პლატფორმას “დედამიცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე.
რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ადაპტაციის ხანგრძლივობა ბავშვის ბაღში მიყვანის დროს და როგორ შევუმსუბუქოთ ეს პერიოდი?
საბავშვო ბაღში შესვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და ეტაპია როგორც ბავშვის, ასევე მშობლის ცხოვრებაში. ნებისმიერი ასეთი მოვლენა კი თავისთავად სტრესთანაცაა დაკავშირებული.
საუკეთესო ასაკი ადაპტირებისთვის და ზოგადად ბაღში შესაყვანად ინდივიდუალურია. თუმცა, არის მოსაზრება, რომ 3 წელი ყველაზე კარგი ასაკია, რადგან ბავშვის იმუნური სისტემა მზადაა ავადმყოფობასთან შესაბრძოლებლად. მოგეხსენებათ, ბაღის პერიოდში ხშირია სხვადასხვა ვირუსთან შეხვედრა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პერიოდში ადგილი აქვს 3 წლის ასაკობრივ კრიზისს და ამას როდესაც ემატება ადაპტაციის პერიოდი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ადვილად გადაილახოს, ზოგში კი ძალიან ძნელად.
ამიტომ, რეკომენდებულია, რამდენად ადვილად გადააქვს ბავშვს ეს კრიზისი. აქვე დავამატებ, რომ ეს კრიზისი იწყება 2,5 წლიდან და გრძელდება დაახლოებით 5 წლამდე. თუკი კვლავ გაგრძელდა, შეიძლება ბავშვი უბრალოდ მანიპულირებდეს მშობლებზე.
არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელზეც დამოკიდებულია ადაპტაციის ხანგრძლივობა. ეს ფაქტორებია: ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარების დონე, ზრდასრულებთან და თანატოლებთან კომუნიკაციის უნარი, საგნებით თამაშის ფორმირებულობა და სახლის რეჟიმის მსგავსება (მიახლოებულობა) საბავშვო ბაღის რეჟიმთან.
მნიშვნელოვანია, მშობლებს გავუმეოროთ, რომ ნებისმიერი ბავშვის ქცევის დროს თავად ისინი არიან მაგალითები. დააკვირდნენ თავიანთ თავს, ქცევებს, თვისებებს, ოჯახში არსებულ სიტუაციას. ბავშვები ყოველთვის მოდელებით სწავლობენ. აგრესიის დროსაც მნიშვნელოვანია მშობლები დიდ დროს უთმობდნენ შვილს, ეთამაშებოდნენ, ელაპარაკებოდნენ, მასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. მშობლებმა თამაშის დროსაც უნდა მისცენ მაგალითი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ჯანსაღად – როლური თამაშები თოჯინების, ფუმფულა სათამაშოების, მანქანების მეშვეობით.
ამით ბავშვს ვასწავლით სწორ კომუნიკაციას და შესაბამისად, ქცევის დარღვევის პრობლემაც უკან დაიხევს.
კარგი პრაქტიკაა ფსიქოლოგმა ადაპტაციის წინა პერიოდისთვის დაგეგმოს ჯგუფური მუშაობები – არტ-თერაპიული სამუშაოები, განმავითარებელი თამაშები, სახალისო აქტივობები. ამ ყველაფერში მონაწილეობა უნდა მიიღონ მშობლებმაც, ისინი პერიოდულად უნდა ჩამოშორდნენ ბავშვებს ამ აქტივობების დროს და თანდათან გაზარდონ დატოვების დრო. ასე პატარა ნელ-ნელა ეჩვევა დამოუკიდებლობას, ინტერესდება გარემოთი და იფართოებს საკომუნიკაციო არეალს, სანაცნობო წრეს.
რთული ადაპტაციის მიზეზები შეიძლება იყოს: სახლის და ბაღის განსხვავებული რეჟიმი, ბავშვის თავისებური ჩვევები, სათამაშოებით თამაშის უნარის არქონა, ელემენტარული კულტურულ-ჰიგიენური უნარ-ჩვევების ჩამოუყალიბებლობა და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის გამოუცდელობა.
ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებს მოსწონდეთ საბავშვო ბაღი, თავდაპირველად ბავშვთან ერთად დაათვალიერონ იქაურობა, გაიცნონ კოლექტივი.
ასევე, ძალიან დიდი როლი აქვს იმას, თუ რამდენად არიან თავად მშობლები მზად ბავშვის ბაღში გასაშვებად.
როდესაც ბავშვს ძალიან უჭირს დედასთან განშორება შესაძლებელია შევთავაზოთ, რომ ბავშვი ბაღში მიიყვანოს მამამ, ბებიამ, ბაბუამ…
რთული ადაპტაციის დროს, სასურველია თავდაპირველად მშობელი ახლოს იყოს ბავშვთან, შემდეგ ნელ-ნელა გაზარდოს დისტანცია. თავიდან 2 საათით დატოვოს ბაღში და გაზარდოს დატოვების დროც.
ბაღში შეყვანამდე კი სასურველია, მშობლებმა გარკვეული პერიოდულობით ბავშვი დაუტოვონ ხოლმე მათთვის ახლო და სანდო ადამიანებს, უთხრან ბავშვს, რომ დედიკო და მამიკო ცოტა ხნით საქმეზე წავლენ და აუცილებლად დაბრუნდებიან. აქაც, თავდაპირველად შეიძლება 5 წუთით დატოვონ და მოაკითხონ, შემდეგ 15 წუთით და ა.შ. ამით ბავშვი დარწმუნდება, რომ მშობლები არ ატყუებენ და ისინი ყოველთვის ბრუნდებიან.
მშობლებს ასევე ვურჩევდი, ბაღში შეყვანამდე, ბავშვი მაქსიმალურად მიაჩვიონ დამოუკიდებლობას და მათ ნაცვლად არ აკეთონ ყველაფერი.