლებად მოძრავი.
- თითისწვერებზე დააწექით კანს, რომ მხოლოდ ფრჩხილი მოაჭრათ.
- გაუქლიბეთ უხეში კიდეები ფრჩხილების დაჭრის შემდეგ.
- თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მოახერხებთ ჩვილისთვის ფრჩხილების დაჭრას, სთხოვეთ პედიატრს, რომ გასწავლოთ.
ბავშვის ყიფლიბანდები იწყებენ გამაგრებას, ისე როგორც თავის ქალას ძვლები.
შეგრძნებები: სამყაროს ფერადში დანახვა
თქვენი პატარა იწყებს საგნების ამოცნობას და მას ძალიან მოსწონს ნაცნობი ადამიანების სახის დანახვა, განსაკუთრებით კი დედის და მამის. წინა კვირებში ჩვილი უპირატესობას ანიჭებდა უბრალო ხაზების მქონე საგნებს, ახლა კი მის ყურადღებას იქცევს წრიული ფორმები, სპირალები. თქვენი პატარა ფერების უკეთ დანახვასაც სწავლობს.
ღია ცის ქვეშ სეირნობის დროს ეტლში ან სლინგში/კენგურუში მწოლიარე ბავშვს გაუხმოვანეთ შემხვედრი ობიექტების სახელები. ეს მას დაეხმარება ამეტყველებაში.
მოძრაობა: ჩვილის ბუქნაობა
მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში თქვენი პატარას მოძრაობების დიდი ნაწილი მაინც რეფლექსური რჩება, მას უკვე შეუძლია უფრო მეტად აკონტროლოს, რასაც აკეთებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის შეიძლება ნაკლებად აქტიური ჩანდეს, რადგან მისი რეფლექსების ნაწილი ქრება, მაგრამ დაიწყებს ახალ, ამჯერად მიზანმიმართულ მოძრაობებს. ფეხების დარტყმის ძალა მატულობს ამ თვეში და მომდევნო თვეში ის ისწავლის მუხლების მოხრას და გაშლას. ისე, რომ თქვენ ფეხებს იატაკზე დაადგმევინებთ, ის ბუქნებს გააკეთებს: „ჩაჯდება“ და „ადგება“.
თქვენი პატარას ხელისა და თითის უნარებიც ვითარდება. ის უფრო მეტ დროს გაატარებს გაშლილი ხელებით და გაოცდება, როცა შემთხვევით თვალებთან მიიტანს. ნელ-ნელა ვითარდება ხელის პირთან მიტანის უნარიც, თავიდან შემთხვევით გამოუვა, შემდეგ კი წოვის რეფლექსის დასაკმაყოფილებლად და დასამშვიდებლად გამოიყენებს. თუ საჩხარუნოს ხელში მისცემთ, ის გაერთობა მისი შერხევით, მაგრამ ყურადღებით იყავით, მალევე მობეზრდება და გადააგდებს.
ამ ან მომდევნო თვეში, თქვენი პატარა შეძლებს დაეყრდნოს მკლავებს და წამოსწიოს კისერი და თავი. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია მის ცხოვრებაში, რადგან ამ უნარის დახმარებით შეუძლია დაინახოს საინტერესო რაღაცები, მაშინაც კი, როცა მუცელზე წევს.
პიროვნება: ბგერები
თქვენი შვილის პიროვნება დღითი დღე უფრო მეტად ავლენს თავს. ის შეიძლება გამოჩნდეს თქვენთან ურთიერთობის დროს მისი სახის გამომეტყველებებით, ხმებით და ჟესტებით. მაგალითად, თუ მას გაუღიმებთ, ის გახალისდება და თვითონაც გაგიღიმებთ. დროთა განმავლობაში, ის დაიწყებს საკუთარი თავის გართობას უცხო ხმების გამოცემით. ა-ღუ, ა-ღუ – შეიძლება გაიგოთ თქვენ და საუბრის დროს დაუბრუნეთ მას მსგავსი ბგერები. „ჩვილის ლაპარაკი“ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, მაგრამ ასევე დაამატეთ ახალი სიტყვები. ის მიხვდება, რომ საუბარი ორმხრივი პროცესია, რომელიც თითოეული ადამიანის ჩართულობას მოითხოვს. კვირების გასვლასთან ერთად, თქვენი პატარა უფრო დაკვირვებული გახდება თქვენი ხმის ტონის მიმართ და ისწავლის მასში თქვენი განწყობილების ამოკითხვას. ძალიან მნიშვნელოვანი, აღუწეროთ, გაუხმოვანოთ თქვენი მოქმედებები, მაგალითად საფენის გამოცვლა, სასეირნოდ წაყვანა ან მისი ბანაობა.
მალე თქვენი პატარა უბრალოდ კი არ გაიღიმებს, სიცილსაც დაიწყებს. მაგრამ ნუ გაოცდებით, თუ ის ასე არ უპასუხებს უცნობებს. დედა, მამა, დედმამიშვილები და რეგულარული სტუმრები ისევ მის ფავორიტებად რჩებიან.
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას
თქვენთან თამაში და ურთიერთობა უზარმაზარ როლს თამაშობს თქვენი ბავშვის ტვინის განვითარებაში და ადრეულ სწავლაში. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომელთა გაკეთებაც ერთად შეგიძლიათ:
- წაუკითხეთ წიგნები. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს პატარას არ ესმის ყველა სიტყვის მნიშვნელობა, ის ისმენს თქვენს გამოცემულ ბგერებს და სწავლობს ტონის და ტემპის შესახებ. ნუ იყოყმანებთ ერთი და იგივე წიგნის წაკითხვას ბევრჯერ, რადგან ბავშვებს უყვართ გამეორება.
- ეჭორავეთ. უპასუხეთ ბავშვის ბგერებს. არ შეაწყვეტინოთ „ლაპარაკი“, რადგან თქვენი ყურადღებით მას უგზავნით სიგნალს იმის შესახებ, მისი ხმა მნიშვნელოვანია და ეს სანდოობის განცდას უქმნის.
- დააწვინეთ მუცელზე. გააგრძელეთ ბავშვის დაწვენა მუცელზე ყოველ დღე მცირე ხნით. Tummy time ნიშნავს ბავშვის დაწვენას მყარ ზედაპირზე თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ და უზრუნველყოფს თქვენი პატარას კისრის, მკლავისა და მხრების კუნთების გაძლიერებას.
- გააცანით ბგერების სიმრავლე. მუსიკის მოსმენასთან ერთად მიეცით ბავშვს ხელში სათამაშოები, რომლებიც სხვადასხვა ხმას გამოსცემს. მოასმენინეთ ყოველდღიური ხმებიც, მაგალითად მასთან ახლოს აკეთეთ საოჯახო საქმეები.
ბავშვის კვება
აჭამეთ თქვენს პატარას, როგორც კი მოშივდება. 2 თვის ბავშვი დაახლოებით 6-8-ჯერ ჭამს დღეში. ის შიმშილს გამოხატავს წოვის იმიტაციით, ხელების პირთან მიტანით ან წუწუნით. ზედმეტი კვების თავიდან ასარიდებლად ყურადღება მიაქციეთ დანაყრების ნიშნებსაც, იქნება ეს წოვის შენელება თუ შეწყვეტა. თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ ბავშვი საკმარის საკვებს იღებს, თუ ის კვებებს შორის ფხიზლად გამოიყურება და აქტიურია. ამ პერიოდში, შეიძლება ბავშვმა გამოტოვოს შუაღამის კვება. მისი კუჭის ტევადობის მატების გამო შესაძლოა მას ადრეულ დილამდე არ მოშივდეს.
სველი და დასვრილი საფენების შემოწმება
თქვენ მიერ ბავშვისთვის გამოცვლილი საფენების რაოდენობა გაწვდით ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის და იმის შესახებ, ჰყოფნის თუ არა მას საჭმელი. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია და ზოგი შეიძლება ყოველ საათში შარდავდეს, ზოგი კი 4-6 საათში ერთხელ. 6 სველ საფენზე მეტი შეიძლება იყოს ზომიერი გაუწყლოვანების ნიშანი. არ არსებობს დასვრილი საფენების „სწორი“ რაოდენობა, რადგან 2 თვის ბავშვს შეიძლება დღეში რამდენიმეჯერ ან კვირაში ერთხელ ჰქონდეს კუჭის მოქმედება. თუ თქვენს პატარას ჩვეულებრივზე დიდი ხანი დასჭირდა დეფეკაციისთვის, მაგრამ განავალი რბილია, ნუ იღელვებთ. ეს ნორმალურია. და მაინც, თუ თქვენ ეს გაშფოთებთ, მიმართეთ პედიატრს, რომ დარწმუნდეთ, ყველაფერი რიგზეა თუ არა.
2 თვის ბავშვის ძილი
თქვენს 2 თვის პატარას უნდა ეძინოს 14-17 საათი დღე-ღამეში. ის უფრო მეტ ხანს უნდა ფხიზლობდეს დღის განმავლობაში და გაზარდოს თითოეული ძილის ხანგრძლივობა. ამ ასაკში ზოგიერთი (მაგრამ არა ყველა) ბავშვი სწავლობს მთელი ღამით, 6-8 საათით გადაბმულად ძილს.
კარგი ძილის რუტინა ნიშნავს ყოველ დღე ერთსა და იმავე საათებში დაძინებას და შესანიშნავი სტარტია ბავშვის ცხოვრებაში მისი ჯანმრთელობისთვის და კარგად ყოფნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამის სწავლას დრო სჭირდება, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას ღამის კვებების დროს ნაკლები ლაპარაკით, დაბალი შუქით, საფენის სწრაფი გამოცვლით და ისევ მის საწოლში, ზურგზე დაწვენით. ძილის რუტინის ჩამოყალიბების შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენად შორს შეუძლია დანახვა 2 თვის ბავშვს? 2 თვის ბავშვს შეუძლია დაახლოებით 30 სმ-ის მოშორებით მდებარე ნივთის დანახვა.
თქვენი ბავშვის ასაკს ითვლით კვირებში თუ თვეებში? პირველ თვეებში უმჯობესი იქნება, თუ თქვენი პატარას ასაკს კვირებში დაითვლით. მაგალითად, „ჩემი პატარა 6 კვირისაა“. მაგრამ დროთა განმავლობაში გადადით თვეების და წლების დასახელებებზე, რადგან ასე დათვლა გაძნელდება.
რა არის დაბადების ნიშნები? თქვენს პატარას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფერის ლაქები სხეულზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საშიში არ არის და და უბრალოდ, მას უნიკალურს ხდის. და მაინც, რამე პრობლემის გამოსარიცხად აჩვენეთ პედიატრს.
თქვენი გეგმები ამ თვეში
- დაგეგმეთ პედიატრთან 2 თვის გეგმიური ვიზიტი. ჰკითხეთ მას ყველა კითხვა, რომელიც გაწუხებთ. კარგი იქნება, თუ კითხვებს წინასწარ ჩამოწერთ, რადგან შეხვედრის დროს შეიძლება რამე დაგავიწყდეთ. მიიღეთ მისგან რჩევები ამ თვეში დამატებითი კვლევების, სკრინინგ ტესტების ან აცრების საჭიროების შესახებ.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/newborn-baby/development/article/2-month-old-baby