ის მოგჩერებიათ თვალებში: ახალშობილებს მოსწონთ სახეების ყურება, თქვენი სახე კი მისი ფავორიტია. ეს მზერა მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტინქტია, რომელიც მასზე მზრუნველი ადამიანის სიყვარულის და ყურადღების მოპოვებას ისახავს მიზნად. ამასთან ერთად, ეს მისი თქვენდამი სიყვარულის დასაწყისიცაა – ის ხვდება, როგორი მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში.
ის ცნობს თქვენს სუნს: თქვენი ახალშობილისთვის არაფერს აქვს ისეთი ტკბილი სუნი, როგორც თქვენ. თუ ძუძუთი კვებავთ, 1 კვირის პატარაც კი მოაბრუნებს თავს დედის რძის სუნით გაჟღენთილი მაისურისკენ. რადგან ეს მისი საყვარელი სუნია.
ის გიღიმით: და ამ გზით გეუბნებათ: „მიყვარხარ“.
ის გელაპარაკებათ: თქვენი პატარას ყველაზე ადრეული ხმები თქვენკენ ან მასზე მზრუნველი სხვა ადამიანისკენაა მომართული. ის არ ლაპარაკობს თავისთვის, ის თქვენ გიწვევთ სასაუბროდ. აუცილებლად უპასუხეთ და ამით საფუძველს ჩაუყრით ნამდვილი დიალოგის ჩამოყალიბებას.
მას უნდა, რომ ახლოს იყოთ: დაახლოებით 6 თვისთვის, თქვენ შეამჩნევთ, რომ ის უკმაყოფილოა თქვენი ოთახიდან გასვლით. მან შეიძლება ამ დროს ტირილიც დაიწყოს, ხოლო როცა დაბრუნდებით, ღიმილით შეგხვდებათ. ეს მზარდი მიჯაჭვულობის ნიშანია და კარგია თქვენი ურთიერთობისთვის.
ის იზიარებს თქვენს ინტერესებს: თუ ყურადღებით დააკვირდებით, თქვენი პატარა იმეორებს ყველაფერს, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. ამას ერთობლივი ყურადღება ეწოდება და როგორც წესი, 9-12 თვის ასაკიდან იწყება (თუმცა, შესაძლოა უფრო ადრეც დაიწყოს). ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენი პატარა აფასებს იმას, რასაც თქვენ აქცევთ ყურადღებას.
ის თქვენ ფარად გიყენებთ: არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი პატარა თავს თქვენს მკერდში ჩარგავს, როცა ოთახში ვინმე უცნობი შემოვა. „უცნობი ადამიანის მიმართ შფოთვა“ განვითარების ეტაპია და ამ დროს თქვენთვის დაცვის თხოვნა ნიშნავს, რომ მას უყვარხართ და გენდობათ, იცის რომ მასთან დაცულად იქნებით.
წყარო: www.babycenter.com