Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კომუნიკაციების სპეციალისტი და თითქმის 2 წლის ალექსანდრეს დედა თინი ოსეფაშვილი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას: შესაძლებელია თუ არა, 2 წლამდე ბავშვი მოვარიდოთ ეკრანებს?

ამერიკის პედიატრთა ასოციაციაციის რჩევებს ვკითხულობდი ხოლმე ჯერ კიდევ ორსულობაში, (ქართველი ფსიქოლოგებიც ხშირად საუბრობენ ამ თემაზე). ამ, და სხვა ნებისმიერ სანდო წყაროებში საკმაოდ მკაცრად არის ხაზგასმული ნებისმიერი გაჯეტის მავნებლობაზე 2 წლამდე ასაკში. რამდენჯერაც ეს თემა წამოვჭერი შვილიან ნაცნობებში, იმდენჯერ დარწმუნებითი პასუხი მივიღე, რომ შანსი არ მქონდა 2 წლამდე “გამექაჩა” უეკრანოდ.

ალექსანდრე სულ რაღაც 3 თვეში 2 წლის გახდება და ამ დრომდე არანაირ მოწყობილობაზე არ უნახავს მულტფილმი, ან თამაში. ამიტომ, ვფიქრობ შემიძლია გაგიზიაროთ ის, რამაც ჩვენ გაგვიადვილა ბავშვის ასე გაზრდა. იქნებ გამოგადგეთ და თქვენც არ შეუშინდეთ, თუ ვინმე საწინააღმდეგოს გეტყვით:

1) არ არსებობს არანაირი გამონაკლისი, არანაირი “ამ ერთხელ”

ეს წესი არამხოლოდ ეკრანზე, არამედ ძალიან ბევრ რამეზე გამოგადგებათ. მაგალითად – არანაირი გადაადგილება ქარ-სითის გარეშე, არანაირი მავნე ტკბილეული და ჯანქ-ფუდები…როგორც კი “ვერ გაქაჩავ“ და „აგერ ნახე” მოვისმინე, მაშინვე ამაზე დავფიქრდი და დაბადებამდე ვფიქრობდით ამ სტრატეგიაზე. რანაირად მოითხოვს თოთო ბავშვი მულტფილმს, თუ არც იცის მისი არსებობის შესახებ?  “ამ ერთხელ” განსაკუთრებით არ შეიძლება მშობლისთვის ისეთ სუსტ მომენტებში, როგორიცაა, მაგალითად, უჭმელი ბავშვი – ტვინგამოთიშულზე საჭმლის მიღება ყველაფრისთვის ცუდია, ეკრანს რომ თავი დავანებოთ. ასევე, არანაირი “სტუმრად ვართ და ამ ერთხელ არაუშავს” – დიდი ბოდიშის მოხდით ვათიშინებთ ტელევიზორებს თუ სადმე სტუმრად ვართ, ან თავად ვერიდებით ტელევიზორის ოთახს და გავდივართ ისეთ ადგილას, საიდანაც ვერ მოჰკრავს თვალებს. ასევე ძალიან მაცდურია დილით ძალიან რომ გეძინება და სიამოვნებით გააჩერებდი საწოლში ამ გზით…

2) მაგალითი თქვენ თავად ხართ

თუ სახლში ტელევიზორია ჩართული, ან ხელში მუდმივად ტელეფონი გიჭირავთ და სქროლავთ. გამოიცანით, ვინ დაინტერესდება ამით? ალექსანდრესთან ერთად ყოფნისას, ტელეფონს მხოლოდ აუცილებლად პასუხგასაცემ შემთხვევებში ვიღებთ ხელში, ან ფოტო-ვიდეოს გადაღების მიზნით. თეთრ ხმაურადაც არადროს გვქონია ტელევიზორი ჩართული. რაც გაჩნდა, მას მერე გამორთულია და მარტო მისი ძილის დროს ვტკბებით საყვარელი შოუებით. ისე კი როგორც წავიკითხე, ტელევიზორი სჯობს სმარტფონებს, ნაკლებად დამოკიდებულს ხდის ბავშვებს.

(იგივე, მაგალითის წესი ვრცელდება მავნე საჭმელებზეც – ბავშვის თანდასწრებით ისეთი რაღაცის ჭამა, რაც კატეგორიულად არ შეიძლება, არ მიმაჩნია სწორად. ვაი და დაინტერესდა „ფრით“ ან „კოკა-კოლებით“ და მოუნდა, მაშინ ან უნდა აჭამო (Please, NO!), ან გული დასწყვიტო იმის გამო, რომ არ აჭმევ, რაც სულაც არ მგონია სამართლიანი ბავშვის მიმართ).

3) წიგნები და მუსიკა

წიგნებს, ჯერ რომ არაფერი გაეგებოდა იმ დროიდან ვუკითხავდი მძინარეს, ნელნელა თვალიერება-თვალიერებაში როგორც თამაშის დროში, ისე ძილის რუტინაშიც მყარად დაიმკვიდრა ადგილი, და ძალიან შეუყვარდა, ახლა ზოგიერთ ზღაპარს თავისით მიყვება. ხშირად მიფიქრია, რომ შეიძლება მერე, ბაღში, ან ეზოში თანატოლებთან შეიძლება აქტუალურ თემებს ჩამორჩეს უეკრანობის გამო, თუმცა, არც 2 წელია ის ასაკი, როცა ასეთ თემებზე საუბრობენ პატარები და თან, თუ მაინცდამაინც, წიგნები და მუსიკაა საშველი – ყველა მულტფილმს აქვს წიგნი და საუნდტრეკი. მაგალითად, ავიღოთ თუნდაც ქართული პოპულარული „ჟირაფი ჟოზე“ – ჟოზეს წიგნებიც აქვს და სიმღერებიც, თემატურად. ისე, ძალიან გვადგება პაწია ბლუთუს დინამიკი, რომელსაც მეხსიერების ბარათიც ედება. ჩავუწერეთ როგორც მულტფილმების საუნდტრეკები, ისე სხვა საყვარელი სიმღერები და ძალიან კარგად ერთობა მოსმენით და ცეკვით. მულტფილმების „წიგნური ვერსიებიდან“ განსაკუთრებით  „მეფე ლომი” უყვარს და “აკუნა მატატას” მთელ ხმაზე მღერის ხოლმე. ასევე უყვარს ნემო, მოანა, გოჭი პეპას წიგნიც კი გვაქვს..

4) Everyone on board

რომ არა ჩემი ოჯახის წევრები, დედ-მამიან, და-ძმიანად, რომლებიც  დიდ დროს ატარებენ ალექსანდრესთან სანამ დედიკო და მამიკო მუშაობენ, და რომლებიც სრულად მოგვყვებიან ამ გადაწყვეტილებაში, ვერაფერსაც ვერ შევძლებდით. სამსახურში რომ სრულ განაკვეთზე გავედი, ალექსანდრე 3 თვის იყო. მოუსვენარი პიროვნების მთელი დღე გართობა საერთოდ არ არის მარტივი, მაგრამ, ჯერ, სანამ წამოიზარდა, დედაჩემი უგონებდა ათასნაირ გასართობს, ახლა ჩემი დებიც აქტიურად არიან ჩართულები პინტერესტზე ასაკის შესაბამისი გასართობების მოძიებაში, ასევე გარეთ დიდი დროის გატარება უმნიშვნელოვანესია..მოკლედ, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, ბავშვის გარემოცვის ერთიანი აზრი ამ საკითხზე, უმნიშვნელოვანესია.

1.9 წლის ალექსანდრეს ეკრანთან რაიმე სახის შეხება ამჟამად ასეთია:

  • შეიძლება მხოლოდ მოკლე ვიდეოზარისთვის შორს მყოფ ოჯახის წევრებთან (AAP-ის ნებართვით);
  • ბოლო დროს ფოტოს გადაღებით დაინტერესდა და თავის საყვარელი მანქანების ფოტოგრაფიით ერთობა როცა ახსენდება;
  • იშვიათად, მისთვის უსიამოვნო პროცედურების დროს (მაგალითად, ნატკენის დამუშავებისას, ან ფრჩხილების ჰიგიენისას) ტელეფონში არსებული ფოტო-ვიდეოსგან ავტომატურად შექმნილ კოლაჟს შეუძლია უყუროს და გაიხსენოს რითი ერთობოდა ერთი კვირის წინ;
  • იცის, რომ მუსიკას ტელეფონიდან ვურთავთ და როცა უნდა, გვთხოვს მოვასმენინოთ (Spotify-ზე თავისი ფლეილისტიც აქვსD);

ისე გაჯეტების სახელწოდებებიდან ყველა იცის, არც ისე გვიჭირავს თავი, რომ რომელიმე არ არსებობს. როცა ვმუშაობ, მოდის და მიხურავს ლეპტოპს, მთხოვს წავყვე სათამაშოდ, ან თუ ვიდეო ქოლზე ვარ მოიკითხავს ყველას და მიდის. როცა ჩემს ტელეფონს სადმე ნახავს მიგდებულს, მოაქვს და მაწვდის. თუ ტელეფონი ხელში მიჭირავს ერთად თამაშის დროს, მართმევს და შორს დებს. მალე 2 წლის გახდება და იმდენად ბუნებრივად ვართ ეკრანის გარეშე, სხვანაირად არც წარმომიდგენია. ისე კი, ვფიქრობთ, მეტწილად მზად ვართ – უკვე ვიცით ბავშვის ტემპერამენტი და ვფიქრობთ, პრობლემების გარეშე მიიღებს ეკრანისთვის დაწესებული დროის ნორმებს და პირიქით, თამაშის ერთ-ერთ სახეობად ჩამოგვიყალიბდება. უკვე კარგად ლაპარაკობს და შინაარსის გაგებაზეც არ ექნება პრობლემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ტვინი არ გადაეტვირთოს. ზაფხული და მთელი დღე გარეთ ყოფნის საშუალება რომ გაივლის, ნელნელა დავიწყებთ, ერთი სული გვაქვს ჩვენთან ერთად ნახოს ის ყველაფერი, რაც წიგნებიდან იცის.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ძალიან ძალიან რთულია როცა დედა სულ მარტოა ბავშვთან, ან 24/7-ზე მარტოს უწევს გამკლავება ყველა საოჯახო საქმესთან და ბავშვთან და მისთვის ერთადერთი თავისუფალი დრო ასე მიიღება. ასევე, კარანტინის დროს ვიცი, რომ ძალიან ბევრ მეგობარს გაუჭირდა ამ წესის შენარჩუნება, რადგან სახლში არავინ ჰყავდათ და თან დისტანციურად მუშაობდნენ სრულ განაკვეთზე. ასევე უფროსი ბავშვის პირობებში იქნება თითქმის შეუძლებელი მისია (თუმცა, უფროსი და/ძმისგან ნასწავლი რაღაცები დარწმუნებული ვარ ანაზღაურებს ეკრანის ზიანს), ასე  ათასი მიზეზი შეიძლება იყოს…ხოდა რაც არ უნდა იყოს მიზეზი, take it easy, დედობა ისედაც ძაან რთული საქმეა ცუდი დედა არასდროს იქნებით ამის გამო. მთავარია შესაძლებელი ნორმების დაცვა და ზიანის დასაბალანსებელი აქტივობები.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5