Skip to content Skip to sidebar Skip to footer

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული შესაძლებლობას გვაძლევს, ვიფიქროთ იმ საზოგადოებაზე, რომელშიც გვინდა ვიცხოვროთ იზოლაციის შემდეგ და გავაკეთოთ მცირედი იმისთვის, რომ ის უკეთესი გავხადოთ აუტიზმის მქონე ბავშვების, მოზრდილებისა და მათი ოჯახებისთვის.

აუტიზმის შესახებ თითქმის ყველას სმენია. მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, სინამდვილეში რას ნიშნავს – იყო აუტიზმის მქონე ადამიანი. გასულმა წელმა განსაკუთრებული გამოწვევები მოუტანა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებსა და მათ ოჯახებს. 10-დან 9 მათგანმა გვითხრა, რომ პირველი კარანტინის დროს აწუხებდა საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა და 85% -მა თქვა, რომ მათი შფოთვა გაუარესდა.

ჩვენ ყველას შეგვიძლია, უფრო მეტი გავიგოთ აუტიზმზე და გავაკეთოთ ის მცირედი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ყველას, რათა სამყარო ოდნავ მაინც იყოს აუტიზმისადმი მეგობრული. აუტიზმის უკეთესად გაგება საზოგადოებაში ასობით ათასი ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

ჩვენ გვინდა, რომ ყველამ გაიგოს აუტიზმის შესახებ 5 რამ, რაც აუტიზმის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების აზრით, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. 

1. აუტიზმის მქონე ადამიანები შეიძლება გრძნობდნენ შფოთვას ცვლილებების ან დაუგეგმავი მოვლენების გამო.

ბოლო 12 თვის განმავლობაში უამრავი ცვლილება გადავიტანეთ და წარმოიდგინეთ, რა რთული გამოწვევა იყო ეს აუტიზმის მქონე ადამიანისთვის.

რჩევა: ეცადეთ, წინასწარ შეატყობინოთ გეგმებში მომავალი ცვლილებების შესახებ. დააკონკრეტეთ, რა იცვლება, რატომ და რა არის ახალი გეგმა ან წესები.

2. აუტიზმის მქონე ადამიანები შეიძლება იყონ მგრძნობიარე ხმის, სუნის, სინათლის, გემოსა და შეხების მიმართ (ამას ეწოდება სენსორული მგრძნობელობა).

სენსორული მგრძნობელობის გამო პირბადის ტარება  აუტიზმის მქონე ადამიანისთვის შეიძლება კიდევ ერთი სირთულე იყოს.

რჩევა: თუ თქვენს ნაცნობ ადამიანს აქვს სენსორული მგრძნობელობა, ჰკითხეთ მას, რისი გაკეთება შეგიძლიათ მისთვის. მაგალითად, შუქის შემცირება, მუსიკის ხმის დაწევა ან აუტისტი მოსწავლის ან კოლეგისთვის ყურის დამცავი საცობების შეთავაზება საჭიროების შემთხვევაში.

3. აუტიზმის მქონე ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ მკაფიო შეტყობინებები და დრო ინფორმაციის დამუშავებას, როგორიცაა შეკითხვები ან ინსტრუქციები.

COVID-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის სიჭარბე და სწრაფი ცვალებადობა მათთვის დამაბნეველი იყო.

რჩევა: იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ელაპარაკოთ  მკაფიოდ და პირდაპირ, განსაკუთრებით სკოლაში ან სამუშაო ადგილზე და მნიშვნელოვანი ინსტრუქციებისას.

4. აუტიზმის მქონე ადამიანებს შეიძლება სოციალურ სიტუაციებში შფოთვის მაღალი დონე ჰქონდეთ.

პანდემიის დასაწყისში გამოითქვა მოსაზრება, რომ იზოლაცია აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის კარგი იქნებოდა. და ზოგიერთისთვის ასეც იყო. თუმცა, უმრავლესობისთვის ამან გააღრმავა მარტოობის განცდა, რომელსაც ისინი მანამდე განიცდიდნენ.

დარწმუნდით, რომ ძალისხმევას არ  იშურებთ, რათა უზრუნველყოთ აუტიზმოს მქონე თქვენი მეგობრების ან ოჯახის წევრების ჩართულობა ისე, როგორც ისინი თვითონ ისურვებდნენ.

5. აუტიზმის მქონე ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ სხვებთან ურთიერთობა.

აუტიზმის მქონე ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ღელავდეს ურთიერთობების უეცარი ზრდისას გადატვირთულობის გამო და აშფოთებდეს, რომ შეიძლება ბოლოს ისევ მიტოვებული და იზოლირებული დარჩეს.

რჩევა: თუ ვინმე გადატვირთულად გრძნობს თავს, მიეცით სივრცე და დრო, რომელიც სჭირდებათ ძალების მშვიდად აღსადგენად. და, თუ შესაძლებელია, იფიქრეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ მათ დასახმარებლად, მომავალში ნაკლებად გაადატვირთულად რომ იგრძნონ თავი.

ნებისმიერმა ამ ხუთი გამოწვევიდან შეიძლება აუტიზმის მქონე ადამიანი ზღვრამდე ან გადატვირთვამდე მიიყვანოს, ან კრიზისამდე და ჩაკეტილობამდეც კი.

წყარო: www.autism.org.uk