ბავშვის აღზრდის დროს მნიშვნელოვანია, მშობლებმა და მის აღზრდაში მონაწილე ადამიანებმა შეინარჩუნონ თანმიმდევრულობა. პატარამ წინასწარ უნდა იცოდეს, როგორ უპასუხებთ მის ამა თუ იმ ქცევას. არათანმიმდევრულობამ კი შეიძლება მას დაუცველად აგრძნობინოს თავი. თუმცა, ეს ყოველთვის მარტივი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა უფროსები დაღლილები ვართ ან გვეჩქარება.
ქვემოთ მოცემული 7 რჩევა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა ბავშვების აღზრდის პროცესში:
1. აირჩიეთ პრიორიტეტები. თუ თქვენ მოინდომებთ, დისციპლინის ყველა გამოწვევას ერთად შეეჭიდოთ, შეიძლება იმდენად გადაიტვირთოთ, რომ ვერ შეძლოთ მისი შესრულება. ამიტომ აირჩიეთ ერთი ან ორი, რომელსაც მიჰყვებით ყველა სიტუაციაში. მაგალითად, მაღაზიაში მხოლოდ წინასწარშეთანხმებული პროდუქტების ყიდვა. „ ვიცი, რომ ახლა იმედგაცრუებული და მოწყენილი ხარ, მაგრამ დღეს სათამაშოს ვერ გიყიდი. ხვალისთვის ჩავამატოთ საყიდლების სიაში“.
2. მოემზადეთ გრძელი გზისთვის. 3 კვირა შეიძლება დასჭირდეს ახალ წესთან შეგუებას. ცვლილებებს აუცილებლად შეამჩნევთ, ოღონდ არც ისე სწრაფად. ეცადეთ, შეხედოთ ბავშვის თვალით. მაგალითად, „დედა გვპირდებოდა, რომ თუ ოთახს არ დავალაგებდით, ახალ სათამაშოს არ გვიყიდდა, საბოლოოდ ყოველთვის არღვევდა ამ წესს. ახლა კი ასრულებს თავის დაპირებას. რა ხდება? დავიბენი…“
3. დაუტოვეთ საკუთარ თავს შეტყობინებები. „არ ეკამათო“, „არ დანებდე წუწუნს“, „ესეც გაივლის“ – გამოაკარით ლეპტოპზე, მაცივარზე, გამოსაჩენ ადგილებში. „სიმშვიდე, თანმიმდევრულობა, ზრუნვა“ – აქციეთ მანტრად.
4. შეარჩიეთ შესაფერისი დრო. მაცდურია, დისციპლინის ახალი სტრატეგიის შემოღება დაბადების დღის ან დღესასწაულების დროს, თუმცა უფრო მიაღწევთ წარმატებას, თუ ამისთვის უფრო მშვიდ და პროგნოზირებად დროს შეარჩევთ. ყველას სჭირდება დრო, სტრუქტურა და ნაკლები სტრესი თანმიმდევრულობის სწავლის დროს, განსაკუთრებით თქვენ. ასე რომ, ნუ დაიწყებთ დისციპლინის ახალი მეთოდის გამოცდას, თუ ბავშვს ახალი დედმამიშვილი ჰყავს ან ბაღში ყოფნის პირველი დღეები აქვს.
5. ელოდეთ შეწინააღმდეგებას. თქვენი პატარა მოგიწყობთ გამოცდებს, რაც არ უნდა თანმიმდევრული იყოთ. ან ის მიიღებს თქვენს წესებს მხოლოდ იმიტომ, რომ დაუბრუნდეს ძველ ჩვევებს. არ იდარდოთ – მსგავსი პერიოდული შემოწმებები ნორმალურია. როგორც კი თქვენ მიიღებთ ამ დროებით რეგრესიებს, ისინი ნაკლებად იმედგაცრუებულები დარჩებიან, როცა არჩეული გზიდან არ გადაუხვევთ.
6. ნუ დარჩებით მარტო ამ ბრძოლაში. გახსოვდეთ, რომ დისციპლინის თქვენეული სტრატეგიები უნდა გაითვალისწინონ თქვენმა პარტნიორმა, ბავშვების მასწავლებლებმა, ძიძებმა, ბებია-ბაბუებმა და ა.შ.
7. თუ მოგიწევთ წესების დარღვევა, განუმარტეთ ბავშვს მიზეზი. თუ თქვენ ძალიან დაკავებული ხართ წესის შესასრულებლად – ბავშვი იღებს გზავნილს, რომ ეს წესი არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ამის გამო შეიძლება თავადაც უარი თქვას მის შესრულებაზე. მაგრამ გამიზნული არათანმიმდევრულობაა, როდესაც თქვენ ბავშვს წინასწარ ეუბნებით, რომ ირჩევთ წესიდან გამონაკლისს – ასეთმა ქცევამ შეიძლება უფრო გაამყაროს წესი. მაგალითად: „გაზიანი სასმელი შეგიძლია დალიო მეგობრის დაბადების დღეზე, მაგრამ ყოველდღე სადილზე არა, რადგან დიდი რაოდენობით მავნებელია შენი ჯანმრთელობისთვის“.
წყარო: www.babycenter.com