ახალშობილებს აქვთ თანდაყოლილი რეფლექსები
თქვენი ახალშობილი იბადება ფიზიკური რეფლექსებით, რაც მას გარკვეული ილეთების შესრულების საშუალებას აძლევს.
ძუძუს ძიების რეფლექსი. თუ თქვენს პატარას ლოყაზე ან პირზე შეეხებით, ის თქვენი თითისკენ შემოაბრუნებს თავს.
სიარულის რეფლექსი. თუ ბავშვს მხრების ქვეშ ხელს მოკიდებთ და ”დააყენებთ”, ჩვილი თითქოს ნაბიჯებს გადადგამს.
ხელის ჩავლების რეფლექსი. თუ ბავშვს შეეხებით ხელისგულზე, ის მაშინვე ჩაებღაუჭება თქვენს თითს. ეს უკონტროლო ჩაჭიდებაა და ნუ ენდობით, რადგან შესაძლოა მოულოდნელად გაგიშვათ.
წოვის რეფლექსი. ჩაუდეთ თითი თქვენს ბავშვს პირში და ის დაიწყებს წოვას მტვერსასრუტის სიძლიერით. თქვენს პატარას ინსტინქტურად შეუძლია წოვა, მაგრამ ერთდროულად წოვა, სუნთქვა და ყლაპვა დიდ ძალას მოითხოვს, ამიტომ ძუძუთი კვების სასწავლად შეიძლება ცოტა დრო დასჭირდეს.
ბაბინსკის რეფლექსი. თუ ახალშობილს შიშველ ტერფზე თითს გაუსმევთ, ის ცერს აბზეკს და დანარჩენ ოთხ თითს გაშლის.
ახალშობილები სხვადასხვა შეგრძნებებით ცნობენ დედას
ხმა: ჩვილები დედის ხმას დაბადებისთანავე ცნობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არა მხოლოდ ისმენენ საშვილოსნოში, არამედ მათ ახსოვთ მოსმენილიც.
სურნელი: ახალშობილები დედის სურნელს მალევე ცნობენ. რამდენიმე დღეში მეძუძურმა ბავშვმა შეიძლება იგრძნოს განსხვავება დედის რძესა და სხვა რძეს შორის.
სახე: ახალშობილებს შეუძლიათ დაინახონ და განასხვაონ სახეები და ურჩევნიათ დედის სახის ნახვა.
ის, თუ რამდენს ელაპარაკებით თქვენს პატარას, გავლენას ახდენს მის მომავალ წარმატებაზე
თქვენი ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისთვის ყველაზე მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის პირველივე დღიდან მასთან საუბარი – მაგალითად, გაუხმოვანეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ და ხედავთ.
ეს არ იქნება ცალმხრივი. ჩვილიც კი გიპასუხებთ – მაგალითად, თავის შემობრუნებით, შემოხედვით, ხელ-ფეხის სხმარტალით.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ინტენსიურად ელაპარაკებოდნენ ჩვილობაში, აქვთ უფრო მდიდარი ლექსიკა და კარგად განვითარებული ენობრივი უნარები, რაც შემდეგ დადებით გავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებაზე.
აღსანიშნავია, რომ იგივე ეფექტი არ აქვს აუდიოწიგნებს, ეკრანებს ან სხვა ადამიანების დიალოგების მოსმენას.
ნორმალური განვითარების დიაპაზონი ფართოა
ძნელია არ იღელვოთ, როდესაც თქვენი ბავშვი განსხვავებული ტემპით ვითარდება, ვიდრე მისი თანატოლები. თუმცა იმის გამო, რომ ჩვილები ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით ვითარდებიან, ნორმალური განვითარების დიაპაზონი ფართოა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვილების უმეტესობა სიარულს იწყებს 12-დან 15 თვემდე, პირველი ნაბიჯების 18 თვისთვის გადადგმა ნორმად ითვლება. ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს ხშირად უფრო მეტი დრო სჭირდებათ, რათა მიაღწიონ განვითარების ეტაპებს.
ჩვილები სხვადასხვა გზით გადაადგილდებიან
ბავშვის განვითარების ტიპური თანმიმდევრობა დაახლოებით ასეთია: გადაბრუნება, რასაც მოსდევს წამოჯდომა, ხოხვა, წამოდგომა, გადაადგილება რამეზე დაყრდნობით, სიარული და სირბილი. ზოგმა ბავშვმა შეიძლება გამოტოვოს ან გადაანაცვლოს რომელიმე ეტაპი.
სანამ თქვენი ბავშვი სწავლობს სხეულის თითოეული მხარის კოორდინაციას და თანაბრად იყენებს ფეხებსა და ხელებს, ასევე ვითარდება ასაკის შესაბამისად, არ გაქვთ შფოთვის საფუძველი. მაგრამ გაესაუბრეთ თქვენი ბავშვის ექიმს, თუ გაქვთ შეკითხვები თქვენი ბავშვის მოძრაობის ან განვითარების შესახებ.
წყარო: www.babycenter.com