Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახლად ფეხადგმული ბავშვები აქტიური მეცნიერები არიან. ისინი მუდმივად დატანტალებენ, სწავლობენ გარემოს და როგორც წესი, ძალიან ცნობისმოყვარეები, მოძრავები და სასაცილოები არიან. “დედამ იცის” გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს 1-დან 3 წლამდე ბავშვების განვითარების შესახებ.

1. ამ ასაკის ბავშვები ეგოცენტრულები არიან – ნაკლებად აქვთ სხვა ადამიანების თვალსაზრისის გაზიარების უნარი. ამიტომ ჰგონიათ, რომ გარშემომყოფებიც ზუსტად ისევე ფიქრობენ და აღიქვამენ, როგორც თვითონ.

ცნობილი ფსიქოლოგის ჟ. პიაჟეს ერთ-ერთ ექსპერიმენტში ბავშვს სვამდნენ მაგიდასთან, რომელზეც მოთავსებული იყო მთის მაკეტი და აჩვენებდნენ სხვადასხვა კუთხიდან გადაღებულ მთის მაკეტის სურათებს. პირველად მას სთხოვდნენ, აერჩია ის ფოტო, რომელიც მისი ადგილიდან ჩანდა. ხოლო შემდეგ, ფოტო ისეთი გამოსახულებით, რომელსაც მის პირდაპირ მჯდარი თოჯინა ხედავდა. ბავშვების უმრავლესობას არ გაუჭირდა პირველი ფოტოს მოძებნა, მაგრამ ყოყმანობდა მეორე ფოტოს არჩევისას.

Photo: GIPHY

2. ამ ასაკის ბავშვებს ანიმიზმი ახასიათებთ – სჯერათ, რომ უსულო არსებებსაც ცოცხლების მსგავსი თვისებები აქვთ, მაგალითად დათუნიას შეუძლია გაბრაზდეს.

Photo: GIPHY

3. ამ ასაკის ბავშვებს ჰგონიათ, თუ თვალებზე ხელებს აიფარებენ, მათ გარშემომყოფები ვერ შეამჩნევენ.

Photo: GIPHY

4. ამ ასაკის ბავშვებს, როგორც წესი, საგნის მხოლოდ ერთ დეტალზე შეუძლიათ ყურადღების გამახვილება. მაგალითად, ისინი შეიძლება დააბნიოთ, თუ სხვადასხვა ფორმისა და ფერის სათამაშოებს ერთად აჩვენებთ და სთხოვთ, გაჩვენონ ლურჯი წრე. მაგრამ თუ ცალ-ცალკე ჰკითხავთ: რომელია ლურჯი? რომელია წრე? ისინი უფრო მარტივად გიპასუხებენ.

Photo: GIPHY

5. ახლად ფეხადგმულ ბავშვებს ჰგონიათ, რომ სიარულის დროს ხელებში ნივთების დაჭერით წონასწორობას უკეთ დაიცავენ.

Photo: GIPHY

6. ამ ასაკის ბავშვები ცდილობენ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთონ. ცნობილი ფსიქოლოგი ერიკ ერიქსონი თვლიდა, რომ ადამიანი ცხოვრების მანძილზე გადის ფსიქისოციალურ სტადიებს და თითოეულ სტადიაზე მას ხვდება კრიზისი – ამოცანა, რომელიც მან უნდა გადაჭრას. 18 თვიდან 3 წლამდე ეს არის – ავტონომია, დამოუკიდებლობა სირცხვილისა და ეჭვის წინააღმდეგ. ამ დროს ბავშვები სწავლობენ საკუთარი სხეულის შესაძლებლობების მართვას, მაგალითად ჩაცმას, ჭამას და ა.შ. და ძალიან ემაყებათ, როცა რაიმე გამოსდით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა არ შეარცხვინონ, თუ საფენის გადაჩვევის დროს ბევრჯერ მორწყავს ხალიჩას ან წვნიანი დაეღვრება ჭამის დროს. ნაცვლად ამისა, მშობლებმა მას უნდა მისცენ უფლება – გააკეთოს ის, რაც მას დამოუკიდებლად შეუძლია, შეაქონ ამისთვის, წაახალისონ და ამავე დროს გააკონტროლონ და დაიცვან საფრთხისგან.

Photo: GIPHY

წყარო: ლორა ბერკი. ბავშვის ფსიქოლოგია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5