მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული COVID-19 შემთხვევების და სიკვდილიანობის მზარდი სტატისტიკისა, არიან ადამიანები, რომლებიც არ სჯერათ ახალი კორონავირუსის პანდემიის და არასერიოზულად ეკიდებიან მისი გავრცელებისგან თავის არიდების მეთოდებს, მათ შორის ნიღბების ტარებასა და დისტანციის დაცვას.
ქვემოთ ჩამოთვლილია 7 მითი და სიმართლე კორონავირუსის შესახებ:
მითი #1: კორონავირუსი მხოლოდ ჩვეულებრივი, მორიგი გრიპია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევების დროს, თვით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს არ იყო სეზონურ გრიპზე საშიში ვირუსი, თუმცა უკვე მარტში ჟურნალისტ ბობ ვუდვორდსთან აღიარა, რომ მან იცოდა – COVID-19 უფრო მომაკვდინებელი იყო, ვიდრე გრიპი და სურდა ნაკლებმნიშვნელოვნად წარმოედგინა.
ფაქტი:
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის შეფასებით, გრიპი აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 12,000-დან 61,000-მდე სიკვდილს იწვევს. ამის საპირისპიროდ, COVID-19-ით 8 თვის განმავლობაში 230,235 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ბოლო 10 წლის განმავლობაში გრიპის მიზეზით 201 ადამიანი გარდაიცვალა, ახალმა კორონავირუსმა კი 6 თვეში 215 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია (26 ოქტომბრის მდგომარეობით).
სეზონურ გრიპებს ყოველწლიურად ჰყავს მსხვერპლი, მაგრამ ის, რომ გვაქვს ინფორმაცია და ვაქცინა მათ წინააღმდეგ, ამ დაავადების მართვას აიოლებს. ვაქცინაციის ან გადატანილი ინფექციის გამო, ბევრს ასევე აქვს ნაწილობრივი იმუნიტეტი გრიპის მიმართ, მაშინ როდესაც მსოფლიოს უმეტეს ნაწილს ჯერ არ ჰქონია COVID-19. არა, კორონავირუსი არ არის “მხოლოდ გრიპი”.
მითი #2: კორონავირუსი ხელოვნურად შექმნეს ლაბორატორიაში ჩინეთში.
იმის გამო, რომ ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთში, ვუჰანში გამოჩნდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სხვებმა მტკიცებულებების გარეშე განაცხადეს, რომ ეს ლაბორატორიაში დაიწყო და ზოგიერთი შეთქმულების თეორეტიკოსი მიიჩნევს, რომ იგი შეიქმნა, როგორც ბიო იარაღი.
ფაქტი:
აშშ-ის დაზვერვის სააგენტო ეთანხმება “ფართო სამეცნიერო კონსენსუსს იმის შესახებ, რომ COVID-19-ის ვირუსი არ იყო ადამიანის მიერ გენერირებული ან გენმოდიფიცირებული“.
მითი #3: ნიღბის ტარება საჭირო არ არის.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ავტორიტეტული ორგანოები თანხმდებიან, რომ ნიღაბი ხელს უშლის კორონავირუსის გადაცემას. მიუხედავად ამისა, ბევრმა ადამიანმა (აშშ-ის პრეზიდენტის ჩათვლით) უარი თქვა მის ტარებაზე.
ფაქტი:
ნიღბებს ეპიდემიოლოგები „წყაროს კონტროლს“ უწოდებენ (ავადმყოფი პაციენტის მიერ დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას). Lancet-ში გამოქვეყნებულმა ბოლო ანალიზმა 170-ზე მეტი კვლევა შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ პირბადე ხელს უშლის COVID-19 ინფექციის გავრცელებას. ასევე ფართოდ დადგენილია, რომ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს და გაავრცელოს COVID-19 ისე, რომ არ თავად არ ჰქონდეს სიმპტომები, რის გამოც ყველამ უნდა ატაროს ნიღაბი, რათა ასიმპტომურმა დაინფიცირებულმა ვირუსი არ გაავრცელოს.
მითი #4: მდიდრები იყენებენ ვირუსს ვაქცინებიდან მოგების მისაღებად.
წიგნში და შეთქმულების თეორიის ფილმში „პლანდემია“, ჯუდი მიკოვიცი დაუსაბუთებლად ამტკიცებს, რომ ამერიკის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ენტონი ფაუჩიმ და Microsoft–ის თანადამფუძნებელმა ბილ გეიტსმა შეიძლება გამოიყენონ საკუთარი ძალა COVID-19-ის ვაქცინით სარგებლის მისაღებად. ის ასევე ამტკიცებს, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან მოდის და რომ ნიღბების ტარება “ააქტიურებს საკუთარ ვირუსს”. ვიდეოს რვა მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა სოციალურ ქსელებში, სანამ წაიშლებოდა.
ფაქტი:
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა ადამიანებმა რაიმე სარგებელი მიიღეს კორონავირუსით ან მისი ვაქცინით. სინამდვილეში, ენტონი ფაუჩი პანდემიის განმავლობაში გვაფრთხილებს ვირუსის რისკების შესახებ, გეიტსს კი ქველმოქმედების ხანგრძლივი ისტორია აქვს გადამდებ დაავადებებთან ბრძოლაში. მიკოვიცის პრეტენზიებს ვირუსის წარმოშობისა და ნიღბების არაეფექტურობის შესახებ არ გააჩნია სამეცნიერო მხარდაჭერა.
მითი #5: შემთხვევების მატება გაზრდილი ტესტირების შედეგია.
აშშ-ის პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულების რაოდენობის მატების მიზეზად ხშირად ასახელებდა უფრო მეტი ტესტის ჩატარებას.
ფაქტი:
ეს სცენარი რომ სიმართლე იყოს, დროთა განმავლობაში დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდებოდა. მაგრამ პირიქით, პოზიტიური ტესტების მაჩვენებელი გაიზარდა ბევრ შტატში (მაგალითად, არიზონაში, ტექსასში და ფლორიდაში), რომლებმაც დიდი აფეთქებები განიცადეს გასულ ზაფხულს და ის შემცირდა შტატებში (მაგალითად, ნიუ-იორკში), რომლებიც აკონტროლებდნენ მათ აფეთქებებს. გარდა ამისა, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა შემთხვევებთან ერთად გაიზარდა, რაც მეტ მტკიცებულებას გვაძლევს იმის შესახებ, რომ პოზიტიური ტესტების საერთო ზრდა ასახავდა შემთხვევათა ჭეშმარიტ ზრდას.
მითი #6: თუ ვირუსს მივცემთ გავრცელების საშუალებას, ჯოგური იმუნიტეტი დაიცავს მოსახლეობას.
პანდემიის დასაწყისში, ზოგი ფიქრობდა, რომ დიდი ბრიტანეთი და შვედეთი აპირებდნენ კორონავირუსის გავრცელებას მოსახლეობაში, სანამ არ მიიღებდნენ ჯოგურ იმუნიტეტს. (ორივე ქვეყნის მთავრობამ უარყო, რომ ეს მათი ოფიციალური სტრატეგია იყო, მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომ გვიან გამოაცხადა სრული კარანტინი, შვედეთმა კი თავი აარიდა ფართო შეზღუდვებს).
ფაქტი:
ექსპერტების შეფასებით, ჯოგური იმუნიტეტისთვის მოსახლების დაახლოებით 60-70% უნდა დაავადდეს კორონავირუსით. დაავადების მაღალი სიკვდილიანობის გათვალისწინებით, ეს გამოიწვევს ბევრი ადამიანის სიკვდილს, როგორც 1918 წლის გრიპის პანდემიის დროს, როდესაც მინიმუმ 50 მილიონი ადამიანი დაიღუპა. გაერთიანებული სამეფო COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. თავის მხრივ, შვედეთში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში და მისი ეკონომიკაც დაზარალდა კარანტინის არარსებობის მიუხედავად.
მითი #7: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ იქნება უსაფრთხო.
შეთქმულების თეორიები მომავალი ვაქცინების შესახებ გავრცელდა ანტივაქსერულ ჯგუფებში და ვირუსულ ვიდეოებში. „პლანდემიაში“ მიკოვიცი აცხადებს, რომ COVID-19-ის ნებისმიერი ვაქცინა “მილიონებს მოკლავს” და რომ სხვა ვაქცინებმაც გააკეთეს ეს. შეთქმულების კიდევ ერთი თეორია ემყარება სასაცილო დაშვებას, რომ გეიტსს აქვს საიდუმლო გეგმა, რათა გამოიყენოს ვაქცინები ადამიანებში სათვალთვალო მიკროჩიპების ჩასადებად.
ფაქტი:
ვაქცინები ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს იცავს სიკვდილისგან. ვაქცინის დამტკიცებამდე აშშ-ში მან უნდა გაიაროს კლინიკური გამოკვლევის სამი ეტაპი, რომ აჩვენოს, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ადამიანთა დიდ ნაწილში. COVID-19 ვაქცინის წამყვან კანდიდატებს ამჟამად ათობით ათასი ადამიანის ტესტირებით ცდიან.