Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა ანანასის ზომისაა.

(სიგრძე დაახლოებით 43 სმ-ია, წონა 1800 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-8 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 6 კვირა.

ნაყოფის განვითარება

34 კვირისთვის თქვენი პატარა ხდება უფრო დიდი და საშვილოსნოში სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება. შედეგად, თქვენ შეიძლება მისი მოძრაობები განსხვავებულად, უფრო ნაკლები სიძლიერით შეიგრძნობთ, მაგრამ მის ტრიალს და გაწელვებს მაინც იგრძნობთ.   

გაინტერესებთ, რა ფერის თვალები ექნება თქვენს ახალშობილს? თვალის ფერი დამოკიდებულია პიგმენტ მელანინის შემცველობაზე. ბავშვები იბადებიან მის გარეშე ან მისი მცირე შემცველობით, რის გამოც აქვთ ლურჯი თვალები, რომელიც შეიძლება შეიცვალოს პირველი 2 წლის განმავლობაში. თუ პატარა დაიბადება მუქი ფერის თვალებით, სავარაუდოდ, ის არ შეიცვლება.  

თუ ბიჭს ელოდებით, მისი სათესლე ჯირკვლები სწორედ ამ კვირაში ჩამოვა სათესლე პარკში. ზოგჯერ, ბავშვის დაბადების შემდეგაც არ არის ჩამოსული სათესლე ჯირკვალი და როგორც წესი, 6 თვემდე ჩამოვა. 

დედის ორგანიზმი ორსულობის 34-ე კვირაში

ამ კვირაში მოიძეთ ინფორმაცია ნაადრევი მშობიარობის ნიშნების შესახებ. ნაადრევად ითვლება მშობიარობა, რომელიც იწყება ორსულობის 38 კვირამდე. ადრე დაბადებული ბავშვები არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბები და შეიძლება ჰქონდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული სირთულეები. ქვემოთ გაეცანით ნაადრევი მშობიარობის რამდენიმე ნიშანს:

  • მუცლის სუსტი სპაზმები ფაღარათით ან მის გარეშე
  • ვაგინალური გამონადენის მომატება
  • ვაგინალური გამონადენის შეცვლა – წყლიანი, სისხლიანი ან ლორწოიანი
  • უწყვეტი ყრუ ტკივილი ზურგის ქვედა არეში
  • რეგულარული ან წყვეტილი შეკუმშვები
  • სანაყოფე წყლების დაღვრა დიდი ან მცირე ნაკადით

თუ თქვენ ტყუპებზე ორსულობის 34-ე კვირაში ხართ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზემოთჩამოთვლილი  ნიშნების ცოდნა, რადგან ამ შემთხვევაში 50%-ია ნაადრევი მშობიარობის ალბათობა. არ მოგერიდოთ მიმართოთ ექიმს, თუ გექნებათ რაიმე კითხვა.  

თქვენი სიმპტომები

  • ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები. რადგან მშობიარობის თარიღი მოახლოებულია, ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები უფრო ძლიერი და ხშირი გახდება, რაც არ არის საშიში. მაგრამ თუ ეჭვი შეგეპარებათ, რომ ეს მშობიარობისწინა შეკუმშვებია, მიმართეთ ექიმს. წაიკითხეთ სტატია, რომელიც დაგეხმარებათ ამ სიმპტომებს შორის გარკვევაში. 
  • გადიდებული მკერდი. ძუძუების გაზრდა იწვევს კანის გაჭიმვას და სიმშრალის შეგრძნებას, წაისვით დამატენიანებელი კრემი და შეარჩიეთ შესაბამისი ზომის ლიფი. 
  • ტკივილი მენჯის არეში. 34 კვირის შემდეგ, როცა თქვენი პატარა მშობიარობისთვის მოსამზადებლად მენჯის ღრუში ჩადის, თქვენ შეიძლება გრძნობდეთ ტკივილს, დისკომფორტს ზურგის ქვედა არეში ან დაწოლას შარდის ბუშტზე. ამას ნათელი მხარეც აქვს. გათავისუფლდა თქვენი დიაფრაგმა და ფილტვები, რაც გაგიადვილებთ სუნთქვას. თბილი აბაზანა ან ფეხების აწევა დაგეხმარებათ მენჯის ტკივილების მოხსნაში. თუ ეს მეთოდები არ იმოქმედებს, ჰკითხეთ თქვენს ექიმს რჩევა.  
  • შეშუპებული კოჭები და ტერფები. სამწუხაროდ, ორსულობის ამ ვადაზე უჩვეულო არ არის ფეხების შეშუპება. მისი პრევენციის ერთ-ერთი გზაა დიდ ხანს დგომისგან თავის შეკავება და ჯდომისას ფეხების აწევა ბალიშზე, ასევე მოსახერხებელი ფეხსაცმლის ჩაცმა. 
  • შეკრულობა.  დალიეთ ბევრი წყალი, ქლიავის ან სხვა ხილის წვენები, ასევე უჯრედისით მდიდარი საკვები, მაგალითად ბოსტნეული, ხილი, ცეხვილი პური და ქატო. ასევე, გააკეთეთ ვარჯიშები, რომლებიც ეხმარება მომნელებენ სისტემას. ჭამეთ ხშირად და ცოტ-ცოტა..

რა უნდა გაითვალისწინოთ? 

  • ახალი ბავშვის მოსვლა ოჯახში შესაძლო რთულად გადასატანი იყოს უფროსი დედმამიშვილებისათვის ყველა იმ ცვლილების გამო, რაც ამას მოჰყვება. მშობლები დიდ ძალისხმევას სწევენ ახალი ბავშისათვის მოსამზადებლად და როდესაც ბავშვი ჩნდება, ახალშობილის მოვლა ოჯახისაგან დიდ ყურადღებას ითხოვს. უჩვეულო არ არის, რომ უფროსი დედმამიშვილები რაღაც ეჭვიანობის მსგავსს განიცდიდნენ და ცვლილებებზე აგრესიულად რეაგირებდნენ. მაგრამ მშობლებს შეუძლიათ  ამ ცვლილების შემსუბუქება და დედმამიშვილების შემზადება ოჯახში მატებისათვის. ორსულობაზე უფროსი დედმამიშვილებისათვის გასაგებად საუბარი შეიძლება დაგეხმაროთ. მაგალითად, შეგიძლიათ აუხსნათ მათი ასაკისათვის შესაფერისად, თუ როგორ ჩნდება (საიდან მოდის) ახალი ბავშვი. არის საბავშვო წიგნებიც, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ. ამასთან, ბავშვების ჩართვა ახალი წევრის მისაღებად მზადებისათვის შესაძლოა დაეხმაროთ მათ იმ იდეის მიღებაში, რომ ოჯახს ახალშობილი შეემატება. ერთი გზა უფროსი ბავშვების ჩასართავად არის მათი დახმარება ახალშობილისათვის საჭირო ნივთების შეძენაში. კარგი იქნება, თუ ბავშვის დაბადებამდე გაესაუბრებით მათ როლზე, რომელსაც ახალშობილის მოვლაში დახმარებისას ითამაშებენ. დარწმუნდით, რომ თქვენს უფროს შვილებთან საკმარის დროს ატარებთ, რათა იგრძნონ რომ ისინი ოჯახის ისევ ღირებული და საყვარელი წევრები არიან.
  • კალციუმი საჭიროა თქვენი პატარას ძვლების და კბილების ჩამოყალიბებისთვის. ამიტომ, თქვენი და მისი ჯანმრთელობისთვის მიიღთ კალციუმით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად რძე, ყველი, იოგურტი, ბროკოლი. 
  • ყველაზე ნაკლებად სამშობიაროდ წასვლის წინ ჩანთის ჩალაგებაზე უნდა იღელვოთ. ამიტომ წინასწარ გადახედეთ სიას, რა დაგჭირდებათ თქვენთვის, პარტნიორისთვის და ახალშობილისთვის კლინიკაში ყოფნის დროს. 

ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • როგორ პოზიციაშია ჩემი პატარა? 
  • თუ ჩემი პატარა ჯდომითაა, რამდენად სავარაუდოა, რომ შემობრუნდება თავით დაბლა პოზიციაში? 
  • თუ ჩემი პატარა მშობიარობის თარიღთან ცოტა ხნით ადრეც ჯდომით იქნება, რას მირჩევთ?
  • რა ვარჯიშები ან გაწელვები შეიძლება გავაკეთო ზურგის ქვედა არეში დაძაბულობის მოსახსნელად? 
  • მინდა ჩვილთა პირველადი დახმარების გაწევის ტრენინგები გავიარო. რომელ კურსს მირჩევთ? 

თქვენი გეგმები

  • დარწმუნდით, რომ ბავშვისთვის აუცილებელი ნივთები მზად გაქვთ.
  • თუ ჯერ არ შეგირჩევიათ ახალშობილისთვის მანქანის სავარძელი, ახლა კარგი დროა ამისთვის. 
  • მოიფიქრეთ, გსურთ თუ არა, მნახველების მიღება კლინიკაში ყოფნის დროს. შეიძლება, ფიქრობთ, რომ კარგი იქნება ახლობელი ადამიანების სტუმრობა, მაგრამ ეს შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს. 

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/34-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5