Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა პრასის ზომისაა.

(სიგრძე დაახლოებით 49 სმ-ია, წონა 2940გრამი)

თქვენ ორსულობის მე-9 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 2 კვირა.

ნაყოფის განვითარება

თქვენი პატარა ემზადება დებიუტისთვის და განაგრძობს ზრდას და განვითარებას. 

ახალშობილის პირველ ნაწლავების მოქმედებას წარმოადგენს მეკონიუმი – მომწვანო-მოშავო, წებოვანი ფორმის განავალი, რომელიც მუცლად ყოფნის დროს წარმოიქმნება კანის მკვდარი უჯრედებისგან და ლანუგოსგან. 

მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე 2 კვირაა დარჩენილი, შეიძლება ბავშვმა იჩქაროს დაბადება. ფაქტობრივად, დედების მხოლოდ 4% მშობიარობს ზუსტად თარიღის შესაბამისად. ტყუპები კი უფრო მიდრეკილნი არიან ნაადრევი მშობიარობისკენ, ამიტომ თუ ორ ან მეტ ბავშვს ელოდებით, მიიღეთ ინფორმაცია მშობიარობის ნიშნების შესახებ. 

 დედის ორგანიზმი ორსულობის 38-ე კვირაში

გჯერათ თუ არა, თქვენ ისევ განაგრძობთ წონაში მატებას ამ კვირაში. თუ დაორსულების დროს ნორმალური სხეულის მასის ინდექსი გქონდათ, ორსულობის მესამე ტრიმესტრში 200-400 გრამს მოიმატებთ კვირაში. გაზრდილი მუცელი ხელს გიშლით კომფორტულად ძილში, მაგრამ ნუ დაღონდებით, რადგან დიდი დღე ახლოსაა! 

ზოგიერთ ორსულს ამ ვადაზე უძნელდება რეგულარული ვარჯიშების კეთება. ასეთ დროს, ყურადღება გაამახვილეთ სუნთქვით ვარჯიშებზე, რომლებიც არა მარტო სტრესის მოხსნასა და დამშვიდებაში დაგეხმარებათ, ასევე მოგამზადებთ მშობიარობისთვის და გასწავლით სამშობიარო დისკომფორტისა და ტკივილის მართვას. 

თქვენი სიმპტომები

  • გახშირებული შარდვა. ნაყოფის და საშვილოსნოს ზრდასთან ერთად იზრდება შარდის ბუშტზე დაწოლა, რაც იწვევს მოშარდვის სურვილს. დალიეთ ბევრი წყალი, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება უფრო მეტჯერ გარბენინოთ საპირფარეშოში. 
  • ტკივილი მენჯის არეში. როცა ნაყოფი ჩამოდის მენჯის არეში, აწვება შარდის ბუშტს და თეძოს. თქვენი ორგანიზმი აწარმოებს ჰორმონ რელაქსინს, რომელიც მშობიარობისთვის მოსამზადებლად ადუნებს კუნთებს და იოგებს. ამიტომ, ეს ტკივილი ძლიერდება მშობიარობის თარიღის მოახლოებასთან ერთად. სცადეთ, რომ თავი აარიდოთ დიდ ხანს ფეხზე დგომას, იარეთ ნელა და ფრთხილად, ასევე დაგეხმარებათ თბილი აბაზანის მიღება.  
  • ხელ-ფეხის შეშუპება. თქვენი სხეული აწარმოებს და აკავებს ჩვეულებრივზე მეტ სითხეს, რაც იწვევს ხელ-ფეხის დასიებას (ედემა). დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ხშირად დაასვენეთ ფეხები და ატარეთ მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. 
  • ნაუსეა (ღებინება). 38-ე კვირაში ეს სიმპტომი შეიძლება მშობიარობის დაწყების მანიშნებელი იყოს. ეცადეთ, ჭამოთ ხშირად და მცირე ულუფებით. 
  • შეკუმშვები. ამ ვადაზე შეიძლება იგრძნოთ მენსტრუალური სპაზმების მსგავსი შეკუმშვები. არალეგულარული კუმშვები, თუ მდგომარეობის შეცვლისას ჩერდება, ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვებია. მაგრამ, თუ რეგულარულია და ძლიერდება ან არ წყდება პოზის შეცვლის მერე, დაურეკეთ ექიმს რჩევისთვის. ეს შეიძლება წინასამშობიარო კუმშვები იყოს. 

რა უნდა გაითვალისწინოთ? 

  • თქვენ ალბათ უკვე იცით, გინდათ, თუ არა, რომ გყავდეთ მშობიარობის პარტნიორი. ეს შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი, ოჯახის წევრი ან მეგობარი. ის მხარს დაგიჭერთ და გაგამხნევებთ. მას შეუძლია პრაქტიკული დახმარების გაწევა, მაგალითად, ტკივილებს შორის ინტერვალის დათვლა ან ტკივილის შემამცირებელი მასაჟის გაკეთება. სამედიცინო კვლევების მიხედვით, ასეთი ადამიანის დასწრება დადებითად მოქმედებს მშობიარობის პროცესზე, ამცირებს ხანგრძლივობას და წამლების გარეშე ტკივილის მართვას უწყობს ხელს.  მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ მარტო შეხვიდეთ სამშობიარო ბლოკში, კლინიკის პერსონალი თქვენთან იქნება ყოველ ეტაპზე. 

ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • რამდენად უსაფრთხოა სექსი ორსულობის ამ ვადაზე?
  • მშობიარობიდან რამდენ ხანში შეიძლება ვაჭამო, თუ გადავწყვეტ, რომ ბუნებრივ კვებაზე მყავდეს? 

თქვენი გეგმები

  • არ დაგავიწყდეთ კლინიკაში წასაღებ ჩანთაში იმ ნივთების ჩადება, რომელსაც ახლაც ხმარობთ, მაგალითად კბილის ჯაგრისი და ტელეფონის დამტენი. შეადგინეთ ასეთი ნივთების სია. 

წყარო: www.pampers.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5