ბავშვის განვითარების სტადიები
თქვენი 4 თვის ბავშვი უფრო დიდ ხანს არის ფხიზლად, უფრო აქტიური და საყვარელია, ვიდრე აქამდე. დატკბით ამ პერიოდით, თვალი ადევნეთ მისი პიროვნული ნიშნების გამოვლინებებს და ძალისა და უნარების განვითარებას, ისეთი მოქმედებების სასწავლად, როგორიცაა ჯდომა, ტრიალი და გაჭიმვა.
ფიზიკური განვითარება: მტკიცე და ძლიერი
თქვენი 4 თვის ბავშვი აგრძელებს ზრდის სწრაფ ტემპს, დაახლოებით 400-600 გრამით იმატებს თვეში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზრდის სტაბილური მაჩვენებელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წონის ან სიგრძის სპეციფიკური მიღწევები. თქვენი პატარა უკვე სწავლობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვას, ამიტომ მისი ქცევები უფრო მიზანმიმართულია და თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ და იამაყოთ მისი შემეცნებითი და ფიზიკური განვითარებით.
შეგრძნებები: შორს ხედვა
გარემომცველი სამყარო ბავშვის ყურადღების ცენტრში ექცევა, რადგან მისი მხედველობა უკვე შორ მანძილზეც ვრცელდება. ის იწყებს ნაცნობი სახეების შემჩნევას შორ მანძილზეც და თვალს აყოლებს მათ ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. თქვენი პატარა ფერებსაც უკეთ არჩევს და შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ მას უფრო წითელი და ლურჯი ფერები მოსწონს. იცით, რა არის ამ ასაკის ბავშვის მხედველობისთვის ყველაზე საინტერესო? საკუთარი თავი! უტეხი სარკე ჩვილის საუკეთესო სათამაშოა, რადგან მას შეუძლია იქ დაინახოს ფერებისა და ფორმების ფართო სპექტრი და ძალიან გაერთობა იმ ფაქტით, რომ მოძრაობები ამ ჯადოსნურ ეკრანზე უკან დაუბრუნდება.
ამ პერიოდში ვითარდება მისი ენობრივი უნარებიც, სმენის და შემეცნების განვითარების წყალობით. მას უკვე შეუძლია მიბაძოს ზოგიერთი სიტყვის თქვენეულ ტონს და რიტმს და სხვადასხვა საჭიროებები განსხვავებული ტირილით გამცნოთ. ბავშვის ტიტინი კი მეტყველების მყარი საფუძველია.
მოძრაობა: თითქმის გადატრიალება
4 თვის ბავშვის მოძრაობა აგებულია კუნთების კონტროლზე და თვალისა და ხელის კოორდინაციაზე. თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ თქვენს პატარას უფრო და უფრო ბევრი საგანი მიაქვს პირში, ეს იმიტომ, რომ მისი მხედველობა უმჯობესდება და უფრო წარმატებულად აკეთებს ამას. იყავით ყურადღებით, რომ მის ხელში არ მოხვდეს საფრთხის შემცველი საგნები. მას უკვე შუძლია სათამაშოს ხელში დაჭერა, შერხევა და აჟღარუნება და სულ მალე შეძლებს ერთი ხელიდან მეორეში გადატანასაც.
თქვენი პატარა ცდილობს გადაბრუნებას, მისი ზურგისა და გულ-მკერდის კუნთები ძლიერდება და მას შეუძლია მუცელზე ყოფნის დროს თავი ზემოთ ასწიოს.
4 თვის ჩვილის განვითარების მიღწევები:
- დამოუკიდებლად თავის დაჭერა
- ხელების პირთან მიტანა
- ჯდომა მიყრდნობით
- საინტერესო ნივთების მიწვდომა და დაჭერა
პიროვნება: გაიცანით თქვენი პატარა
4 თვის ჩვილი უფრო ცნობისმოყვარეა გარემოს მიმართ. ის გრძნობს თქვენი ხმის ტონის ცვლილებას, თქვენი რბილი, ნაზი ხმა მას ამშვიდებს, ხოლო მკაცრი, გაბრაზებული ხმა აცნობებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ის ასევე ცდილობს მიბაძოს თქვენი ხმის ტონს ტიტინითა და ღუღუნით. ზოგიერთი ბგერებისა და მარცვლების გადაბმით მან შეიძლება რეალური სიტყვის მიმსგავსება მოახერხოს.
მაგრამ ისიც ნორმალურია, თუ ბავშვი ნაკლებად ცნობისმოყვარეა. ზოგ ბავშვს, რომელიც შედარებით მორცხვი ჩანს, უფრო მეტი კომფორტი და ყურადღება სჭირდება მომვლელებისგან. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი არ არის ზედმეტად აღგზნებული ან გადაღლილი და მიეცით მას დრო ახალ სახესთან ან აქტივობასთან შესაჩვევად.
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას
მხედველობის განვითარებისთვის:
- ფერადი სათამაშო დაკიდეთ მის საწოლზე, ასევე დარწმუნდით მის უსაფრთხოებაში, რადგან ბავშვი შეიძლება მისწვდეს.
- მიეცით საშუალება, რომ გაოცდეს სარკეში საკუთარი გამოსახულებისა და მოძრაობების დანახვით.
- ეთამაშეთ „ჭიტა“ , რათა დაეხმაროთ საგნების მუდმივობის ცნების გაგებაში. მას უყვარს, როცა თქვენი სახე ქრება და ისევ ჩნდება.
მოძრაობისა და მოტორული კონტროლის ხელშესაწყობად:
- მუცელზე დაწვენა. „tummy time“. თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ დააწვინეთ მუცელზე, რომ აწიოს თავი და გულ-მკერდი გადაბრუნების და დაჯდომისთვის საჭირო კუნთების გაძლიერებისთვის.
- ვარჯიში ჯდომაში. ამ პოზიციაში თქვენი მხარდაჭერით ის უფრო კარგად შეძლებს საგნების მიწვდომას და ჩაბღუჯვას.
- ვარჯიში დგომაში. მოკიდეთ ბავშვს ხელი მკლავების ქვეშ და დააყენეთ, ასე დაეხმარებით მისი ფეხის კუნთების გაძლიერებას.
მეტყველების განვითარებისთვის:
- წაუკითხეთ და უმღერეთ.
- მიბაძეთ მის ხმებს.
- დადებითად უპასუხეთ, როცა ის ეცდება თქვენი ხმის გამეორებას.
ბავშვის კვება
4 თვის ჩვილის კვებით მოთხოვნილებებს ისევ სავსებით აკმაყოფილებს დედის რძე ან ხელოვნური ნარევი. საუკეთესო გზა იმის გასაგებად, თუ როდის უნდა აჭამოთ პატარას, არის შიმშილის ნიშნებზე დაკვირვება. ეს შეიძლება იყოს ტუჩების ცმაცუნი, ენის გამოყოფა, თითების წოვა. გაიდლაინების მიხედვით, ამ ასაკში მას 113-170 გრამი რძე სჭირდება ყოველ 3-5 საათში.
სველი და დასვრილი საფენების შემოწმება
თქვენ ისევ შეგიძლიათ სველი ან დასვრილი საფენების რაოდენობის და განავლის კონსისტენციის მიხედვით დარწმუნდეთ თქვენს შვილს საკვები ჰყოფნის თუ არა. ასევე, პედიატრი მისი ზრდის მონაცემების მიხედვით შეაფასებს, საკმარისად იკვებება თუ არა.
4 თვის ბავშვის ძილი
4 თვის ჩვილს დღე-ღამეში დაახლოებით 12-16 საათი ძილი სჭირდება. დილის და შუადღის ძილები დაახლოებით 3-4 საათი უნდა გაგრძელდეს, ხოლო ღამის ძილი უფრო დიდ ხანს.
ახლა, როცა თქვენი შვილი უფრო აქტიურია და დღის განმავლობაში უფრო ნაკლები სძინავს, საღამოს დაძინება შეიძლება თქვენთვის გამოწვევად იქცეს. მიჰყევით ძილის წინა რუტინას, მაგალითად თბილი აბაზანა, მსუბუქი მასაჟი, ძუძუთი კვება დაეხმარება მას ჩაძინებაში.
თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა: გავრცელებული ინფექციები
თუ თქვენი პატარა ახველებს ან აქვს სხვა სიმპტომები, მაგალითად ტემპერატურა, წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია ჯანმრთელობის იმ გარემოებების ან ავადობების შესახებ, რომლებიც შეიძლება შეგხვდეთ ამ პერიოდში და გაიგეთ, როდის უნდა მიმართოთ ექიმს.
ცხელება
ცხელება, როგორც წესი, მიუთითებს ავადმყოფობაზე. ჩვილებში რექტალური (სწორ ნაწლავში გაზომილი) ტემპერატურა თუ 38 გრადუსზე მაღალია, ითვლება ცხელებად და შეგვიძლია ეჭვი მივიტანოთ რაიმე სახის ვირუსზე ან ინფექციაზე, უბრალოდ გაციებიდან დაწყებული პნევმონიით დამთავრებული. ამიტომ, აცნობეთ პედიტრს და ერთად დააკვირდით სხვა სიმპტომებს.
ზუსტი ტემპერატურის გასაგებად, შეიყვანეთ უსაფრთხო თერმომეტრი ჩვილის სწორ ნაწლავში დაახლოებით 1-2 სმ-ით და მითითებული დროის გასვლის შემდეგ შეამოწმეთ, რამდენ გრადუსს აჩვენებს.
გაციებები
გაციება ცნობილია, როგორც ზედა სასუნთქი გზების ინფექცია და გამოწვეულია ვირუსით. ის ძალიან გავრცელებულია ამ ასაკში და ძალიან გადამდებია – სიცოცხლის პირველი 2 წლის განმავლობაში ბავშვს შეიძლება 8-10-ჯერ დაემართოს. ამიტომ, მიიღეთ სიფრთხილის ზომები თქვენ ჩვილ ბავშვთან დაკავშირებით, თუ გყავთ ბაღის ან სკოლის ასაკის ბავშვებიც. გაციების სიმპტომებია: სურდო (გამონადენი ცხვირიდან), ცემინება, ტემპერატურის მატება, ხველება, მადის დაქვეითება, ყელის ტკივილი. აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, თუ შეამჩნიეთ შემდეგი სიმპტომები:
- მოლურჯო ტუჩები ან თითისწვერები.
- გამუდმებული ხველა, რომელიც გრძელდება კვირაზე მეტ ხანს.
- ზედმეტი ძილიანობა ან ჭირვეულობა.
- 39 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა.
ბრონქიოლიტი
ბრონქიოლიტი ქვედა სასუნთქი გზების გავრცელებული ინფექციაა. ის კონტაქტით გადადის, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ხელების დაბანას და ჰიგიენის სხვა ნორმებს შემოდგომა-ზამთრის სეზონებზე, როცა ინფექციების გავრცელების პერიოდია. თუ შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, მიმართეთ პედიატრს:
- ქოშინით სუნთქვა
- სითხის დალევის გაძნელება
- მოლურჯო ტუჩები და თითისწვერები
- გაუწყლოვანების სიმპტომები.
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია დავუწყო ჩემს 4 თვის პატარას დამატებითი კვება? თუ ასაკის შესაბამისად იმატებს – არა. ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ 6 თვემდე მხოლოდ დედის რძეს ან ხელოვნურ შემცვლელს. ბავშვი მზადაა დამატებითი კვებისთვის, თუ თავის დამოუკიდებლად დაჭერა შეუძლია, ენით გადმოგდების რეფლექსი დავიწყებული აქვს და გამოხატავს ინტერესს იმ საჭმლების მიმართ, რომელსაც უფროსები ჭამთ.
რომელი სათამაშოებია ამ ასაკისთვის შესაფერისი? ?
- არამსხვრევადი სარკე.
- ნაჭრის სათამაშოები
- მუსიკალური სათამაშოები და საჩხარუნოები
- ხელში დასაჭერი სათამაშოები
როდის დაიძინებს ჩემი შვილი მთელი ღამით უწყვეტად? 4 თვისთვის ზოგიერთ ბავშვს შეუძლია ღამით ჭამაზე უარი თქვას. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები ისევ იღვიძებენ ღამით საჭმელად, რადგან დედის რძეს უფრო სწრაფად ინელებს ჩვილის ორგანიზმი.
როგორ ვლინდება გაუწყლოვანება ჩვილებში? 6 სველ საფენზე ნაკლები დღეში შეიძლება ნიშნავდეს გაუწყლოვანებას. 6-ზე გაცილებით ნაკლები -მწვავე გაუწყლოვანებას. ასევე დააკვირდით, ნაკლები ცრემლით ტირილს, ჩავარდნილ თვალებს და ყიფლიბანდს. თუ გაუწყლოვანება დაკავშირებულია ფაღარათთან, განავალი შეიძლება იყოს თხელი. თუ ღებინებისგანაა გამოწვეული, კუჭის მოქმედება შემცირდება.
როდის დაეწყება ჩემს შვილს კბილების ამოჭრა? ბავშვები განსხვავდებიან კბილების ამოჭრის დროითაც და სიმპტომებითაც, თუმცა პირველი რამდენიმე კბილი შეიძლება ამ თვეშიც გამოჩნდეს. ხანდახან ამ პროცესს თან სდევს გაღიზიანება, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება, ნერწყვდენის გაძლიერება და დასიებული, მგრძნობიარე ღრძილები.
თქვენი ცხოვრება მშობლის როლში
ახალ ბავშვს ოჯახში ბევრი ცვლილება შემოაქვს. ბებიებს, დეიდებს, ბიძებს, ბიძაშვილებს სურთ, რომ ჩართული იყონ ოჯახის ახალი წევრის აღზრდაში. ეს იდეალური დროა, მისცეთ მათ საშუალება იზრუნონ ბავშვზე. დაიხმარეთ ისინი კვების, ბანაობის, თამაშის დროს. ასევე, გაუნაწილეთ თქვენი საოჯახო საქმეები, მაგალითად საყიდლები, დალაგება ან უფროსი შვილების მოვლა.
ახალბედა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რამ არის ის, რომ ძალიან ახლობელ ადამიანებთან ერთად უცხოებიც აძლევენ რჩევებს ბავშვის მოვლა-აღზრდაზე. არასასურველ რჩევებთან გამკლავების სწავლა იოლი არ არის. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის გაზრდაში ერთი „სწორი გზა“ არ არსებობს. მოიძიეთ ბავშვის განვითარებაზე სანდო ინფორმაცია, ჰკითხეთ პედიატრს, რაც გაინტერესებთ და ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს შვილს, რათა მის უნიკალურ პიროვნებაზე მორგებული და თქვენი რწმენებით გაჯერებული გადაწყვეტილებები მიიღოთ კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით.
თქვენი გეგმები ამ თვეში
- მიიყვანეთ ბავშვი პედიატრთან 4 თვის გეგმიური ვიზიტზე და დაგეგმეთ ამ თვის იმუნიზაცია.
- გაიგეთ, როდის უწევს თქვენს პატარას შემდეგი აცრა.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/baby/development/article/4-month-old-baby