Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ნათია რუხაია-კუხალეიშვილი.

როგორც წინა ინტერვიუში გვესაუბრეთ, 2-3 წლის ასაკში ხდება ბავშვის პიროვნულიმე”- ფორმირება, რომელიც უმეტესად ვლინდება ბავშვის ავტონომიურობის მოთხოვნით და წინააღმდეგობით. რა უნდა იცოდეს მშობელმა და როგორ დავეხმაროთ პატარას კრიზისის გადალახვაში

მთავარი, რაც მშობელმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ არ შეიძლება კრიზისის დათრგუნვა საკუთარი ავტორიტარული ქმედებით ან დასჯის შიშით. ასეთ შემთხვევაში, თქვენ დათრგუნავთ ბავშვის თავისუფალ ნებას. ეს ხელს შეუშლის ბავშვს ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელსაც ექნება უნარი, საკუთარ ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე აგოს პასუხი.

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?

ნუ მიიღებთ ამ ნორმალურ ფაზას ზედმეტად პირადულად. არ ჩათვალოთ თქვენს თხოვნაზე უარყოფითი პასუხი ბავშვის მხრიდან უპატივცემულობად. ის ასე იმიტომ კი არ იქცევა, რომ გაგაღიზიანოთ, არამედ ავითარებს საკუთარ იდენტობასა და დამოუკიდებლობას. ეს მისთვის ინდივიდუალობის გამოვლენის ერთ-ერთი გზაა.

მიეცით ბავშვს მკაფიო, შეზღუდული არჩევანი – შესთავაზეთ რამდენიმე, თქვენთვის მისაღები ალტერნატივა. ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ გაზარდოთ ბავშვში თავისუფლებისა და კონტროლის განცდა, რის ხარჯზეც იზრდება იმის ალბათობა, რომ ის თქვენთან ითანამშრომლებს. მშობლის ამოცანაა დაეხმაროს ბავშვს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და არ აიძულოს დაეთანხმოს მის გადაწყვეტილებას. მაგალითად, მიეცით საშუალება აირჩიოს რომელი მარცვლეულის ფაფას მიირთმევს დილით, რომელ ბოსტნეულს მიაყოლებს სადილს, რომელ მაისურს ჩაიცვამს, გარეთ ითამაშებს თუ სახლში და ა. შ. რაც უფრო მალე გაუჩნდება იმის განცდა, რომ თავად არის გადაწყვეტილების მიმღები, მით უფრო ადრე დაიწყებს თქვენთან თანამშრომლობას.

ნუ მისცემთ არჩევანს, როდესაც არჩევანი არ არსებობს. არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც ამ ასაკში მოლაპარაკებას არ ექვემდებარება, მაგალითად უსაფრთხოების წესები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. მოერიდეთ შეკითხვის დასმას, როდესაც მხოლოდ ერთადერთი პასუხი არსებობს. ეცადეთ ისეთი ფორმით მიაწოდოთ ბავშვს ეს, რომ არ იყოს მისთვის შეურაცხმყოფელი (მაგ.: „ჩვენი დაძინების დრო მოვიდა“), ერიდეთ მუქარას და დირექტივებს („ახლავე დასაძინებლად წადი, თორემ…“ და ა.შ.)

მიეცით მოსამზადებელი დრო, რათა გადაერთოს ერთი აქტივობიდან მეორეზე. მაგალითად, თუკი თამაშობს და კარგად ერთობა, თქვენ კი გსურთ სადილზე დაუძახოთ, გააფრთხილეთ 5 წუთით ადრე, რომ ჭამის დროა და 5 წუთში აქტივობა უნდა დაასრულოს. შეგიძლიათ  ამისთვის გამოიყენოთ წამმზომი.

ამოიღეთ ზედმეტი წესები. რაც უფრო მეტი წესი გექნებათ, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ბავშვი არ დაგეთანხმოთ. შეამცირეთ არასაჭირო მოლოდინები და კამათი უმნიშვნელო დეტალებზე, როგორიცაა მაგ.: კონკრეტული ფერის ტანისამოსის შერჩევა ან თეფშის ბოლომდე მოსუფთავება. დაეხმარეთ ბავშვს, რომ თავი იგრძნოს ნაკლებად კონტროლირებულად, უფრო მეტი დადებითი კომუნიკაციის ხარჯზე.

იყავით ქცევის მოდელი თქვენი პატარისთვის. როდესაც რაღაცას გთხოვთ და არ ხართ დარწმუნებული შეძლებთ თუ არა თხოვნის შესრულებას, გადადეთ გადაწყვეტილების მიღება, უთხარით „მოიცა, მოვიფიქრო“. თუკი აპირებთ რომ შეუსრულოთ თხოვნა, გააკეთეთ ეს დაუყოვნებლივ, რათა არ მოუწიოს ხვეწნა-მუდარა. თუკი უარი უნდა უთხრათ, უთხარით რომ წუხხართ და დაუსაბუთეთ, რატომ ვერ უსრულებთ თხოვნას.

ყურადღების გადატანა ხშირად საუკეთესო გამოსავალია. როდესაც ბავშვი თავისას იჟინებს – „არა, მე ეს მინდა“, ეცადეთ არ გამოეპასუხოთ „არა“-ს და ამის ნაცვლად შესთავაზოთ განსხვავებული აქტივობა – სიმღერა, ხტუნვა ან რაიმე მსგავსი. ძალიან ხშირად, ბავშვს საერთოდ გადაავიწყდება, რომ სულ ახლახან ჩხუბს აპირებდა.

ერიდეთ მიმართვის ნეგატიური ფორმით ფორმულირებას და ფრაზების – „არ შეიძლება“, „ნუ აკეთებ“ გამოყენებას. სანაცვლოდ შესთავაზეთ, რა უნდა გააკეთოს. მაგ.: ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ „საბა, არ ჩააქრო სინათლე“, უთხარით „საბა, სინათლე აანთე“.

წვრილმან საკითხებში დაუთმეთ. თუ ბავშვს სურს, ჯერ მეორე კერძი შეჭამოს და შემდეგ წვნიანი, დაე ასე ქნას, ამით არაფერი დაშავდება.

3 წლის ასაკის ბავშვისთვის თამაში წამყვანი აქტივობა ხდება. გამოიყენეთ თამაში ბავშვთან ურთიერთობისას. თუკი ბავშვი უარს აცხადებს ფაფის ჭამაზე, სთხოვეთ, რომ აჭამოს თოჯინას, რომელიც „ჭამაზე თანახმაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან ერთად შეჭამს“. როლური თამაშების გამოყენებით შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვს ეტიკეტი, ქცევის ნორმები, თავაზიანობა, როგორ მოიქცეს მაგიდასთან და ა.შ. „მოკავშირეებად“ გაიხადეთ ბავშვის სათამაშოები.

თანმიმდევრულობა. კრიზისულ პერიოდში ორმაგ მნიშვნელობას იძენს მშობლების მხრიდან აღზრდის საკითხებში ერთი პოზიციის დაჭერა და შეთანხმებების განუხრელად დაცვა. დაუშვებელია, ერთი და იგივე ქმედებისთვის, ერთი მშობელი აქებდეს და მეორე სჯიდეს, ან კიდევ, რომელიმე ოჯახის წევრი ერთი და იგივე ქცევის გამო, ხან ახალისებდეს, ხანს სჯიდეს. თანმიმდევრულობა არის სასურველი ქცევის მიღწევის გასაღები. თანმიმდევრული მიდგომის საშუალებით ბავშვი ნათლად აღიქვამს საზღვრებსა და ქცევის ჩარჩოებს და ზუსტად იცის მის რომელ ქცევას რა რეაგირება მოჰყვება, შედეგად უფრო მეტად აკონტროლებს თავის ქცევას. თუკი ხანდახან აძლევთ რაღაცის გაკეთების საშუალებას, ხანდახან კი არა (ერთი უფროსი რთავს რაღაცის ნებას, მეორე კი არა), ბავშვი ვერ ხვდება რატომ ხდება ასე. როდესაც თქვენ არ ხართ თანმიმდევრულები რუტინული აქტივობებისა და წესების განხორციელებისას, ბავშვები იბნევიან და უფრო ხშირად აწყობენ ისტერიკებს.

  • იყავით თანმიმდევრული დისციპლინის, ძილისა თუ კვების რუტინის შესრულებისას.
  • გქონდეთ აღზრდის ერთნაირი სტრატეგია. ბავშვს ყველა უფროსმა მსგავსი მოთხოვნები უნდა წაუყენოს.
  • ოჯახის წევრებმა ერთმანეთთან შეათანხმეთ, როცა რაიმე ახალი წესის შემოღებას ან ახალი სტრატეგიის გამოყენებას გეგმავთ.
  • ბავშვის წინაშე ნუ გამოხატავთ აღზრდის საკითხებში ერთმანეთის მიდგომებით უკმაყოფილებას.

ყურადღების მიღების მოთხოვნილება. კრიზისულ პერიოდში ბავშვებს აქვთ უფროსების მხრიდან მუდმივი ყურადღების მიღების მოთხოვნილება. ხშირად პატარები არასასურველად ყურადღების მისაქცევად იქცევიან. ასე რომ, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ ამ მოთხოვნილების პოზიტიური გზით დაკმაყოფილებაზე. რაც უფრო კეთილმოსურნე და სასიამოვნო ატმოსფერო იქნება ოჯახში, ბავშვი მით უფრო დამყოლი და გულისხმიერი იქნება.

  •  შეამჩნიეთ, როდესაც რაიმე კარგს აკეთებს თქვენი პატარა და წაახალისეთ მისი ქცევა. ჯილდო დადებითი ქცევებისთვის შეიძლება იყოს შექება, ჩახუტება ან კოცნა. უთხარით, რა გააკეთა კარგად: „მომეწონა, ჩუმად რომ იჯექი და მისმენდი“, „მომეწონა, შენს მეგობარს რომ სათამაშო ათხოვე“ და ა.შ.
  • ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება არასასურველ ქცევას. შეაქეთ ბავშვი პოზიტიური ქცევების გამო. გამოეხმაურეთ მის თხოვნას, როცა სათამაშოდ გიწვევთ და მიაქციეთ ყურადღება, როდესაც ამას არ ელოდება (როცა კარგად იქცევა და არაფერს აფუჭებს).
  • ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გამოუყოთ ბავშვს საღამოობით და უქმე დღეებში. ის ისედაც შეეცდება თქვენი ყურადღების მიპყრობას ფრაზებით „დედა, წამიკითხე“; „მამა მეთამაშე“; „არ გამომდის“. თუკი თქვენ მოუცლელობის ან დაღლილობის გამო უარს ეტყვით მას, ის შეეცდება სხვა გზები გამონახოს თქვენი ყურადღების მისაქცევად – და ეს გზები არ იქნება ყოველთვის თქვენთვის სასურველი.

მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით შეძლებთ უფრო თავდაჯერებულად შეხვდეთ ასაკობრივ გამოწვევებს და დაეხმაროთ პატარას უმტკივნეულოდ გაიაროს კრიზისული პერიოდი.

მშობლებისთვის აქტუალურ სხვა საკითხებს შესაძლებელია გაეცნოთ წიგნში: რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ელექტრონულ ვერსიაზე : https://el.ge/articles/537807

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5