Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი კვლევის ფარგლებში აკვირდებოდნენ 1100-ზე მეტი 18-25 წლის ადამიანის ძილის, ფიზიკური დატვირთვის, დიეტისა და ფსიქიკური  ჯანმრთელობის მონაცემებს. დასკვნა გამოქვეყნდა დეკემბერში ჟურნალ „საზღვრები ფსიქოლოგია“-ში: ხარისხიანი ძილი, ვარჯიში და მეტი ხილისა და ბოსტნეულის მიღება მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნისთვის.

კვლევის შედეგები

კვლევის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნისთვის მნიშვნელოვანია ძილის ხარისხი და არა რაოდენობა. „ძალიან მცირე დროით ძილი (რვა საათზე ნაკლები) და ძალიან ბევრი ძილი (12 საათზე მეტი) ასოცირდებოდა უფრო მაღალ დეპრესიულ სიმპტომებთან და დაბალ ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან. ძილის ხარისხი კი უფრო მეტად ახდენდა გავლენას, ვიდრე რამდენ საათს ეძინათ კვლევაში მონაწილე ადამიანებს“ – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი შეი-რუბი ვიქჰემი.

დეპრესიული სიმპტომები ყველაზე დაბალი იყო მონაწილეებში, რომლებსაც ღამეში საშუალოდ 9,7 საათი ეძინათ, ხოლო ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდა ყველაზე მაღალი იყო მათ შორის, ვისაც ღამეში 8 საათი ეძინა.

მკვლევრების თქმით, ძილის ხარისხისა და ძილის რაოდენობის შემდეგ, “ფიზიკური დატვირთვა და დიეტა  მეორეხარისხოვანია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორებია” კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნისთვის. მონაწილეებმა უპასუხეს შეკითხვებს ფიზიკური აქტივობის  (სპორტის, ვარჯიშის და სწრაფი სიარულის ან ველოსიპედის ტარების ჩათვლით) და ყოველკვირეულ მენიუში ნედლი ხილის, ბოსტნეულის, დამუშავებული (მოხარშული, გაყინული ან დაკონსერვებული) ხილის, დამუშავებული ბოსტნეულის, სწრაფი კვებისა და ტკბილეულის შემცველობის შესახებ.

ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდა ყველაზე მაღალი იყო მათთვის, ვის მენიუშიც დღეში 4.8 ულუფა ხილი და ბოსტნეული შედიოდა, ხოლო მათ, ვინც ორ ულუფაზე ნაკლებს და ასევე რვა ულუფაზე მეტს მიირთმევდა, დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ. ამასთანავე, კვლევის მიხედვით, მენიუ დეპრესიაზე გავლენას არ ახდენდა.

„ხარისხიანი ძილის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას, ჯანსაღ კვებასთან და რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, შეუძლია მოზარდებში კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა. ეს შეიძლება ჯანმრთელობის სამ საყრდენად მივიჩნიოთ“, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი შეი-რუბი ვიქჰემი.

რა თქმა უნდა, ფსიქიკური ჯანმრთელობა მხოლოდ ამ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. ამიტომ, თუ თავს ცუდად გრძნობთ და ხარისხიანი ძილი, ვარჯიში და ჯანსაღი კვება ვერ გეხმარებათ, მიმართეთ სპეციალისტს.

წყარო: www.verywellmind.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5