Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სასწავლო წელი დაიწყო და ბაღებთან ადაპტაციის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.  პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ექიმი, კლინიკური ფსიქოლოგი ირინა სელეპანოვა, რომელიც მშობლებს საჭირო რჩევებს მიაწვდის. 

როდის არის ბავშვი მზად ბაღისთვის

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თუ არის ამის შესაძლებლობა, უნდა მიჰყვეთ თქვენი შვილი განვითარებას, მზაობას და ა.შ. 

გადაწყვეტილების მიღებისას არავის მოუსმინოთ თქვენი შვილისა და თქვენი მეუღლის აზრის გარდა.  თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა სჭირდება თქვენს შვილს ამ ეტაპზე. არ მიიყვანოთ/მიიყვანოთ იმის გამო, რომ ვიღაცამ თქვა და გირჩიათ, რომ მეზობლის/ნათესავის ბავშვი უკვე დადის ან იმიტომ, რომ ადრე 3 თვიდან იწყებოდა ბაგა-ბაღი.

არსებობს მოსაზრება, რომ სამ წლამდე ბაღში ბავშვის მიყვანა სჭირდება მშობელს და სამი წლის მერე – ბავშვს, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა 3 წლის ბავშვი მზად არის ამისთვის. ზოგი 2-2,5 წლიდან, ზოგი 3,9 და ა.შ. 

მოამზადეთ თქვენი შვილი ბაღისთვის, ელაპარაკეთ, აუხსენით. მან ზუსტად უნდა იცოდეს, რომ თქვენ მას არ ტოვებთ, მიგყავთ და აუცილებლად წამოიყვანთ უკან (ხშირად ორი წლის ბავშვს უჭირს ამის გააზრება და დაჯერება).  

ბაღში უნდა შევიდეს ბავშვი გაცნობიერებულად, ხალისით, უნდა უხაროდეს იქ მისვლა. ამ შემთხვევაში ბაღი იქნება კარგი მისთვის. ბაღში საუკეთესოდ ვითარდება კოგნიტური, სოციალური და სხვა უნარები.

თუ ისტრესება, ტირის, ავადობს,  თენდება და ღამდება ბაღზე ნერვიულობით – ეს ბავშვისთვის არ არის კარგი, არანაირი “იტირებს და გაჩერდება”, “თავიდან ყველა ტირის”, “მეც/ჩემებიც ასე იყვნენ”.

დასაშვებია, დილით 15-25 წთ ბაღში შეყვანის პროტესტი, რომელიც მალევე მთავრდება და ბავშვი კარგად გრძნობს თავს ბაღში, თავიდან მცირე დროით მიიყვანეთ და ნელ-ნელა გაზარდეთ დრო, არ იჩქაროთ, გაახალისეთ, შეაქეთ, გახადეთ საბაღო პერიოდი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად (და არა ბავშვობის ტრავმად).

P. S. : ყოველთვის მოუსმინეთ თქვენს შვილს, როცა (ადაპტაციის პერიოდის გავლის შემდეგ) უცბად დაიწყებს მიზეზების ძებნას იმისთვის, რომ ბაღში არ წავიდეს.  ჩაეკითხეთ, მოუსმინეთ, რატომ არ მოსწონს. ეცადეთ, დაეხმაროთ პატარა, მაგრამ მისთვის დიდი პრობლემის მოგვარებაში.

როგორ ვიქცევით, თუ არ გამოდის ადაპტაცია

თუ არ გამოდის ადაპტაცია, ეს იგი ბავშვი არ არის მზად.  უნდა გადავდოთ ადაპტაციის პროცესი მინიმუმ ორი კვირით. სასურველია, სანამ ბაღში მივიყვანთ, მაქსიმალურად დეტალურად ავუხსნათ რა ელოდება, გავასეირნოთ ხოლმე ბაღთან ახლოს და ვაჩვენოთ, რომ შუადღის  ძილამდე/სადილის შემდეგ/საღამოს ყველა ბავშვი მიდის სახლში მშობელთან. ბაღში არავინ რჩება. ასევე ელაპარაკეთ, რას გააკეთებთ ბაღის მერე, რათა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად წამოიყვანთ უკან. თავიდანვე თუ კარგად შევა ბაღში, მაინც მიეცით დრო შესაგუებლად. არ დატოვოთ მთელი დღით, ნელ-ნელა გაუზარდეთ ეს დრო. სასურველია თავიდან შუადღის ძილამდე გამოიყვანოთ.

ასევე გავრცელებულია აზრია, რომ ბაღამდე/სექტემბრამდე “საწოვარას/ძუძუს/საფენს უნდა გადავაჩვიო, უფრო გაუჭირდება”. ეს მიდგომა არ არის სწორი, რადგან ბაღი – ახალი გარემო, ისედაც სტრესია, ამიტომ ან უნდა გადავაჩვიოთ გაზაფხულზე ან გადავდოთ ეს პროცესი და დავუბრუნდეთ მაშინ, როცა წარმატებით გაივლის ადაპტაცია. 

როდის არის მიზანშეწონილი ბაღში ადრე მიყვანა

ხშირად მეკითხებიან ამას. პირველ რიგში, როცა ბავშვი განვითარების თამაშისა და სეირნობის მაგივრად “ერთობა” და დროს ატარებს ეკრანთან (ბაღის ასაკის ბავშვებთან ეკრანის დროის მინიმიზაცია უნდა მოხდეს, 15-30წთ მაქსიმუმ). 

მეორე – როცა სხვადასხვა მიზეზების გამო ბავშვს უვლის პიროვნება, რომელსაც არ შეუძლია დააკმაყოფილოს ბავშვის ასაკობრივი მოთხოვნილებები, მოგეხსენებათ ამ ასაკის ბავშვებს აქვთ ძალიან ბევრი ენერგია, სულ სჭირდებათ მოძრაობა, გასეირნება და ა. შ.

მესამე – როცა მშობელს აღარ აქვს ადამიანური რესურსი და ხშირად უბრაზდება ბავშვს, ჯობია ბავშვის ბაღში შეყვანა. ამ შემთხვევაში ვურჩევ მცირე დროით, ნახევარი დღით, რომ მშობელმაც მოახერხოს ძალების აღდგენა და შემდგომში ბავშვთან ხარისხიანად დროის გატარება. (თუ მშობელი და ბავშვი 24 საათი არიან ერთად, მაგრამ ბავშვი არის ეკრანთან და მშობელი აკეთებს სახლის ან სამსახურის საქმეებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობელი ბავშვთან ხარისხიანად ატარებს დროს). 

ასევე ბავშვის ბაღში შეყვანა რეკომენდებულია მაშინ, როცა აქვს განვითარებისა და/ან მეტყველების ეტაპების დაყოვნება. 

ბაღში შეყვანისას მთავარია მოუსმინოთ თქვენს შვილს და დაეხმაროთ მას ცხოვრების ახალ ეტაპზე თავდაჯერებულად გადასვლაში.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5