“დედამიცისს” ესაუბრება ექიმი მაკა ლომიძე.
ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ინტერნეტში. პედიატრი მაკა ლომიძე გვპასუხობს შეკითხვებზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აინტერებთ ვაქცინაციის შესახებ.
არსად მსოფლიოში არ არსებობს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საზოგადოდ აცრის და კონკრეტულ შემთხვევაში COVID-19-ს საწინააღმდეგო აცრის ჩატარების წინ, საჭიროა კონკრეტულად რაიმე კვლევის ჩატარების აუცილებლობა.
აცრა რეკომენდებულია როგორც ჯანმრთელი, ისე რაიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. მეტიც, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, თირკმელების, დიაბეტი და სხვ.) მქონე პირები მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფს SARS-CoV2 –ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, გართულებების ალბათობის თვალსაზრისით და ვაქცინაცია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საჭიროა თუ არა D-დიმერის ანალიზი აცრის წინ?
არა, D-დიმერი არ არის რაიმე მდგომარეობის სპეციფიკური მაჩვენებელი და ვაქცინაციამდე ამ ანალიზის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.
საჭიროა თუ არა ანტისხეულების განსაზღვრა აცრის წინ?
SARS-CoV-2 ანტისხეულების ტესტით დგინდება უკვე გადატანილი ინფექცია ანუ ამ გზით შესაძლებელია იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც შესაძლებელია უკვე იყო ინფიცირებული ვირუსით და/ან უკვე გამოჯანმრთელდა სიმპტომური ინფექციის გადატანის შემდეგ. ამ დრომდე, მეცნიერებისათვის არ არის ნათელი, ნიშნავს თუ არა სისხლში ანტისხეულების არსებობა იმას, რომ თქვენ დაცული ხართ COVID-19-ისგან და თუ დავუშვებთ, რომ დაცული ხართ, არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ეს დაცვა ანუ იმუნიტეტი.
ამიტომ, აზრს მოკლებულია, ვაქცინაციის წინ, SARS-CoV-2 ანტისხეულების განსაზღვრა იმის გასარკვევად, გაქვთ თუ არა გადატანილი ( ვთქვათ, უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში) ან დაგრჩათ თუ არა ანტისხეულები სიმპტომური ინფექციის გადატანის შემთხვვევაში.
კიდევ ერთხელ: ანტისხეულები გიცავთ იგივე ინფექციით დაავადებისაგან რაღაც დროის განმავლობაში. თუმცა, რამდენ ხანს გრძელდება ეს დაცვა ( იმუნიტეტი), მკვეთრად განსხვავებული შეიძლება იყოს, როგორც სხვადასხვა დაავადების, ისე ინდივიდის შემთხვევაში. შესაბამისად, არც COVID-19- ის ვაქცინაციამდე და არც ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების კვლევა არ არის რეკომენდებული.
საჭიროა თუ არა კოვიდის ტესტის გაკეთება ვაქცინაციის წინ?
არა, ვაქცინაციამდე ვირუსზე ტესტირება არ არის რეკომენდებული. ტესტირება და/ან იზოლაცია საჭიროა თუ ვაქცინაციამდე უკვე გამოგივლინდათ ინფექციის სიმპტომები (ტემპერატურის მატება, ხველა, თავის და კუნთების ტკივილი ა.შ.) ან გქონდათ კონტაქტი დადასტურებულ ინფიცირებულთან.
არის თუ არა რკინადეფიციტური ანემია ვაქცინაციის უკუჩვენება?
ჩვენთან გავრცელებული მცდარი რეკომენდაციის მიუხედავად, საზოგადოდ, რკინადეფიციტური ანემია არ წარმოადგენს ვაქცინაციის და მათ შორის არც COVID-ის საწინააღმდეგო აცრის უკუჩვენებას.