პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი ნათია რუხაია–კუხალეიშვილი. 3 წლის ასაკის კრიზისთან დაკავშირებით პრაქტიკულ რეკომენდაციებს მომდევნო ინტერვიუში შემოგთავაზებთ.
რა ხდება 3 წლის ასაკში და რატომ ვუწოდებთ მას კრიზისულს? რა იცვლება ამ პერიოდში ბავშვის განვითარებაში და როგორ ვლინდება?
ფსიქოლოგიაში, 3 წლის კრიზისი ბავშვთა ხუთი ასაკობრივი კრიზისიდან (4-6 კვირის, 1-2 წლის, 3-4 წლის, 6-8 წლის და 12-14 წლის კრიზისები) ერთ-ერთია. ვინაიდან ყველა ბავშვი განსხვავებულად ვითარდება, დროის ჩარჩო გარკვეულწილად პირობითია, თავად კრიზისი კი დროებითი ფენომენია და მკაფიოდ მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ვლინდება. მაგალითად, 3 წლის კრიზისი შეიძლება დაიწყოს როგორც 2.5 წლის, ასევე 3.5 წლის ასაკშიც. ინდივიდუალურია როგორც მისი დასაწყისი, ასევე ხანგრძლივობაც. თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კრიზისული პერიოდი, დამოკიდებულია როგორც ბავშვის პიროვნულ და ფსიქიკურ თავისებურებებზე, ასევე იმ გარემოზე, რომელშიც ის იზრდება.
3 წლის ასაკის კრიზისის მთავარი მიზეზი ცნობიერების ახალ დონეზე გადასვლაა. ცხოვრების პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვი თავს დედის ნაწილად აღიქვამს, მაგრამ ახლა უკვე ის იწყებს საკუთარი თავის, როგორც ცალკე პიროვნების გაცნობიერებას, შედეგად როგორც ნებისმიერი ადამიანი, ისიც ცდილობს თავისი საზღვრების და საკუთარი აზრის დაცვას. პიროვნული “მე”-ს ფორმირების პროცესი იწვევს ავტონომიურობის და ყველაფრის უფროსებისგან დამოუკიდებლად შესრულების სურვილს, რის გამოც, ბავშვი დაჟინებით ეწინააღმდეგება ნებისმიერ ზეგავლენას გარშემომყოფი ადამიანებისაგან. პატარა უკვე იწყებს საკუთარი ინდივიდუალურობის გაცნობიერებას და აქვს დაუოკებელი მოთხოვნილება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, განაცხადოს ამის შესახებ, გამოავლინოს თავისი „მე“. მაგრამ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, მან ჯერ კიდევ არ იცის, ამიტომაც ირჩევს ყველაზე მარტივ გზას – უპირისპირდება უფროსებს და მოქმედებს მშობლების ნების საწინააღმდეგოდ.
რა მახასიათებლები აქვს 3 წლის კრიზისს?
დაახლოებით 2 წლიდან ბავშვის ხასიათში შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შევნიშნოთ. თუკი ამჩნევთ, რომ უწინდელზე უფრო ხშირად წუწუნებს, გეწინააღმდეგებათ, ტირის და ხშირად არის გაღიზიანებული, შესაძლოა ეს მიანიშნებდეს კრიზისული პერიოდის დასაწყისზე. მის უფრო ზუსტად ამოცნობაში დაგეხმარებათ შემდეგი მახასიათებლების ცოდნა:
ნეგატივიზმი (ნეგატიური რეაქცია ყველაფერზე) – შესაძლოა ბავშვი ამჟღავნებდეს უკმაყოფილებას იმის მიმართ, რასაც უფროსები სთავაზობენ. არ ცნობს სიტყვას “არა”. მკვეთრად ეცვლება გემოვნება და განწყობა.
სიჯიუტე – შესაძლოა იმის ნაცვლად, რასაც სთხოვენ, სრულიად საპირისპიროდ იქცეოდეს. მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ, რომ ყველაფრის საპირისპიროდ კეთებისკენ მისწრაფება ბავშვის ნებაზე არაა დამოკიდებული და ეს შესაძლოა მისივე ინტერესებს აზიანებდეს, თუმცა პატარამ ჯერ არ იცის თავისი “მე” სხვანაირად როგორ გამოხატოს.
ჭირვეულობა – მძაფრად რეაგირებს, როდესაც რაღაც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება და დაჟინებით მოითხოვს სასურველს, მიუხედავად მშობლის მრავალჯერადი ახსნისა, რომ ვერ დაუკმაყოფილებს მოთხოვნას.
დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა – ბავშვის საუბარში სულ უფრო ხშირად ჟღერს „მე“, „მე თვითონ“, „მე შემიძლია“, „მე მინდა“. შესაძლოა უარს ამბობდეს დახმარებაზე მაშინაც კი, როცა ეს ძალიან სჭირდება.
პროტესტი – შესაძლოა კამათობდეს გარშემომყოფებთან, იქცეოდეს უხეშად, კბენდეს სხვა ბავშვებს, ჩხუბობდეს და ა.შ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ნიშნები არ არის ცუდი აღზრდის ან მშობლების შეცდომების შედეგი. ყველა ბავშვი გადის ამ ეტაპს, თუმცა სხვადასხვანაირად. სულაც არ არის აუცილებელი, რომ აღნიშნული პერიოდი ყველა ბავშვთან მწვავედ მიმდინარეობდეს. ეს დიდწილად არის დამოკიდებული როგორც ბავშვის ტემპერამენტსა და სხვა პიროვნულ მახასიათებლებზე, ასევე ოჯახში არსებულ აღზრდის სტილზე. რამდენადაც ტემპერამენტი უცვლელი მოცემულობაა, აღზრდაში ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია, თუკი ამის საჭიროებას ვაცნობიერებთ. მოდით, განვიხილოთ, რა გავლენას ახდენს ეს ფაქტორი კრიზისულ პერიოდზე. 2-3 წლის კრიზისული ასაკის მწვავე მიმდინარეობა, ისტერიკების თანხლებით, შესაძლოა განპირობებული იყოს ორი ურთიერთსაპირისპირო მიზეზით:
- ოჯახში არსებული ავტორიტარული აღზრდის სტილით – ბავშვის პირადი ინიციატივისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვით, დასჯისა და აკრძალვების ხშირი და არაადეკვატური გამოყენებით.
- ასევე, გადაჭარბებული მზრუნველობით, აღზრდის სტრატეგიების შეუთანხმებლობითა და ბავშვის მიმართ წაყენებული მოთხოვნების არათანმიმდევრულობით.
მნიშვნელოვანია, მშობლებს ახსოვდეთ, რომ კრიზისი არის დროებითი მდგომარეობა და ბავშვი თავადაც ვერ გრძნობს ამ დროს თავს კარგად. ჩვეულებრივ, ტანტრუმებისა და ნეგატივიზმის მწვავე პერიოდი გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში. ბავშვის მიმართ მშობლების ქმედებები და დამოკიდებულება დიდ გავლენას ახდენს კრიზისის ხანგრძლივობაზე. მაგრამ ხანგრძლივობაზე მეტად მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პერიოდმა მშობელისა და შვილის ურთიერთობებზე.
აქ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა და სხვა ნათესავებმა იცოდნენ არა მხოლოდ სამი წლის ასაკის კრიზისის ნიშნები, არამედ მისი დადებითი ასპექტები. ეს იძლევა პასუხს შეკითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს შვილებთან და რა უნდა გავაკეთოთ.
3 წლის კრიზისი არის ბავშვის განვითარების ეტაპი, რომელიც მას სჭირდება, რათა:
გააცნობიეროს საკუთარი “მე” და ადგილი ოჯახში (მე ვარ ბავშვი, დედა და მამა არიან ადამიანები, რომლებიც მიცავენ და ვუყვარვართ);
ისწავლოს, იყოს დამოუკიდებელი;
სცადოს უამრავი ახალი რამ;
განავითაროს ნებელობა.
ეს ტანტრუმების პერიოდი და მუდმივი “მე არ მინდა” არის დამოუკიდებლობისა და მიზნის მისაღწევად შეუპოვრად ბრძოლის უნარის განვითარების გზა. ყველაფერს, რასაც ზრდასრულები მოზარდებისგან მოვითხოვთ, ზუსტად 3-4 წლის ასაკში ეყრება საფუძველი. როგორც ხედავთ, პატარა მეამბოხე მნიშვნელოვან ასაკობრივ პერიოდს გადის და ძალიან სჭირდება ამ დროს მშობლების გაგება და მხარდაჭერა.
რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ამ პერიოდში?
სამწუხაროდ, ხშირად მშობლები კრიზისს მხოლოდ უარყოფითი მხრიდან ხედავენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ბავშვი ამას აკეთებს მათ ჯიბრზე, რათა გამოიწვიოს ან გააღიზიანოს ისინი. ასეთ ოჯახებში იწყება ნამდვილი ომი, სადაც ბავშვი ქვეცნობიერად მტრად არის გამოცხადებული. ასეთ დროს მშობლებმა შესაძლოა ხმას აუწიონ, დაადანაშაულონ ბავშვი, დაემუქრონ, გამოიყენონ ფიზიკური დასჯა და მიმართონ სხვა მიუღებელ მეთოდებს, რათა ბავშვი დაიმორჩილონ. ამ შემთხვევაში, კრიზისი ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობის გაუარესების მიზეზი და მცირე წვლილი შეაქვს ბავშვის განვითარებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც მშობელი მომენტალური მორჩილების მისაღწევად მსგავს მეთოდებს მიმართავს, ის ბავშვისთვის, ნაცვლად ადამიანისა, რომელიც უნდა იცავდეს, ზრუნავდეს და უპირობოდ უყვარდეს, იქცევა ადამიანად, რომლის გვერდითაც პატარა თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს და უწევს დათმოს თავისი “მე” მშობლის სიყვარულის შესანარჩუნებლად.
ბავშვის პიროვნების განვითარებისათვის აუცილებელია, რომ ის თავს გრძნობდეს მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანად, რომელიც ყველანაირი უყვართ და მხარს უჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების უმეტესობისთვის დიდი გამოწვევაა დარჩნენ მოსიყვარულე და მხარდამჭერი იმ ქცევების ფონზე, რასაც კრიზისულ ასაკში მყოფი ბავშვი ავლენს, უნდა გვახსოვდეს, რომ სწორი მიდგომების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ პერიოდის თანმხლებ სირთულეებს ბევრად მარტივად გავუმკლავდეთ და მოვახერხოთ წარმატებით დავუჭიროთ მხარი ჩვენს შვილებს პიროვნული განვითარების გზაზე.
მშობლებისთვის აქტუალურ სხვა საკითხებს შესაძლებელია გაეცნოთ წიგნში: რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს: https://el.ge/articles/537807